რამ გადაარჩინა თურქეთი გასაბჭოებას - კვირის პალიტრა

რამ გადაარჩინა თურქეთი გასაბჭოებას

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" ##45,46)

იოსებ სტალინის გეგმების ჩაფუშვა აშშ-ის მიერ ატომური იარაღის შექმნის ფაქტორს გამოუწვევია?

თურქეთის სავარაუდო ბედი

საბჭოთა მთავარსარდლობამ ამიერკავკასიის რესპუბლიკებში, განსაკუთრებით კი საქართველოსა და სომხეთში დისლოცირებულ სამხედრო ბაზებში თავი მოუყარა მნიშვნელოვან ბრძოლისუნარიან ძალებს. სავარაუდოდ, მათი დიდი ნაწილი საზღვრისპირა სამხედრო გარნიზონებში იყო განლაგებული - ახალქალაქში, ახალციხეში, ბათუმში, ლენინაკანში (ახლანდელ გიუმრიში), ნახჭევანში. გარდა ამისა, გაძლიერდა ჩრდილოეთ ირანში (ირანის აზერბაიჯანსა და ირანის ქურთისტანში) ჯერ კიდევ 1941 წელს შეყვანილი საბჭოთა სამხედრო დაჯგუფება ქალაქ ხოისა და ნაკუშში, ურმიესა და სელმასში (თურქეთის საზღვართან). მზად იყო აგრეთვე ბულგარეთში დისლოცირებული საბჭოთა ჯარების სამხრეთის დაჯგუფება (ყოფილი უკრაინის მესამე ფრონტი), რომლის სავარაუდო სამიზნეს ბოსფორ-დარდანელის სრუტეების გაკონტროლება და სტამბოლის დაკავება წარმოადგენდა. შავი ზღვის წითელდროშოვანი სამხედრო ფლოტის საბრძოლო ამოცანა კი, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, შავ ზღვაზე თურქეთის სამხედრო ბაზების  ბლოკირება უნდა ყოფილიყო.

საინტერესოა, რას წარმოადგენდა იმ დროისათვის თურქეთის შეიარაღებული ძალები და შეეძლო თუ არა წინააღმდეგობის გაწევა საბჭოთა არმიის თავდასხმის შემთხვევაში?

ზუსტი მონაცემები, რასაკვირველია, იმ პერიოდის თურქეთის არმიის შესახებ არ გაგვაჩნია, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სამხედრო ნაწილები მოძველებული სამხედრო ტექნიკითა და ამუნიციით იყო აღჭურვილი, თანაც მათში საბჭოური შეიარაღება ჭარბობდა: მოსკოვი ხომ მთელი 20 წლის განმავლობაში ქემალისტებს ეხმარებოდა, მათ შორის - სამხედრო სფეროშიც. თუმცა, დადასტურებულია, რომ 1946 წლისათვის ბრიტანელებმა თურქეთს გადასცეს 6 საესკადრო ნაღმოსანი და 8 საპატრულო კატერი, აგრეთვე რამდენიმე ათეული ავიაგამანადგურებელი და ბომბდამშენი... მოსკოვში მიაჩნდათ, რომ მასირებული შეტევისას თურქეთის არმია საბჭოთა შეიარაღებული ძალების დარტყმას ვერ გაუძლებდა და 24 საათში თუ არა, მაქსიმუმ ორ კვირაში თურქეთი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდებოდა.

ამ გეგმის რეალიზების შემთხვევაში, თუ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა 1945-46 წლების გამოცდილებას გადავხედავთ, ადვილი წარმოსადგენია, როგორი იქნებოდა თურქეთის შემდგომი ბედი... უნდა ვივარაუდოთ, რომ შავი ზღვის სამხედრო ფლოტის დესანტი დაიკავებდა სინოპსა და ზონგულდაკს... საქართველოდან და სომხეთიდან შეჭრილი საბჭოთა ჯარები არ შეჩერდებოდნენ არც ტრაპიზონსა და ართვინ-არტაან-ყარსთან, დაიკავებდნენ ერზერუმს, ერზინჯანს და ელიაზიგს, ირანიდან შეჭრილი სამხედრო ნაწილები კი შევიდოდნენ ვანსა და ბითლისში, თურქეთის ქურთისტანში (დიარბექირში), ორივე მიმართულება გაერთიანდებოდა და ხმელთაშუაზღვისპირეთში გავიდოდნენ, ანუ ჯეიჰან-ადანა-მერსინ-ანთალიის ხაზზე. თავის მხრივ, ბულგარეთიდან შესული სამხედრო ნაწილები მოახდენდნენ სტამბოლის ოკუპირებას, შეუტევდნენ იზმირსა და ანკარას, მათ შეუერთდებოდნენ ტრაპიზონში სინოპსა და ზონგულდაკში გადასხმული საბჭოთა ჯარები. ალბათ, საქმეში ჩაებმებოდა საბჭოთა ავიაციაც... ოკუპაციას ფიქციური არჩევნები მოჰყვებოდა, გაიმარჯვებდა თურქი მშრომელი ხალხი კომუნისტების ხელმძღვანელობით... თუმცა ჯობს აქ შევჩერდეთ, რადგან ეს მხოლოდ ვარაუდია...

ყოველ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ კრემლის დირექტივის თანახმად, საბჭოთა გენერალურ შტაბში, მთავარ სადაზვერვო სამმართველოსა (გრუ) და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შესაბამის სტრუქტურებში ნამდვილად მუშაობდნენ თურქეთის გასაბჭოების გეგმაზე.

