მცხეთელი მოქეიფეები - კვირის პალიტრა

მცხეთელი მოქეიფეები

ჩვენს წელთაღრიცხვამდელი ბახუსით

"ვაზი ხომ ჩვენი კულტურაცაა და მეცნიერებაც, ხელოვნებაც, პოეზიაც, რელიგიაც კი..."

მერაბ კოკოჩაშვილმა ახლახან დაასრულა ახალი დოკუმენტური ფილმი. თემა ისეთივე ძველია, როგორიც თავად საქართველო - ქართული ღვინო. ფილმის სათაურიც ძალიან ლოგიკურია "ღვინის აკვანი".

ალბათ, ძნელად ნახავთ ქართველს, ღვინით რომ არ ეამაყოს. ასეთი თემით დაინტერესება უფრო სუფრასთან იწყებოდა, როცა კარგად შეზარხოშებული, ლექსითა და სიმღერით განებივრებული  მეინახენი იმ წინაპარს ადღეგრძელებდნენ, ეს საოცარი ტრადიცია რომ შეინახა და გადასცა შთამომავლობას... და სუფრასთანვე მთავრდებოდა!

ცხადია, იყვნენ მეცნიერები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობდნენ, განსაცვიფრებელ არქეოლოგიურ აღმოჩენებს აკეთებდნენ, მაგრამ იმისთვის, რომ ქართული ღვინო მართლაც მთავარი ყურადღების საგანი გამხდარიყო, თითქოს რაღაც ბიძგი სჭირდებოდა სახელმწიფოს... ბიძგი, სახელად "უცხო"... რადგან მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენთვის დღემდე უალტერნატივოდ რჩება უცხოს (უცხოელის) აზრი, მისი დამოკიდებულება, აღფრთოვანება და გაკვირვება... სწორედ მათთვის იქმნებოდა ოდითგანვე "საუცხოო" სასმელიცა და სანახაობაც...

ეს უცხოც გამოჩნდა: 1987 წელს ჰიუ ჯონსონი პირველად ჩამოვიდა საქართველოში. ის ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმების სერიაზე მუშაობდა (VIntage: History of Wine - 1989) და აღფრთოვანებას ვერ ფარავდა ჩვენი მასალებით... ეს ისტორია კი უძველეს ცივილიზაციაში იღებს სათავეს - საბუთები შულავერის გორაზე და მის სიახლოვეს აღმოაჩინეს. წლების შემდეგ, უკვე ბიომოლეკულური არქეოლოგიის ყველაზე აღიარებულმა სპეციალისტმა, პატრიკ მაკგოვერნმა, თავის წიგნში Ncient Wine: The Search for the Origins of Viniculture (2004) ერთი თავი მიუძღვნა საქართველოში მოგზაურობას და ამ საკითხის კვლევას.

მიუხედავად ამხელა აღიარებისა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იციან ქართველებმა. სწორედ ამიტომ შეიქმნა მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი "ღვინის აკვანი".

KvirisPalitra.Geფილმში შესულია როგორც არქეოლოგიური, ისე სამეცნიერო კვლევის მასალები. ამბავს ქართველებისათვის საყვარელი მსახიობები და ადამიანები ჰყვებიან...

ყველაფერი იმით იწყება, რომ ჯემალ ბაღაშვილი ქვევრს ხდის. ქვევრი ცხოვრებაშიც არაერთხელ მოუხდია, მარნის კარიც აუჭრიალებია და მხიარული მასპინძელიც ყოფილა. მოკლედ, ნამდვილი ქართველია.

- ყველაფერი ამით დაიწყო, - ამბობს ღვინის ჭიქით ხელში ჯემალ ბაღაშვილი და თითს ჭიქაში ჩაყოლილი წიპწისაკენ იშვერს.

ჩვენ მართლაც მდიდრები ვართ ამ მხრივ: არსებობს შულავერის გორაზე ნაპოვნი V-IV ათასწლეულის, ხიზანაანთ გორის  IV ათასწლეულის, ივრის ხეობაში, ადრებრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსული კულტურის ძეგლზე, ქვაცხელებში ნაპოვნი წიპწები. ასევე მართლაც დიდი მნიშვნელობისა იყო ძვ.წ.  XIV-XI საუკუნეების წიპწები, რომელიც სოფელ დიღმის გვიანბრინჯაოს ხანის ნამოსახლარში იპოვეს - ველური ვაზისა და სასუფრე ჯიშების წიპწები ერთად აღმოჩნდა.

ფილმი ნელ-ნელა მიჰყვება ისტორიას. უცებ ძველი კადრები ჩნდება: ბატონი ალექსანდრე ჯავახიშვილი მიწაზეა გაწოლილი და რაღაცას ძალიან სათუთად უბერავს სულს... ირგვლივ ყველაფერი გათხრილია - არქეოლოგების ნამუშევარი. ცნობილი მეცნიერი თითქოს რეალობას ვეღარც კი აღიქვამს, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდება მის ცხოვრებაში და ის ძალიან მნიშვნელოვანი - პატარა წიპწაა. როგორც რეჟისორმა მითხრა, ეს კადრი მისი 1983 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმიდან - "გზიდანაა". რაღაცნაირად სიმბოლური კადრია - სწორედ ასე წარმოიდგენ მამულიშვილობას - ძალიან ახლოს და დიდი მოკრძალებით - საკუთარ ისტორიასთან...

