ეს არის ღამის ეკონომიკა? - კვირის პალიტრა

ეს არის ღამის ეკონომიკა?

გუშინ, საღამოს, იმ დროს, როდესაც, წესით, ღამის ეკონომიკა უკვე ამუშავებული უნდა იყოს, რუსთაველის სახელობის თეატრის მცირე დარბაზში, თბილისის თანამედროვე ბალეტის სპექტაკლს დავესწარი. არ ვაპირებ ხელოვნებათმცოდნის ფუნქცია მოვირგო და სპექტაკლზე რამე ვთქვა. მასზე დასწრების მიზეზი უბრალოდ, თანამედროვე ხელოვნების ნახვა იყო, მაგრამ ვინ შეგარგო სიამოვნება? ამბავი ასე განვითარდა:

სპექტაკლის დაწყებამდე 15 წუთით ადრე შევედი დარბაზში, სადაც უკვე ისხდნენ ჩემი მეგობრები და მაყურებლის უმრავლესობა, მათ შორის ძალიან ბევრი ტურისტი. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო რუსების სიმრავლე. ჩემს წინაც, სწორედ რუსები ისხდნენ, აშკარად სახინკლიდან პირდაპირ თეატრში მოსულიყვნენ. სპორტულ მაისურებიან, სანდლებიან, ზურგჩანთებიანებს ოფლის სუნთან ერთად ხინკლის, ქაბაბის და ხახვის სუნიც ასდიოდათ. ალბათ, აღნიშნულ არომატს ასე მძაფრად ვერც ვიგრძნობდი, რომ არა, ერთი უმნიშნველოვანესი პრობლემა, რომლის მოგვარების გარეშეც ღამის ეკონომიკა ვერ გამოვა. დარბაზში, თეატრის დარბაზში, რომელსაც მცირე კი ჰქვია, მაგრამ ვეებერთელაა და თვალს იტაცებს, როგორც ხელოვნების ნიმუში, საშინლად ცხელოდა. როგორც გაირკვა, არ მუშაობს გამანიავებელი და გამაგრილებელი ქსელი, თუ რა თქმა უნდა, ასეთი რამ საერთოდ არის ამ დარბაზში. იმედი მქონდა, რომ სპექტაკლის დაწყების შემდეგ დაუბერავდა გრილი სიო. ამაოდ.

წარმოდგენა თითქმის 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო. როგორც ჩანს, მაყურებელთა ერთი ნაწილი დიდხანს ვერ შეელია ქუჩაში სიგარეტის გაბოლებას და ლაქლაქს და ჩვეული ქართული დროულობით ამოღოღდნენ დარბაზში, სადაც ხუთი წუთი არჩევდნენ სად დამსხდარიყვნენ და შემდეგი ხუთი წუთის განმავლობაში სხდებოდნენ, აქეთ-იქით ნაცნობ-მეგობრების დანახვა და მისალმება საშუალებას არ აძლევდათ საჯდომით ბოლომდე მიკრულიყვნენ სკამებს.

იდგა ყაყანი და უჰაერობა. როგორც იქნა, სპექტაკლი დაიწყო ყველა დაშოშმინდა. მალევე სცენიდან წამოსულ მუსიკას წინდახედულთა ხელებში აშრიალებული მარაოების "აკომპანიმენტი" შეუერთდა, წინდაუხადევებმა სპექტაკლის პროგრამის ბუკლეტი ავინიავეთ, მაგრამ ამაოდ. ერთ კედელთან ერთადერთი კონდენციონერი იდგა, რომელიც სავარაუდოდ მხოლოდ საკუთარი თავის გაგრილებას ახერხებს და ამავე დროს საოცარ ხმებს უშვებს. დიახ, დარბაზში, სადაც მუსიკა ცოცხალი შესრულებით სრულდება და სმენა მხოლოდ უნაზესი ნოტების გარჩევით უნდა დაკავდეს, კონდინციონერის საბრალო შიშინით ბინძურდება.

საინტერესოა, კულტურის სამინისტროდან, რომელსაც რამდენადაც ვიცი, თეატრების პატრონაჟი ევალება (ჯერ კიდევ, ვიდრე განათლების სამინისტროსთან "შეუჯვარებით"), თეატრებში საერთოდ დადიან თუ არა? ნეტავ იციან ადგილობრივ-ტურისტიანად, როგორ იგუდება თეატრში ხელოვნებით სიამოვნების მისაღებად მისული ხალხი? ასე ეხმარებით ქალაქის მერიას ღამის ეკონომიკის აყვავებაში და ტურისტისათვის კომფორტის შექმნაში? ან მერიის კულტურის საქალაქო სამსახურში რას ფიქრობენ? იქნებ ამ სამსახურის წარმომადგენლებმაც არ იციან რა ხდება თეატრში. იქნებ მათ, ისევე, როგორც არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების სამსახურებს იმდენად ცოტა ხალხი ჰყავთ, რომ საკურატორო ობიექტების კონტროლისთვის ადამიანური რესურსი არ ჰყოფნით, ან უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, იმდენიც არ არიან, რომ ყველა თეატრი მოაირონ?! დავიჯერო, თეატრის დარბაზებში გამანიავებელ-გამაგრილებელი სისტემის უქონლობა ან არჩართვა უფრო ნაკლები პრობლემაა, ვიდრე ვინ და სად იმუსიკოსებს ქუჩაში და ამისთვის თანხმობას ვინ ან სად გასცემს?

უკან მსხდომი ინგლისურენოვანი მაყურებლისგან (რუსები ყველაფერს უსიტყვოდ იტანენ, ჩვენი ხალხის მსგავსად) მუდმივად მესმოდა, რა სიცხეა, ჰაერი საერთოდ აღარ არის და ცოტა მაკლდა, წამოვმხტარიყავი და მეღრიალა, ჩართეთ მაგრილებელი, ჩართეთ გამანიავებელი, ეს თეატრია, თუ ბალაგანი-მეთქი, მაგრამ გავჩერდი, ვეჭვობდი, რომ არავინ ამყვებოდა. ამყოლს ჩემი არ იყოს, ყვირილის თავიც აღარ ჰქონდა, ყველაფერზე შემგუებელი სხვებისთვის კი, ასეთ სიტუაციაში ვინმეს პროტესტს აზრი არ აქვს, ვინც ყვირის, გიჟია, რადგან არ ესმის, რომ ეს საქართველოა, სადაც არათუ ღამის, დღის ეკონომიკაც კი არ არსებობს და თეატრის უზარმაზარ და ულამაზეს დარბაზში სპექტაკლის დროს ისე ცხელა და ისე ცოტა ჰაერია, რომ ტვინი არათუ ხელოვნებას, ყოფიერებასაც კი შენელებულად, ფრაგმენტულად და ძნელად აღიქვამს.

მაინც ვერ მივხვდი რატომ არ მუშაობს გამაგრილებელ სანიავებელი სისტემა რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, როცა ჰოლში და დერეფნებში საოცარი სიგრილეა. დავიჯერო, ვიღაცას უნდა სპექტაკლებზე ხალხმა აღარ იაროს, თეატრი გაკოტრდეს და მის შენობაში მორიგი სასტუმრო ან ბიზნეს ცენტრი გაიხსნეს?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს