კაცი, რომელმაც სიხალისით დაიპყრო ზეცაც და მოყვასიც გულიც - კვირის პალიტრა

კაცი, რომელმაც სიხალისით დაიპყრო ზეცაც და მოყვასიც გულიც

ყოველი ახალი შეხვედრა  მისი რომანებისა თუ მოთხრობების გმირებთან ახალი სიხარულის ცრემლია და ახალი სიყვარული!

მხატვრული ლიტერატურის ავ-კარგზე  ადრეც ბევრს კამათობდნენ, ახლაც მსჯელობენ და მომავალშიც ისაუბრებენ... როდის იქცევა მხატვრული ნაწარმოები ლიტერატურული საგანძურის ნაწილად? ამ კითხვას პასუხი შეიძლება სხვადასხვაგვარად გავცეთ, თუმცა მთავარი  სიტყვა მაინც დრომ და საზოგადოებამ უნდა თქვან. თუ საზოგადოების უდიდესი ნაწილი იცნობს მწერალს, თუ მისი მოსწრებული გამონათქვამები ხალხში ფრთიან ფრაზებად დადის, თუ ერთხელ კი არა, რამდენჯერმე უნდათ მისი ნაწარმოებების წაკითხვა  და ყოველი წაკითხვის შემდეგ ისეთი განცდა აქვთ, თითქოს სრულიად ახალი შემოქმედი აღმოაჩინეს, მთავარი გამოცდა ჩაბარებულია - მწერალი კლასიკოსია, მისი შემოქმედება კი - ერის საგანძური.

საქართველო დიდი მწერლების ქვეყანაა,  მაგრამ როცა ჭეშმარიტ რჩეულებზე ვისაუბრებთ, რომელთაც, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, დროსაც გაუძლეს და ცვლილებებსაც, ვისაც ერი და ბერი ერთნაირად იცნობს და აღიარებს - ნამდვილად ერთიათად შემცირდება ჩამონათვალი... რჩეულთა შორის რჩეულია მწერალი, რომლის წიგნები კიდევ ერთხელ მივა მკითხველთან - ამჯერად "ჩემი რჩეული ბიბლიოთეკის" სერიით. ჩვენ ვიცნობთ მათ, მაგრამ მერე - რა! ყოველი ახალი შეხვედრა  მისი რომანებისა თუ მოთხრობების გმირებთან ახალი სიხარულის ცრემლია და ახალი სიყვარული!

თავის ავტობიოგრაფიას ანკეტა წაუმძღვარა:

"სახელი - ნოდარ

გვარი - დუმბაძე

მამის სახელი - ვლადიმერის ძე

სამსახური - კოსმოსი, ზღვა, ხმელეთი, ხანდახან - მიწისქვეშეთი

პასპორტი - უსაბუთო

სისხლის ჯგუფი - უსისხლო

რეზუს-ფაქტორი - ურეზუსო

დარეკეთ: მხოლოდ ეკლესიის ზარით"

ენამოსწრებულსა და ყველასათვის საყვარელ მწერალს ნახევრად ხუმრობით მიუწერია პასუხები, მაგრამ აბა, "ახლოით განვჩხრიკოთ" ეს მცირე ანკეტა... სახელი, გვარი და მამის სახელი ჰქონდა! ეს იყო საწყისიც და გზამკვლევიც. არასოდეს ამოჰფარებია სხვის სახელს, სხვის დიდებას, ასე ერჩივნა: ნოდარ დუმბაძე ყოფილიყო მაშინაც, როცა ჯერ არ იცნობდნენ, მის სახელს არავისთვის არაფრის თქმა შეეძლო და სხვა სტუდენტებთან ერთად შავ პურზე წასმულ დაჭყლეტილ ნიორს მიირთმევდა შიმშილის მოსაკლავად და მაშინაც, როცა უკვე სხვების დაპურებაც შეეძლო, დახმარებაც  და მისი სახელითაც ყველა ამაყობდა...

