ნუ გადაგვაყოლეთ ბილეთებს - კვირის პალიტრა

ნუ გადაგვაყოლეთ ბილეთებს

როგორც იცით, კვირას, დილის 9 საათიდან უეფას სუპერ თასის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში. თუმცა, ბილეთების მსურველები რატომღაც რიგში სალაროსთან, კი არა, ვაკის პარკში დგებიან. რიგი ბილეთების გაყიდვამდე ორი დღით ადრე, 10 ივლისის საღამოს დაიწყო.

გვიან საღამოს, ჩვეულებისამებრ ვაკის პარკში ძაღლის გასეირნება რომ დავაპირე, თავბედი ვიწყევლე. მთელი პარკის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უმძიმესი სიტუაციაა. ფეხბურთის ფედერაციის ეზოს ცენტრალური შესასვლელიდან, ვაკის პარკის ჩაყოლებაზე, დიდ კიბეებამდე, ტროტუარების გასწვრივ, ერთმანეთის მიჯრით დგას ყვითელი ავტობუსების კოლონა. ავტობუსებსა და ტროტუარს კი ერთმანეთისგან მიჯნავს რკინის დასადგამი ღობე. ღობის იქით, 5 მეტრი სიგანის ტროტუარზე უქმად დაეხეტებიან ღიპწამოზრდილი და მოშვებულ სხეულებიანი პოლიციელები. ქვეითად მოსიარულე მოქალაქეები კი იძულებული ვართ ვიაროთ შუა გზაზე, ავტომობილების მდინარეში. ვინც იცის, ამ დროს განსაკუთრებით, როგორ თავაწყვეტილი მორბიან ხოლმე წყნეთში, ბაგებში და კუს ტბაზე დასვენებული ახალგაზრდა მძღოლები, არ გაუჭირდება იმის წარმოდგენა, თუ რა საფრთხეში ვარდება მოქალაქე, რომელსაც იძულებით უწევს მანქანების მორევში ბორიალი.

მივედი პოლიციელებთან და ვკითხე, მე რომ გზაზე სიარულის დროს ავტომობილი დამეჯახოს, ხომ იქნება იმის ბრალიც, ვინც ეს გზა ასე უტვინოდ გადაკეტა-მეთქი? მართალი ხარ, იჩივლეო, მესროლა ერთმა ირონიული რეპლიკა. ვისთან ვიჩივლო, ეს თქვენი გასაკეთებელია და მომენტალურად შეგიძლიათ შეცვალოთ მდგომარეობა, თუ ავტობუსებს და რკინის ღობეს შორის 50 სმ-იან ბილიკს დატოვებთ ქვეითად მოსიარულეთათვის-მეთქი.

მიყურებდნენ ფეხებგაბოტებული, ჩემი "გამოსვლით" გაკვირვებულები და კვლავ გაიძახოდნენ მართალი ხარ, მართალიო. თუ მართალი ვარ, გაწიეთ ეს ავტობუსები გვერდზე და გაგვიკეთეთ სახელდახელო გასასვლელი და ყველას უფლებები დაიცავით-მეთქი. გენახათ ერთი რა გამომეტყველება ჰქონდათ, ჩვენ აბა რა ვქნათო? რა უნდა ქნათ და თქვენ უფროსს, რომელსაც ელემნტარული დაცვის სქემა ვერ განუსაზღვრავს, უნდა მიხვიდეთ და მოახსენოთ, რომ ეს გეგმა, რომლითაც ახლა მოქმედებთ, არის წარუმატებელი, გამაღიზიანებელი და დისკრიმინაციული ფაქტორების შემცველი, ამიტომაც გადავიდეთ გეგმა ბ-ზე და არავინ არ გვეყოლება უკმაყოფილო-თქო.

აბა, სად აქვთ ამის თქმის თავი რიგითებს?! როგორ ალაპარაკდებიან სამსახურის დაკარგვის შიშით. შესაძლოა თვითონაც არ მოსწონთ რაც ხდება, მაგრამ მოტივით, მე ვერ გავასწორებ ამ ქვეყანასო, პირში წყალჩაგუბებულ და ფეხებგაბოტებულ დგომას ირჩევენ, ვაკის პარკში კი უთავბოლო გნიასია.

თავისუფლად ვერ გაივლი ვერსად, ყველაგან ბილეთებზე მონადირეები დგანან, სხედან, წამოგორებულები არიან ხის გრძელ სკამებზე, რომელთაც აქეთ-იქით დაათრევენ. აქაურობა ომის წინა სამზადისში მყოფი ლაშქრის ადგილსამყოფელს ჰგავს, სადაც მეთაურები არ ჰყავთ და სანამ ნანატრ ბილეთს მოიგდებენ ხელში, ვისაც როგორ გაეხარდება, ისე ახარებს თავის მოწყენილ ჭიას. მდგომარეობას აუარესებს ისიც, რომ ბილეთების მყიდველებიან, პოლიციელებიან, სპეცრაზმელებიანად, ყველა ბუჩქებში იკმაყოფილებს ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს და ყარს ვაკის პარკი შარდის სუნად.

წარმომიდგენია რა საშინელი სანახავი იქნება პარკი ბილეთების გაყიდვის პროცესის დასრულების შემდეგ. მიყრილ-მოყრილი სკამებით, ნაგვით სავსე და შარდის სუნით აქოთებული.

მიკვრის რატომ არ შეიძლება ამ ქალაქში რაიმე მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება თავიანად, გულიანად, ადამიანურად, ღირსეულად?

ჯერ სახელმწიფო ორგანიზაციების ჩარევა რატომ უნდა ჭირდებოდეს, ერთი საფეხბურთო თამაშის ბილეთების გაყიდვას, მერე კიდევ, თუ ერევა სახელმწიფო, მერიას და მთელ რიგ სამინისტროებს ერთობლივადაც რატომ არ შეუძლიათ, რომ ღონისძიება წარმატებულად დაგეგმონ, ისე, რომ არავის გაურთულონ ცხოვრება.