ბეგარა "ბომონდურად" - კვირის პალიტრა

ბეგარა "ბომონდურად"

რამდენი დღის წინ ქუთაისში საოცარი რამ აღმოვაჩინე, სამშობიაროში პაციენტთან მნახველს მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებენ, თუ ლარს გადაიხდის. არ გჯერათ?

ნათესავს პატარა, ლამაზი შვილი შეეძინა. მე სანახავად წავედი. ვიცოდი, რომ ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე, თურმე ქუთაისში საუკეთესოდ აღიარებულ სამშობიროში "ბომონდში" უნდა მივსულიყავი. ასეც მოვიქეცი. საღამო ხანს გაბადრულმა შევაღე კარი და კიბისკენ გავწიე. სად მიბრძანდებით? იმერულ კილოზე დამაწია კითხვა თეთრხალათიანმა ქალმა, რომელიც იქვე, ჰოლში განთავსებული აფთიაქიდან გამოვიდა. ვუთხარი პაციენტის გვარი, ერთჯერადი (თუმცა, ერთი შეხედვისთანავე ემჩნეოდა, რომ მრავალჯერ იყო გამოყენებული) ხალათი მომაწოდა. მოვიცვი და მშვიდად ავუყევი კიბეს.

ლარი გადეიხადე, სად მიდიხარ? შეიცხადა ქალმა. რა ლარი? აქეთ მეც შევიცხადე. აქანე შესვლა ერთი ლარი ღირს, თქვენ პირველად ხართ? - შემომხედა წარბაწეულმა სათვალის ზემოდან. გავოცდი, მაგრამ საფულედან ოცლარიანი ამოვიღე და გავუწოდე. ეგი რაია? ხურდა არ გაქვს? სავადმყოფოში რომ მოდიხარ, ფული არ უნდა გქონდეს თან? - გადატრიალ-გადმოატრიალა ფული და უკან მომაწოდა. კარგად დავხედე ოც ლარიანს, მერე ქალბატონს მხნედ გავუსწორე თვალი და ცნობილი კინოგმირივით ხელში ქაღალდის კუპიურა მომარჯვებულმა ვკითხე, არის თუ არა ეს ფული? აგი კი არის ფული, მაგრამ ხურდა უნდა იქონიო აქანა. - მითხრა დამრიგებულური კილოთი. ვახ, ხასიათის გაფუჭება არ მინდოდა, ახალნამშობიარევი ბედნიერი დედა უნდა მენახა და არ მინდოდა ნეგატიური ენერგია მიმყოლოდა მასთან. ქალს ვურჩიე, რომ ფული დაეხურდავებინა როგორმე, ან გავეშვი. ვერ გაგიშვებ, შესვლა ფასიანია, - გამიმეორა ჯიუტად. ისევ ახალბედა დედის ხათრით მოვთოკე ნერვები და ჩანთის და საფულის კუთხე-კუნჭულები მოვქექე. როგორღაც 80 თეთრამდე შევაგროვე ხურდა. ინებეთ ქალბატონო, ოცი თეთრი მექნება თქვენ ვალი და ხვალ გაგისტუმრებთ-მეთქი, ფული გავუწოდე და ჩეკი მოვთხოვე. რაის ჩეკი გინდა, ახლა ღამეა, დეიკეტა კასა და აღარც გათამაშებაა. აღარ ვარგა მაი ჩეკები (აშკარად ეგონა, რომ ისევ იქ ვიყავი `ჩარჩენილი~ მომგებიან ჩეკებში) - მომიგო სხარტად.მოკლედ, არანაირ გზას არ მიტოვებდა გარდა იმისა, რომ თავი დამნაშავედ მეგრძნო, - ხურდა ფული თან არ ვიქონიე, ისიც არ ვიცოდი, რომ ლარი უნდა გადამეხადა და თან საღამოს კასა რომ იხურებოდა, ესეც არ გავითვალისწინე. ჯანდაბას შენი თავი-მეთქი, გავიფიქრე და კიბეს ავუყევი.

