ჩვენ უნიათო და მშიშარა ერი ვართ!
24-09-2013
ჩვენ უნიათო და მშიშარა  ერი ვართ!
ეს მიმართვა ეკუთვნის ყველას, ვინც ტექსტში თავის თავს ამოიცნობს, ან ვერ ამოიცნობს, მაგრამ გაბრაზდება და არ ეტკინება, რომ თვითონ თუ არა, მის გვერდით არიან უნიათოები და მშიშრები და არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სარკე მიუტანოს და დაანახოს რა დღეში ვართ. მეც ერთ-ერთი თქვენთაგანი ვარ, მაგრამ მაგრად ამომასხა ყელში ტკივილმა და თუ გადაგდებთ, ბედნიერი ვიქნები.

გუშინ, საღამოს ”სოროსის ფონდის” ოფისში ვნახე ოსკაროსანი ფილმი ”ხუთი დამსხვრეული კამერა.” ეს არის დოკუმენტური კინო პალესტინელებზე, ერთი
პატარა სოფლის მოსახლეობაზე, რომელმაც ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებას (ფილმში ასე სჩანს) სოფელში სასაზღვრო ტიპის კედლის აღმართვის შესახებ განუწყვეტელი დაიპირისპირებით უპასუხა.სოფლის მოსახლეობა წლების განმავლობაში იბრძოდა მშვიდობიანად, საპროტესტო აქციებით, რომელთაც ისრაელელი ჯარისკაცები არბევდნენ. დაიხოცნენ უდანაშაულო, მშვიდობიანი, უბრალოდ თავისი უფლებების დამცველი ადამიანები, მაგრამ ამან კიდევ უფრო გააძლიერა მშვიდობიანად ბრძოლის
ჟინი დანარჩენებში. იბრძოდნენ ბავშვებთან ერთად, მათ თვალწინ კვდებოდნენ, რომ პატარებს სიყრმის ასაკიდანვე სცოდნოდათ, რატომ არ უნდა დაეთმოთ მიწა, რომელიც მათ კვებავდა.

ფილმის ჩვენების პროცესში ერთბაშად ვიგრძენი ტკივილი, სირცხვილი, უნიათობა, ის, რომ ვიყავი მშიშარა და უვარგისი, რომელიც თმობს მიწას საქართველოს ყოველ კუთხეში, ყოველ ნაბიჯზე, - დიცში რუსები ყოველ დილა, საღამო, შუადღეს აჩოჩებენ მავთულხლართებს ქართული იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე. ამ დროს ოფიციალური თბილისი, როგორც წლების განმავლობაში, მხრებს იჩეჩავს, რა ვქნათო? დახმარებას სთხოვენ უცხოელ კოლეგებს და შემდეგ მათთან ერთად ან ცალ-ცალკე შფოთავენ, ისიც, სავარაუდოდ კამერების წინ.
ხალხი? ხალხს ფეხებზე კიდია, ეს საზღვარი ხომ მის ეზოს არ ეხება? თუ ეხება მერე რა? დღეს საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაშია, ხვალ რუსეთის წიხლქვეშ იქნება და იცხოვრებს მშვიდად. თავს კი იმით გაიმართლებს, რომ მთავრობა მაინც არასოდეს არ არის მისთვი, რუსი კი შეჩვეული ჭირია. იცხოვრებს როგორც ანექსირებულ ტეიროტირაზე, როგორც მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და იქიდან საქართველოს ხელისუფლებას ათასგზის დახმარებასა და შემწეობასაც მოსთხოვს.
ისე, ცნობისთვის, იმას, რასაც მთავრობას თხოვთ, ჩემი, ჩვენი ქვია, იმათი, ვინც ვმუშაობთ, რაღაცას ვქმნით და ამ გარჯის საფასურად მიღებული გასამრჯელოდან გადასახადებს ვიხდით, ამისგან შედგება ბიუჯეტი დაქცეულ საქართველოში, სადაც ეკონომიკა პირობითად ვითარდება. ტყე-ღრე, მთა-ბარ სოფელ-ქალაქ ხეტიალის (საქმიანი) დროს ვერსად ვნახე სულიკოსავით წარმოსახვითი, განვითარებული ეკონომიკა. ეგ კი არა, გზაც, წინა მთავრობა რომ თავს იწონებდა და ახალი მთავრობაც რომ აგრძელებს მის გაყვანას, ალბათ მომავალში თავმოსაწონებლად, საქართველოს ერთი ბოლოდან მეორემდე გადის, საკმარისია გზიდან გადაუხვიო, ვერ გაიგებ დაჯღრეულ გზებზე მიმავალი ნავში ზიხარ თუ ავტომობილში. ნავიც რა მოსატანია?! წყლის ზედაპირზე სასიამოვნოდ მაინც ირწევი და გვერდები არ გეგნგრევა როგორც სოფლებისკენ ოღრო-ჩოღრო, კომუნისტების დროს დაგებულ ასფალტშერჩენილ გზებზე.

