ადესას არ ეღალატება - კვირის პალიტრა

ადესას არ ეღალატება

ნოდარ დუმბაძეს, ისევე როგორც ყველა ჭეშმარიტ გურულს, ადესას მიმართ განსაკუთრებული სიმპათიები გააჩნდა. თავის "სიყრმის სიყვარულს" მაშინაც კი არ ღალატობდა, როდესაც მეორედ გადატანილი ინფარქტის შემდეგ ექიმებმა სასმლისკენ გახედვაც კი აუკრძალეს. ერთხელაც მწერალმა სტუმრების მოლოდინში აივანზე მდგარ ადესით სავსე 20-ლიტრიან შტოფს "მიაკითხა" და ოთახში შემოსატანად ხელი წაავლო. ამას თვალი მოჰკრა მისმა მეუღლემ და შეშფოთებულმა შესძახა:

- რას აკეთებ, ხომ იცი ექიმმა მძიმეს აწევა  აგიკრძალა!

- აბა რა ვქნა, "შტოფი" ოთახში თავისით შემოვა? - – უპასუხა გაბრაზებულმა ბატონმა ნოდარმა.

- ისე უყურებ, ნამდვილად შემოვა,- – მიიღო პასუხად ქალბატონი ნანულისაგან, რომელიც მეუღლეს მოსწრებული სიტყვით დიდად არ ჩამორჩებოდა.

მახვილგონივრული იუმორით გაჟღენთილია ნოდარ დუმბაძის მთელი პროზა. ისიც ცნობილია, რომ გურულ იუმორს სხვებთან შედარებით, "პილპილიც" ცოტა მეტი აქვს მოყრილი. ასე ხუმრობენ დუმბაძის გმირებიც. ბუნებრივია, ასეთი ხუმრობა და საქციელი არც თავად მწერლისთვის იყო უცხო.

ერთხელ მშობლიური კუთხიდან ძღვენი მოართვეს. მათ შორის ადესაც ორლიტრიანი ქილით. მომტანი შინ არ შევიდა და კარში ჩამდგარმა ითხოვა: თუ შეიძლება ჭურჭელი დამიცალეთო. ნოდარ დუმბაძემ ადგილზე, კარის ზღურბლზევე შეუსრულა სურვილი - ქილას თავი მოხადა, მადლობელი ვარ, თქვენ გაგიმარჯოთო,, ღვინო  ბოლომდე გამოცალა და "დაცლილი" ჭურჭელი გაოცებულ სტუმარს გადასცა.

ლადო გოგუაძე