"ღვინის აკვანმა" სწორედ ეს ფუნქცია უნდა შეასრულოს. ამას ემსახურებოდა ყველა ერთად: სცენარის ავტორი კოტე ჯანდიერი, ოპერატორები: დათო გუჯაბიძე და გიორგი ხარებავა, კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი, თავად რეჟისორი და ყველა, ვინც კი ერთ კადრში მაინც გამოჩნდა ფილმში.

- ღვინის ასოციაციამ ამ 6 წლის წინ შემოგვთავაზა, გადაგვეღო ფილმი ქართულ ღვინოზე, - მიამბობს ფილმის რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, - მაშინ გადავიღეთ მხოლოდ 10-წუთიანი სასინჯი ვერსია, მეტის საშუალება არ მოგვეცა... საბედნიეროდ, წელს დავასრულეთ ფილმზე მუშაობა. ძალიან საინტერესო იყო ეს პროცესი: ურთიერთობა გვქონდა მეღვინეებთან, ღვინის ქარხნებთან, ეკლესიასთან და მეცნიერებთან.

სოფელ ჯიღაურასთან საცდელი ნაკვეთი ქართველმა მეცნიერებმა, მეღვინეებმა შექმნეს ბიძინა ივანიშვილის ხელშეწყობით.

აქ ადგილობრივი გლეხები მუშაობენ. ეს საკოლექციო ნაკვეთია და დაკარგვის პირას მისული ჯიშების ერთადერთი გადარჩენის საშუალება. 525-ზე მეტი ვაზის ჯიშია წარმოდგენილი.

- ფილმში საუბრობთ ქართველ გლეხზე, რომელიც ღვინის დაყენების ძვირფასი ტრადიციის ჩვენამდე მომტანია. გადაღებებისას უამრავ სოფელში იყავით. შეხვედრიხართ გლეხებს, რომლებიც ტრადიციის ერთგულებით აყენებენ ღვინოს?

- ცხადია! ისინი ყველგან არიან, რომ არა მათი შრომა და რწმენა, აღარაფერი გადარჩებოდა. ვაზი ხომ ჩვენი კულტურაცაა და მეცნიერებაც, ხელოვნებაც, პოეზიაც, რელიგიაც კი...

- ფილმში ნაჩვენებია ლხინი. თქვენ ბუნებრივ გარემოში შეხვდით ასეთ ლხინს, თუ საგანგებოდ დადგით? მგონი, ამგვარი ლხინი აღარც არსებობს, გადაგვარდა...

- ნამდვილად არსებობს! რაც უფრო ნიჭიერია ადამიანი, მით მშვენიერია ლხინი. ჩვენ კი ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ თავისი სულიერი სიმდიდრე სუფრასთანაც გამოხატონ. თუ ეს არ ხდება, მაშინ ლხინიც მახინჯია...

- წინანდლის სასახლეში, რომელიც თქვენი უშუალო წინაპრების სასახლეა, როგორი მარანია?

- ადრე ტრადიციული ქვევრები ჰქონდათ, მაგრამ ალექსანდრე ჭავჭავაძემ ევროპული მარანი გამართა, გლეხური ტრადიცია თანამედროვე საფუძველზე გადაიტანა, განაახლა, სახელმწიფო დონეზე აიყვანა. ის ხომ ღვინოს ყიდდა რუსეთშიც და ევროპაშიც. მარტო ალექსანდრე ჭავჭავაძის ხსენება ამ მხრივ, არ არის სწორი. XIX საუკუნის ბოლოდან მოყოლებული დიდებული სამეცნიერო  სკოლა არსებობდა. სწორედ მაშინ მოხდა პირველი კოლექციის შენახვა. მერე ეს ტრადიცია დაკარგვის პირას იყო და ხელმეორედ სწორედ ახლა აღორძინდა ივანიშვილის ხელშეწყობით.

P.S. ტრადიცია გრძელდება... და იცით, როდინდელი ფესვების ტრადიცია? ჩვენს წელთაღრიცხვამდე ათასწლეულების წინანდელი! ფილმის დაწყებისთანავე სულში სითბო ჩაგეღვრებათ... ხედავთ ნახატს: ორი სასაცილო კაცუნა ხელიხელგადახვეული მიდის, ეტყობა, უკვე მთვრალები... ისინი ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII საუკუნის მცხეთელი მოქეიფეები არიან... აქ რამდენიმე ლხინის სცენაა. ერთ-ერთი ასეთიცაა: ორნი სხედან, ხელში სასმისები უჭირავთ, ცხადია, ღვინით სავსე, რადგან მათ ფეხებთან მზე ბურთივით გორავს! მცხეთელი მოქეიფეები - ჩვენნაირები, ჩვენი ძალიან შორეული წინაპრები! ღვინის აკვნის გადამრწევლები და ჩვენი სიამაყის ფესვის გამმაგრებლები... მერაბ კოკოჩაშვილის ახალი ფილმი კიდევ ერთი მცდელობაა მათი ახლოს გაცნობისა!