ბოლის გამომშვები ფეისბუკელეთი - კვირის პალიტრა

ბოლის გამომშვები ფეისბუკელეთი

რა არის სოციალური ქსელი? ტელეფონი, რომლითაც ერთდროულად ელაპარაკები ათასობით ადამიანს და ისინიც ერთდროულად გპასუხობენ.

თუ მათ კონკრეტული მიზეზის ან მიზნის გამო დანიშნულ ადგილზე შევხვედრას შესთავაზებ, შეგეძლება ჩაატარო პოლიტიკური ან სხვა სახის აქცია და მიმართულებაც მისცე. სოციალური ქსელების, როგორც ასეთი ინსტრუმენტის არსებობა ცოტა ხნის წინ გააცნობიერა ინგლისმა და ეგვიპტემ.

მოსალოდნელია, რომ ამ ქსელებმა კიდევ ბევრ ქვეყანაში შეასრულოს მსგავსი როლი, მაგრამ არა საქართველოში.

2012 წლის დასაწყისში პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობდა, რომ სოციალურ ქსელებში ქართველი საზოგადოების პოლიტიკური აქტიურობა ორთქლის გამოშვებას ჰგავს და ამიტომაც ის საშიში არ იყო სააკაშვილის რეჟიმისთვის. "თითოეული თავის ორთქლს უშვებს და ეს ორთქლი ღრუბლად და ჭექა-ქუხილად ჯერჯერობით არ იქცევა. შესაძლოა, ეს ქართული ხასიათის ბრალია... მოსახლეობის დიდ ნაწილს სოციალური ქსელები მაინცდამაინც არ იზიდავს. ჩვენ ტრადიციების მოყვარული ერი ვართ. არაბებსაც ვერ დავაბრალებთ არატრადიციულობას, მაგრამ ინერციულობა ჩვენ უფრო გვახასიათებს. გვიჯობს, შეჩვეულს არ გადაგვაჩვიონ და შეუჩვეველს არ შეგვაჩვიონ. არაბები, სანამ ამბოხისთვის სოციალურ ქსელებს გამოიყენებდნენ, ორმოცი წელი ითმენდნენ ტირანიას. ბოლოს გასკდა კონფორმიზმის ბუშტი... ამასთან, აღსანიშნავია, რომ ისინი ტექნოლოგიური ცივილიზაციისკენ უფრო ისწრაფვიან. ჩვენ საბჭოთა კავშირიდან ოცი წლის წინ დავიხსენით თავი და ჯერაც გვაქვს რკინის ფარდის განცდა, ისინი კი ცივილიზაციას ფეხდაფეხ მისდევდნენ. " _ ამბობდა საყვარელიძე. გამართლდა საყვარელიძის  ვარაუდი იმასთან დაკავშირებითაც, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციური მუხტი ყველა შემთხვევაში ჩაქრებოდა, _  ხელისუფლების გამარჯვების შემთხვევაში, სააკაშვილს რეჟიმს სოციალური ქსელების კონტროლი აღარ დასჭირდებოდა იმიტომ, რომ მოსახლეობას ოპოზიციური მუხტი წაგებული ბრძოლის, კიდევ ერთი ხელმოცარულობის გამო ჩაუქრებოდა. ხელისუფლების დამარცხების შემდეგ კი საზოგადოება უბრალოდ მოდუნდებოდა საწადელს მიღწევის გამო. მისი ენერგისი ხელახლა დაქოქვას კი ახალი განსაცდელები და უფრო დიდი დრო დასჭირდებოდა. დიახ, ჩვენ ძალიან უნდა ავივსოთ ტკივილით, პრობლემებით, ბოღმითაც, რომ პროტესტის ტალღაზე გადავერთოთ. ქართველ ინტერნეტმომხმარებელსა და ზოგადად, ქართველ საზოგადოებას, რომ ქუჩის აქციებისკენ მიდრეკილება აღარ სურს, ეს. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებულმა გამოკვლევებმაც აჩვენა, როდესაც მოსახლეობის 77%-ზე მეტმა თანახმობა განაცხადა არჩევნების გზით შეცვლილიყო დამნაშავეობისკენ მიდრეკილი ხელისუფლება.

ფსიქოლოგების აზრით, ქართველი მომხმარებლების თავისებურებას განაპირობებს ისიც, რომ სოციალურ ქსელებში, ძირითადად, ჩართულია ახალგაზრდობა, რომელიც პოლიტიკურად ინდიფერენტულია და თუ პოლიტიკოსებზე რაიმე კრიტიკულს ამბობს, ეს ორთქლის გამოშვებაა და მეტი არაფერი. საპროტესტო მუხტი საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანებში უფრო იგრძნობა, თანაც - რეგიონის მცხოვრებლებში, რომლებიც, როგორც წესი, სოციალური ქსელების მომხმარებლები არ არიან და რომც იყვნენ, ალბათ, არ გამოიყენებენ ბრძოლის იმ მეთოდებს, სადაც სოციალური ქსელი ტელეფონის როლს შეასრულებს და ამბოხისკენ მოუწოდებს მილიონებს თუ არა, ათასებს მაინც...

