სილამაზის "რეცეპტი" ოდრისგან - კვირის პალიტრა

სილამაზის "რეცეპტი" ოდრისგან

უამრავი მეთოდი არსებობს იმისა, თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ ქალბატონებმა სილამაზე. ამ მხრივ სამაგალითონი საქვეყნოდ ცნობილი მშვენიერი ქალბატონები  არიან, რომელთა მომხიბვლელობის საიდუმლოებზე ლეგენდებს ჰყვებიან. თურმე, ერთი რძის აბაზანებს იღებდა, მეორე, პირიქით, ათას საშინელებას ისვამდა სახეზე...

ქალური მომხიბვლელობის ერთ მითს, რომელიც მე-20 საუკუნეში დაიბადა და დღემდე არსებობს, ოდრი ჰეპბერნი ჰქვია. ამის დასტურია ის აუქციონები, რომლებზეც მსახიობის ნივთები იყიდება. შავი მოკლე კაბა, რომელიც ჰეპბერნს ეცვა ფილმში "სადილი ტიფანისთან", 470 ათას დოლარად გაიყიდა, მეორე, ასევე საქვეყნოდ ცნობილი შავი მაქმანებიანი კაბა, რომლითაც ფილმში "როგორ მოვიპაროთ მილიონი" მსახიობის გმირი ვითომ განგსტერის მოხიბვლას ცდილობს, 100 ათასად შეიძინეს. რაც მთავარია, ოდრი ჰეპბერნი დღემდე რჩება არა მხოლოდ ყველა დროის ულამაზეს, არამედ მისი და მომდევნო თაობების უსაყვარლეს მსახიობ ქალად. არადა თავისი სიმაღლითა (170 სმ) და წონით (45კგ) მაინცდამაინც ვერ შეესაბამებოდა მაშინდელი ლამაზმანებისთვის დადგენილ სტანდარტებს. მასზე ლამაზი და ელეგანტური ქალბატონებიც იცის კინოს ისტორიამ, მაგრამ "როდესაც სცენაზე გამოდიოდა, ყველანი მხოლოდ მას უმზერდნენ. მას გააჩნდა საზოგადოების მოჯადოების საოცარი  უნარი," - იგონებენ თანამედროვენი. მსახიობი ხალხის მოჯადოების "საიდუმლოს" ფლობდა და ეს რომ გაემხილა, რამდენ ქალს ააცილებდა მტანჯველ დიეტასა და ქირურგიულ ოპერაციებს... თუმცა, თუ გავიხსენებთ ჰეპბერნის რამდენიმე გამონათქვამს, მივხვდებით, რომ მან მარადიული სილამაზის საიდუმლო გაამხილა: ,,თუ გინდათ, ლამაზი ტუჩები გქონდეთ, კეთილი სიტყვები თქვით, ხოლო თუ მოხდენილი სხეულის შენარჩუნება გსურთ, საკვები მშიერს გაუნაწილეთ", - ურჩევდა კოლეგა ქალბატონებს.

ლადო გოგუაძე