გონჯი ყოფილა სიბერე - კვირის პალიტრა

გონჯი ყოფილა სიბერე

შესანიშნავი მეცნიერისა და ფოლკლორისტის, ალექსი ჭინჭარაულის მოსწრებული შაირის "მსხვერპლი" არაერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწე გამხდარა.ერთხელ უმაღლეს სასწავლებელში მისაღეEბ საგამოცდო კომისიაში იყო მზექალა შანიძესა და ვახუშტი კოტეტიშვილთან ერთად.

გამოცდის დღეს კომისიის თავმჯდომარე ქალბატონი მზექალა წაიქცა, ორივე ფეხი იღრძო და წვივები დოლბანდით შეუხვიეს. ასე გამოცხადდა უნიერსიტეტში. დანახვისთანავე ბატონმა ალექსიმ კოლეგას ლექსი შეაგება:

"დილიდანვე დავითარსეთ, დღე გათენდა ავი ვითა,

თავმჯდომარე დაგვიბინტეს, ბუდიონის ცხენივითა."

ხანმა და ავადმყოფობამ განუყრელი მეგობრები - ალექსი და ვახუშტი შინ გამოკეტა. "ავადმყოფობის გამო შინიდან ვეღარ გამოვდივართ, ამიტომ ვცდილობთ, ერთმანეთს ტელეფონის საშუალებით მაინც მივაწვდინოთ ხმა, მაგრამ აქედანაც არაფერი გამოდის. მე ხომ ხმა ჩავარდნილი მაქვს და მახვილი სმენა თუ არა აქვს კაცს, ვერაფერს გავაგონებ. იმას კიდევ, ამ სიბერეში ყურში დააკლდა. გული მაინც ვერ გვითმენს და ერთმანეთს ვურეკავთ ხოლმე. ცოტა ხანს ვწვალობთ - მე რაღაცას ვხიხინებ, ის კიდევ - რაო, რაოს გაიძახის. ბოლოს გამწარებულები ცრემლმორეული ვკიდებთ ყურმილს..." - დანანებით ჰყვებოდა ვახუშტი კოტეტიშვილი.