მოკლედ, ხალხს ფეხებზე კიდია რა ხდება დიცში, რადგან საბჭოთა საქართველოში დაბადებულ-გაზრდილთ დღესაც მხოლოდ ერთი მთავარი ინსტიქტი უმუშავებთ, სხვამ უნდა გააკეთოს, სხვამ უნდა გარჩინოს, სხვამ უნდა გაიღოს, სხვა უნდა დაიღალოს, სხვამ უნდა მოგართვას და პირდაღებულები დილიდან საღამომდე სერიალებით გამოლათინოამერიკულებულ, გამოთურქებული და ხმაურიანი, საინფორმაციო გამოშვებებით ზომბირებულები ათენებენ და აღამებენ ხვალინდელი უკეთესი დღის მოლოდინში, რომლის შესაქმენლად თითის განძრევაც არ უნდათ.

ყოველ დღე ვნატრობ, უცებ ერმა იქუხოს და მიაწყდეს დიცის, პერევის და კიდევ სხვა, ოკუპირებული ტეიროტირიების ე.წ. სასაზღვრო ზონას და როგორც პალესტინელი რეჟისორის ფილმშია, არ დაენანოს მიზნის მისაღწევად არათუ კამერების, თავების დამტვრევაც კი იმ შემართებით სავსეს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და რომ ამ ბრძოლამ მოგვიყვანა დღემდე და ტატო ბარათაშვილის "მერანი," როგორც ბევრი შაყირობს "გოთვერანი" და საშაყირო კი არა, გასააზრებელია, რათა ადამიანად ივარგო და ლეშივით არ ცხოვრობდე ამ სამყაროში.
არა, ამ ხალხს ფეხებზე კიდია დიციც და ყველაფერი, რადგან ურჩევნიათ ისევ სერიალებს მიუბრუნდნენ, საინფორმაციო გამოშვებებში კრიმინალური ქრონიკები მოისმინონ (ზოგადად საინფორმაციო გამოშვებებს საერთოდაც კრიმინალური ქრონიკები და სხვ... რომ დაერქვას, ასე უფრო ზუსტად გამოიხატებოდა მათი არსიც), ფეისბუკზე ანთხიონ ბოღმა და გესლი, ან ყვითელ პრესაში მოჩხრიკონ, რა ხდება ნინი ბადურაშვილის, ქეთა თოფურიას, ნინა წკრიალაშვილის, სალომე გოგიაშვილის და ა.შ. "სასატავის" ცხოვრებაში. შეუძვრეს მათ საძინებლებში, კარადებში, საცვლებში, ქექოს და ქექოს სხვისი ცხოვრება, რომ თვითონ უფრო მეტად აუყროლდეს გონებიდან და სახლიდან გასატანი ნაგავი.