მეორე დღეს მომზადებული მივედი, რკინის ლარიანით, დილის 12 საათი იყო, წესით "კასას" უნდა ემუშავნა. ჭუჭყიანი, კვლავ მრავალჯერ გამოყენებული ერთჯერადი დანიშნულების სამედიცინო ხალათი მომაწოდეს და მიმასწავლეს, მესამე სართულზე უნდა ახვიდეო. ჩეკი მომეცით-მეთქი, მოვითხოვე მშვიდად. ქალმა (ამჯერად სხვა იყო) თაბახის ფურცელზე დაბეჭდილი, გაურკვეველი დანიშნულების ფურცელი მომიხია და მომაწოდა. ეს რა არის-მეთქი? ჩეკი არ გინდოდა? ა, ბატონო ჩეკი. - ამიხსნა მრავლისმცოდნე სახით. ქაღალდის პაწია ფურცელს არც საავადმყოფოს დასახელება ეწერა, არც ბეჭედი, ან რაიმე იდენტურობის დამადასტურებელი ნიშანი ჰქონდა. ეს რა არის, ხელი მომიწერეთ და ბეჭედი დამისვით, რომ ფული ნამდვილად თქვენთან გადავიხადე-მეთქი. ბეჭედი ჩვენ არ გვაქვსო, დაიბნა ქალი და სასწრაფოდ, დაბნეულმა მომიწერა ხელი. ეს ჩეკი არ არის ქალბატონო, შევეცადე ამეხსნა მისთვის, კიდევ უფრო დაბნეულმა მიპასუხა, რომ დირექცია აძლევს ამ ქაღალდებს, თუ ვინმე მოსთხოვს, იმ შემთხვევაში გასაცემად. სამწუხაროდ, სამშობიაროში ჩემი 4-ჯერ მისვლის ყოველ ჯერზე მხოლოდ მსგავს ქაღალდის ნაგლეჯს მაძლევდნენ ჩეკის სახით (შენახული მაქვს) და სულაც არ ეტყობოდათ შეშფოთება იმის გამო, რომ ვიღაც შემოსავლების დამალვის მცდელობაში შეედავებოდათ.

"ბომონდში" ჩემი გაოცება მხოლოდ ამით არ დასრულებულა. ჩემს ნათესავს ბავშვისთვის ძუძუს წოვება გაუჭირდა და მასაჟისტი დასჭირდა. რაზეც უპასუხეს: მასაჟისტი სოფელში წასულა შაბათ-კვირის გამო და ალბათ სამი დღე არ იქნებაო. სამი დღის შემდეგ კი გაეწერებოდა ქალი სამშობიაროდან?! როდესაც გავიკვირვეთ, როგორ ერთი მასაჟისტი თუ წავიდა, მეორე სად არის-თქო? მშვიდად აგვიხსნეს, მეორე არ გვჭირდება-ხოლმეო. არადა, ფაქტი იყო, დაგვჭირდა. რახან ასეა საქმე, ჩვენ მოვიყვანთ მასაჟისტს-მეთქი, შევთავაზე სამედიცინო პერსონალს. ეგ როგორ შეიძლება? უცხო პირს სამშობიაროში ვერ შემოვუშვებთო. როგორც იტყვიან, ჩავრიეთ ხალხი საქმეში, მოვაკვარახჭინეთ საკითხი იმერულად და მასაჟისტი გარედან მივიყვანეთ. დედაც დამშვიდდა და მისი პაწიაც, რძე რომ კარგი ნაკადით წამოვიდა, მაგრამ მე ვერ მოვისვენე.

რა ჰქვია ამ ყველაფერს? სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება? სადაც პაციენტის ნახვა ფასიანია და მასაჟისტი და შესაძლოა სხვა სპეციალისტებიც თითო-თითო ჰყავთ და სანამ ისინი სოფელს, მთას და ზღვას მოივლიან პაციენტებმა ტკივილი უნდა ითმინონ? განსაკუთრებით აღვშფოთდი, როდესაც ქუთაისელმა ქალებმა დამცინეს, "ბომონდში" რა გაგიკვირდა, სხვა სამშობიაროებში პაციენტის ნახვა ორი ლარიც ღირსო. ვითომ კანონიერი შემოსავალია ეს ფული, წესისამებრ იბეგრება და "ლევად" არ მიდის? ასეც რომ იყოს, რა წესია პაცინეტის მონახულებით ვაჭრობა? ან კიდევ ”ბომონდი” თუ საუკეთესო კლინიკაა, წარმოგიდგენიათ დანარჩენი საავადმყოფოები როგორია ქუთაისში?