როგორღაც სახალისოა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის სპეციალობაზე სწავლობდა, მერე კი, 1950-დან 1957 წლამდე, ეკონომიკური ფაკულტეტის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის კათედრის ასისტენტად მუშაობდა! კაცი, რომელიც უანგარიშოდ გასცემდა თავის სულიერ, ხშირად კი, მატერიალურ ქონებასაც, ეკონომისტი იყო! მაგრამ რაც უნდა ჩაწერილიყო მისი განათლებისა და პროფესიის გრაფაში, ყველაფერს მაინც სხვა რამ განსაზღვრავდა: ნოდარ დუმბაძე იყო! ამიტომ სადაც უნდა ყოფილიყო, რა მოსაწყენი ქაღალდებიც უნდა ლაგებოდა წინ - ანგარიშფაქტურები თუ გეგმები - მაინც მოახერხებდა და გასხლტებოდა: ხან ზღვისკენ აიღებდა გეზს, ხანაც - ხმელეთისკენ, ზოგჯერ კოსმოსშიც მოხვდებოდა და მიწისქვეშეთსაც დალაშქრავდა - ის ხომ მწერალი იყო! ამიტომაც დაურიდებლად ჩაწერა სიმართლე გრაფაში - სამსახური.

არ სჭირდებოდა პასპორტი, არც სისხლი, მით უმეტეს, არც - რეზუსი... ჯერ ერთი, სისხლი იმავე მიზეზით გაუშრეს, რა მიზეზითაც გული დაუავადმყოფდა: ამქვეყნად არსებული უნამუსობისა და ღალატის გამო. მეორეც, თუ რამე მაინც უმუშავებდა ნატკენი გულის სარქველებს, სიყვარული იყო და აბა, სიყვარულის ჯგუფსა და რეზუსს ვინ განსაზღვრავს!..

ამბობდა: "საოცარი ფრინველია მერცხალი. - ერთიც რომ იყოს, ცა სავსეა. ასევეა არწივიც, ოღონდ არწივი იპყრობს ცას იდუმალებით, მერცხალი კი - სიხალისით. ეს რომ ასეა, ამას ისიც ამტკიცებს: თოვლის მოსვლის წინ ცა თითქოს სავსეა ჭილყვავებით და მაინც უსაშველოდ ცარიელია".

საბედნიეროდ, საბჭოთა საქართველოს  ცაზეც კი ვერავინ იტყოდა, ცარიელიაო. იყო ერთი-ორი არწივი ჩვენი მწერლობისა და ერთი-ორი - მერცხალიც... ერთ-ერთი მათგანი კი თავად იყო, სიხალისით რომ დაიპყრო ზეცაც და მოყვასიც გულიც.

"ცხოვრება მესაათის ბუდრუგანას ჰგავს. ჩვენ, ადამიანები მის ვიტრინაში გამოფენილ შესაკეთებელ, სხვადასხვა ფირმის, ჯურის, ფორმის, ზომის, წონის და მექანიზმის მქონე საათებს... ზოგი მათგანი უზომოდ გაცვეთილია და მოშლილია სამუდამოდ. ზოგი წინ გარბის, ზოგი უკან რჩება, ზოგს ზამბარა აქვს გაწყვეტილი... ზოგს რა სჭირდება და ზოგს - რა. ზოგი რა დეტალის გამოცვლას საჭიროებს და ზოგი - რისას. ერთ მარადიულ უზარმაზარ უზომო ჟამში, ღვთაებაში გაჩერებულია თუ წიკწიკებს თითოეული ჩვენგანი, ვითარცა ჟამთა აღმწერელი და აღმნუსხველი. მესაათე კი, ვითარცა ღვთაება, ზის, ხელისგულზე უდევს ჩვენი ერთი ციცქნა სხეული. უზარმაზარი ღვთიური თვალით - გამადიდებელი შუშით გვათვალიერებს დიდხანს. ხანდახან არცთუ ისე დიდხანს, ხანდახან, უბრალოდ, დაგვხედავს და თუ სთქვა - ამას აღარაფერი ეშველებაო - და გვერდზე გადასდო, გათავებულია ჩვენი საქმე..."

ხელისგულზე მყოფს წარმოვიდგენ, მაგრამ რატომღაც მგონია, აუცილებლად გულში უნდა ჩაეხუტებინა დიდ მესაათეს, ოლღა ბებიას გულივით სიყვარულით სავსე, თბილ გულში... სხვა არც არაფერი სჭირდებოდა: მხოლოდ ეს სიყვარულით მიახლოება და ეკლესიის ზარების ხმა, რომელიც ყოველთვის მოიხმობდა, მოახედებდა და მომართავდა სასიყვარულოდ, ანუ - სიცოცხლისათვის!