დიახ, ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც მზად არის ქიმერებთან ქუდზე კაცის გამოსვლით საომრად. ლგბტ საზოგადოების ან მათი დამცველების თავების გასაჩეჩქვად, მაგრამ ფეხებზე კიდია მიწა და ღირსება, რომელთაგან ერთი კვებავს, მეორეს გარეშე კი, უბრალოდ აზრი არ აქვს ცხოვრებას.

მიწას ვეღარ ვგრძნობთ, რადგან სულ სხვის ხელებში შემყურეებს, დაგვავიწყდა მასთან ურთიერთობა და შედეგად მიღებული ნაყოფის ფასი. ღირსება დავკარგეთ, რადგან დავკარგეთ საღად აზროვნების უნარი და გვგონია, რომ თუ ვინმე, სხვანაირი ცხოვრების წესის მომხრე ქუჩაში დემონსტრაციულად გაივლის, ამით მათ მწვანეს ავუნთებთ, რომ ჩვენს უკანალს ეძგერონ და წაგვბილწონ.

ჩვენ ყურებს არ უნდათ განსხვავებული აზრის მოსმენა, ჩვენს თვალებს არ უნდათ განსხვავებული ქცევის დანახვა, რადგან თავი ჭეშმარიტების, მართლის მადიდებლები გვგონია, მაგრამ არაფერი ვიცით ჭეშმარიტების და ღმერთის შესახებ, რომელსაც გულს და გონებას გარეთ ვადიდებთ. შესაბამისად არ გვესმის, რომ ადამიანს ის კი არ წაბილწავს, რაც მასში შედის (საჭმელ-სასმელის ან ინფორმაციის მხრივ), არამედ ის, რაც მისგან გამოდის. ეს მე არ მითქვამს, ქრისტემ თქვა, რომლის კიდევ ბევრი სხვა ნათქვამის ყოველდღიურად თვალის გადავლებაც კი საკმარისი გახდება გონების გამოსაჯანმრთლებლად და სულ ცოტა, გეცოდინება, რომ ადამიანთა ქცევის უმთავრესი მსაჯული შენ არ ხარ, არაფრით აღემატები ბიბლიურ ლოტსაც კი. მიხვდები, რომ ამაობით და ათასი საცთურით სავსე მიწაზე ის კი არა არის მთავარი სხვა რას იზამს შენს წინაშე, არამედ ის, შენ რას იზამ, როგორ გადახარშავ გონებაში ნანახს და მოსმენილს და სიმშივდეს შეინარჩუნებ თუ არა, როდესაც ეს აუცილებელია. ჩვენ უკუღმა გვჭირს, იქ, სადაც სიმშივიდის და გონიერების გამოჩენაა საჭირო, ქვეყანას ვაქცევთ და სადაც სიმშვიდე სიდებილეში გადადის, უტვინოდ ვდუმვართ.

დიცს რომ თავი დავანებოთ, ხაიშის ამბებზე, ხუდონ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დარაზმული ისეთი ლაშქარი მაჩვენა, როგორიც 17 მაისს გამოვიდა რუსთაველზე და მერე თუნდაც ტყვია მომხვდეს გულში, ბედნიერი მაინც მოვკვდები ნანახით, რომ გავიღვიძეთ და არავის, არაფრის გულისთვის არ მივცემთ უფლებას, რომ წყალში ჩაძიროს სვანეთი (სულაც არ ვაჭარბებ. ჰესის აშენების შემდეგ გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების შესახებ დასკვნებს გაეცანით და არ მგონია გულგრილი დარჩეთ), უდიდესი კულტურა და ისტორია.