ახლა შევეცადეთ წარმოიდგინოთ რა მოხდება, ერთ დღეს ფეისბუქს და სხვა სოციალურ ქსელებს თუ გაგვითიშავენ? ტელევიზორის, კერძოდ საინფორმაციო გამოშვებების ცქერის შემდეგ ვეღარ ვიპოვნით ადგილს, სადაც დავიცლებით ნეგატიური ენერგიისგან, პატრიოტულ, ეროვნულ ვალს "მოვიხდით", გამოვჩნდებით კარგი კი არა, ძალიან მაგარი ადამიანები. ვფიქრობ, სულ მცირე სამ დღეს გავუძლებთ ამ საშინელ აპოკალიფსს, მერე კი ქუჩებში გავქანდებით, რომ ვნახოთ თუნდაც პატარა-პატარა აუდიტორიები, რომელთაც დაველაპარაკებით, დაგველაპარაკებიან, გულს მოვიოხებთ, მერე ვინმე ისეთი თუ გამოერევა, ვინც ამ პატარ-პატარა ჯგუფების გაერთიანებას და მათი ენერგიის ერთი მიზნისკენ მიმართვას შეძლებს, მოვაწყობთ ყველაზე ძლიერ საპროტესტო ან მხარდამჭერ აქციებს და მივაღწევთ მიზნებს. ამიტომაც თუ ვინმეს უნდა მშვიდად იყოს ქართველი ერისგან და სრულად გაანეიტრალოს მასში არსებული გიგანტური ენერგია, ფეისბუქს გამოგვირთავენ კი არა, შესაძლოა კომპიუტერები ინტერნეტის თანხლებით საჩუქრად დაურიგონ მთელ ერს. ოღონდ შინ ვიჯდეთ და აქედან "ვმართოთ" მსოფლიო, სამყარო. დიახ, კლავიატურასთან მიჩიჩინებულთ, ხომ სწორედ ყველაზე ჭკვიანები და უძლეველნი გვგონია თავები და არც ვფიქრობთ იმაზე, რომ თუ როგორ იქცა სოციალური ქსელები, უფრო კი ფეისბუკი მოსახლეობის, საზოგადოების აზროვნების კონტროლის ერთ-ერთ მექანიზმად. საკმარისია ”დაიფრენდო” სხვადასხვა სოციალური, პოლიტიკური და სხვა ფენისა და ორიენტაციის მქონე ადამიანთა ჯგუფები, მიიღებ ყველა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რით სუნთქავს ქართველი ერი. ჩვენ ყველაზე კომფორტულად თავს სოციალურ ქსელებში ვგრძნობთ, სადაც ათასების წინაშე ტექსტობრივი გამოსვლებით არ ვიღლებით, წნევა არ გვიწევს, პულსი არ გვიჩაქარდება, ფინანსური ხარჯი არ გვჭირდება სადმე წასასვლელად. შეგვიძლია დავიმალოთ, ან თამამად გამოვჩნდეთ და დავიბრალოთ ის, რაც არ ჩაგვიდენია, უბრალოდ სხვისი ნამოქმედარით მოვიწონოთ თავი და მწყრალი ტონით ვთქვათ, ამ დროს სად იყვნენ სხვები?! შეგვიძლია გავაპროტესტოთ ან მოვიწონოთ ყველაფერი, რაც მოგვწონს ან არ მოგვწონს, მაგრამ მხოლოდ ფეისბუკში. ამასობაში ქვეყანას ისინი მართავენ, ვისაც რეალობის გრძნობა არ დაუკარგავს თავის სასარგებლოდ და თუ მათ სახელმწიფოებრივი და პირადი ინტერესები ერთმანეთში აერევათ, არავინ ეყოლებათ ყურის ამწევი, რადგან ერის უმეტეს ნაწილს ემოციები, მით უფრო ეროვნული, სახელმწიფოებრივი ან უბრალოდ მოქალაქეობრივი მხოლოდ ფეისბუკში უჩნდება. რა სახუმაროა, მაგრამ ამაზე სულ მახსენდება ერთი ფაქტორი. ადრე ორი საქართველო არსებობდა, მიწიური და ზეციერი, ახლა მესამე საქართველოს არსებობს, ფეისბუკის. დაკარგულ თაობას კი ახლა ფეისბუკისაც დაემატა... ადამიანებმა ოდესღაც დაკარგეს მეექვსე გრძნობა, რომლის საშუალებითაც, როგორც ამბობენ, ბუნების ენა ესმოდათ. სოციალური ქსელებით ჩვენ ვკარგავთ უნარს, რომლის საშუალებით ჯერ კიდევ გვესმის ერთმანეთის.