ეს ტერიტორიები არქეოლოგიურად გამოკვლეულიც კი არ არის, რომ აღრაფერი ვთქვათ იმაზე, როგორ გაანადგურებს ნესტი რეგიონს და კიდევ სხვა რამდენ პრობლემას მოგვიტანს, მაგრამ თქვენ არ წახვალთ ამ ყველაფრის წინააღმდეგ, რადგან უბრალოდ უნიათო და მშიშარა ხართ! გეზარებათ აზროვნება, მოქმედება და გეშინიათ შედეგების, ვაითუ წინააღმდეგობას შეეწირო, მერე? ვისთვის უნდა მოკვდე, ან დაგაპატიმრონ? სხვამ უნდა იხეიროს? შენ ხომ ერთხელ მოხვედი ამ ქვეყანაზე, სჯობს შენ დატკბე ცხოვრებით და სხვა გაისარჯოს, შენ კი დაჯექი ტელევიზორის წინ მოუსმინე საინფორმაციო გადაცემებს, თუ კრიმინალურ ქრონიკებს, ივიშვიშე, შეიბრალე საპროტესტო აქციებზე თავ-ყბადაგლეჯილები, დაკავებულები, შეურაცხყოფილები, მერე გადართე თურქულ სერიალიზე და იცხოვრე სერიალების გმირების ცხოვრებით.

ამასობაში, სახლის კარზეც დაგიკაკუნებთ რუსი ან თურქი და გეტყვიან, ეს მათი მიწაა. რას იზამ? პროტესტი გვიან იქნება, რადგან შენი ეზო ორი სხვადასხვა ქვეყნის საზღვარზე აღმოჩნდება, შენ კი ორი გზა დაგრჩება: ორივე ქვეყანას გაერიდო, ან დარჩე და ერთ დღეს ერთი მიადგება შენს უკანალს, მეორე დღეს კი მეორეს ვერ, უფრო არ, ეტყვი უარს. შენ ხომ უნიათო და მშიშარა ხარ და წინასწარ იცი რაც მოდევს წინააღმდეგობას.

ამიტომაც სანამ დროა, უთხარი საზღვრის ცოცვას უარი დიცთან და ამჯობინე, დღეს ხაიშში დაიმარხო, ვიდრე ხუდონჰესი აშენდეს და მომავალ თაობას სირცხვილით ვერ გაუმხილო სად იყო და რას წარმოადგენდა სვანეთი, ან უკვე ლეგენდებად ქცეული ინდიელთა ტომებივით სად გაქრნენ უძველესი სვანები, რომელთა ბარში ჩამოსახლება არავინ შეაჩერა, არც კომუნისტმა, არც ზვიადისტმა, არც შევარდნაძისტმა, არც მიშისტმა და ახლაც ფეხებზე კიდიათ.
პ.ს. დასაწყისში "სოროსის ფონდის" ნაცვლად შემეძლო დამეწერა ფონდი "ღია საზოგადოება –საქართველო", ბევრი მაინც ვერ მიხვდებოდა, რაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ სოროსზე მყისვე "აენთებოდათ" წითელი. ესეც იმიტომ, რომ ქიმერების გეშინიათ, საიდანღაც შექმნილი მტრის ხატების და იჯერებთ, რომ ვიღაც გვებრძვის. თითოეულ ადამიანს და მთლიანობაში ერსაც მხოლოდ საკუთარი თავი ებრძვის, საკუთარი უნიათობა და სილაჩრე, სიბნელე და ყოველივე ცუდი და თუ არ გინდა შენი უძლურება დაინახო, თუ სხვას მიჩერებიხარ ხელებში, გჯერა შეთითხნილი მტრის ხატის, უფრო სწორად, მისი არსებობა გაწყობს, რომ დარჩე იმ მდგომარეობაში, როგორშიც ხარ და სხვას დააბრალო შენი უვარგისობა. ამიტომაც გეუბნებით ჩვენ უნიათო და მშიშარა  ვართ!
პ.პ.ს. კომენტარების წაკითხვის შემდეგ სურვილი გამიჩნდა სათაური ასე შემესწორებინა, როგორც ახლა არის. მეც თქვენს შორის ვარ და გვერდზე არ გამიყენებია თავი. ბლოგს თუ გულდასმით, ბოღმის გარეშე წაიკითხავთ მიხვდებით და კიდევ ილია გაიხსენეთ, ჩემი მასწავლებელი: ”ჩემზე ამბობენ, ის სიავეს ქართვლისას ამბობს,/ჩვენს ცუდს არ მალავს, ეს ხომ ცხადი სიძულვილია,/ კარგი გული კი მაშინვე გრძნობს/ ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია.../ ძალიან რომ არ მიყვარდე ჩემო ერო, როგორც ილიამ მასწავლა, სარკეს კი არ მოგიტანდით, რომ ერთად ჩაგვეხედა და მური დაგვენახა.
-------------------
27 სექტემბერი 2016 10:23
ქართველი ვისაც გაჰყვა ის წამებით მოკლეს, სწორედ იმიტომ რომ ქართველი გაჰყვა, ამათ ვინც მას შემდეგ ხელისუფლებაში არიან ქართველი არ მიჰყვება, რატომ? ეს ადვილი გასაგებია შუა გზასი მიატოვებს ქართველს მსუყე უკმისთვის და იმიტომ, ქართველი ელის ადამიანს, რომელიც თავისი ინტერესებიდან გამომდინარე კი არ ილაყბებს, ქვეყნის სასიკეთოთ გადასდებს თავს. ქართველი მას დაუჯერებს და გაჰყვება, მანამდე კი ასე გათითოკაცებული მუცელს გადაყოლილი ყოფილი ერი ვიქნებით.
ალექს
15 ივლისი 2015 07:11
ქართველი დიდი ხანია აღარ ენდობა საკუთარ ხელისუფლებას,იქნება ასე ასიოდ წელი,თავსმოხვეულად მიიჩნევს,ასეც არის,უკანასკნელი 25 წლიანი საარჩევნო გაყალბებები და ფარს არჩევნები,არჩევნები რეკომენდაციით და მუხლმოყრით, კიდევ ერთი დასტურია ამის,ამიტომ აქვს ნიჰილიზმი,მეთაურს არ ენდობა ჯარისკაცი,ახლა 3 მეთაური გვყავს ბიძო,გიორგი,ირაკლი,აქმდე ვინც გვყავდა,ვაი,იქამდე ვუი,რომელს გაყვება ქართველი საბედისწორო ბრძოლაში,ქართველი ხომ ერთი გადამწყვეტი ბრძოლისთვისააა გაჩენილი და ყველა იმ დროს ელოდება ,როცა ერთი ბრძოლით,თუნდაც მისთვის ბოლო იყოს ,დიდგორის დარი გამარჯვება დადოს!
ესაა მიზეზი ინერტულობის სულ,პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული და თავდადების უნარი გვაქვს ჯერ,არ გვყავს ამის ღირსი ლიდერი,ვისაც გავყვებოდით საქართველოს თერმოპილში ,გინდაც მეორე დიდგორში და შევწირავდით თავს საქმეს .
babu
30 სექტემბერი 2013 23:30
საქმე იმაში არ არის, მართალია თუ არა ესა დამიანი -- უამრავ რამეში ვეთანხმები. მაგრამ მეტისმეტად ზერელე დამოკიდებულება ამ საკითხისადმი აშკარად ჩანს. აქ პრობლემა გაცილებით ღრმა და რთულია. როგორ შეიძლება ასე ადვილად ილაპარაკო იმაზე, რომ უნიათონი, მშიშარები და ა.შ. - ვართ. აბა გადავხედოთ წარსულს და ადვილად დავინახავთ რომელმა ეპოქებმა შეაკოწიწა ეს საზოგადოება, ეს მორალი, ეს ,,თანამედროვე ქართველი ადამიანი". ამ ქვეყანაში უმთავრესი, თანამედროვე ადამიანის გაზრდისათვის ვერ ავღმოჩნდით მზად და სხვა სადღა ვიხედებით?
უბრალოდ პრობლემის მიზეზები უფრო ღრმად უნდა ვეძებოთ და თანდათან ყველაფერი შეიცვლება. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ განმანათლებლობის ეპოქას ავცდით, ეს კი უდიდესი დარტყმა იყო მთელი ქვეყნისათვის...

რედაქტორის რჩევით