ოცნება ტრაპიზონის ოლქკომზე 1946 წლის გაზაფხულისათვის მთელი საქართველო თურქეთში საბჭოთა ჯარების შესვლის მოლოდინით ცხოვრობდა. დღე-დღეზე ელოდნენ "სოვინფორმბიუროს" ცნობასა და იური ლევიტანის ხმას: "დღეს საბჭოთა ჯარებმა წარმატებული სამხედრო ოპერაციის შედეგად შავი ზღვის წითელდროშოვანი სამხედრო ფლოტის საბრძოლო ხომალდების მონაწილეობით, დაიკავეს ქალაქი ტრაპიზონი, დღესვე ამიერკავკასიის წითელდროშოვანი სამხედრო ოლქის ჯარები შევიდნენ ქალაქ ართვინში". ეს არ იყო მოსალოდნელი საფრთხის მოლოდინი - არ იყო შიში, არ იყო წუხილი, პირიქით, ყველა სიხარულითა და სიამაყით ელოდა მოვლენების განვითარებას. რასაკვირველია, შემოერთებულ თუ დაკავებულ–ოკუპირებულ ტერიტორიებზე აუცილებელი იქნებოდა საბჭოთა ხელისუფლებისა და პარტიული ორგანოების ჩამოყალიბება. ცხადია, კრემლი ამ მიმართულებითაც მუშაობდა: იქმნებოდა ოლქკომების, ქალაქკომებისა და რაიკომების მდივნების, აგრეთვე საქალაქო და რაიონული აღმასკომების თავმჯდომარეების კანდიდატთა სიები. მაგალითად, სხვადასხვა წყაროთი ირკვევა, რომ საქართველოს კომპარტიის ტაო-კლარჯეთის საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად უნდა დანიშნულიყო მიხა ცხაკაია, ხოლო სომხეთის კომპარტიის ყარსის საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად ანტონ კოჩინიანი, რომელიც ერევნის კოტაიკის რაიკომის პირველი მდივნად მუშაობდა. გარდა ამისა, კრემლში, იოსებ სტალინთან, საუბარი იყო ცნობილი თურქი კომუნისტი მწერლის, ნაზიმ ჰიქმეთის საბჭოთა თურქეთის ხელმძღვანელად დანიშვნის თაობაზე.

ალბათ, დღეს ბევრს აღარ ახსოვს, რომ ტრაპიზონისა და ართვინ-არტაანის დაბრუნების პრობლემა ფართოდ იყო ასახული ქართულ ლიტერატურაშიც: იბეჭდებოდა მოთხრობები ("მტკვრის სათავისკენ"), იწერებოდა და იდგმებოდა პიესები ("ჩაძირული ქვები"), იქმნებოდა პოემები და ლექსები... აი, ამონარიდი გრიგოლ აბაშიძის ლექსიდან "ოცნება ტრაპიზონის ოლქკომზე": „

"გზის გასწვრივ დგანან ალვები მწკრივად, თეთრად გაჰკვრია ზეცას ღრუბლები, მე ტრაპიზონის ოლქკომში ვზივარ, ოლქკომის მდივანს ვესაუბრები. კედელზე რუკა ჰკიდია ოლქის, მდივანი დასცქერს გადაშლილ ფურცელს, სახეზე დაჰკრავს იერი კოლხის და ლაპარაკში ლაზურად უქცევს".

ამ ოცნებას განხორციელება არ ეწერა.

"მზადება სტამბოლზე ლაშქრობისათვის დროებით შეჩერდეს“

1947 წლის დასაწყისისათვის თურქეთის ისედაც კრიზისული საერთაშორისო მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ამას ანკარის მოკავშირე დიდი ბრიტანეთის განცხადებაც დაემატა, რომლის თანახმად იმ მომენტისათვის დაუნინგ–სტრიტს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისათვის - საბერძნეთისა (სადაც კომუნისტების გავლენა სწრაფად იზრდებოდა) და თურქეთისათვის (რომელსაც საბჭოთა კავშირი ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებდა) ქმედითი დახმარების გაწევა არ შეეძლო.

ამ მძიმე ჟამს ანკარას მხსნელად მოევლინა ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც სულაც არ იყო დაინტერესებული საბჭოთა კავშირის გავლენის ზრდით ახლო აღმოსავლეთში. ძალის დემონსტრაციის მიზნით თურქეთის ხმელთაშუა ზღვის პორტებში იმატა ამერიკული სამხედრო ხომალდების ვიზიტებმა, 1947 წლის 12 მარტს კი პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა გამოაცხადა, რომ თურქეთს 200 მილიონი დოლარით დაეხმარებოდა (სამხედრო სფეროში). ფაქტობრივად, ამით დაიწყო ვაშინგტონისა და მოსკოვის მეტოქეობა თურქეთისათვის.

გაეროს გენერალური ასამბლეის პირველსავე სესიაზე, ლონდონში, 1947 წლის ოქტომბერში, საბჭოთა დელეგაციის მეთაური ანდრეი ვიშინსკი შეტევაზე გადავიდა და ამერიკას ბრალი აგრესიულობაში დასდო, შემდეგ არც თურქეთი დაივიწყა და მას ომის გამჩაღებელი“უწოდა, რადგან იქ ახალი ომის პროპაგანდა მიმდინარეობსო. გენასამბლეის სესიას გაეროში თურქეთის წარმომადგენელი სელიმ რაუფ სარფერიც  (ყოფილი ელჩი მოსკოვში) ესწრებოდა, რომელმაც, რასაკვირველია, ანდრეი ვიშინსკის ბრალდება უარყო, თურქები არ არიან ომის გამჩაღებლებიო და პირიქით, საბჭოთა კავშირი ანტითურქულ კამპანიაში ამხილა. თურქმა დიპლომატმა ტრიბუნაზე გამოსვლისას წაიკითხა საბჭოთა პრესაში დაბეჭდილი ჩვენთვის უკვე ცნობილი მასალები და ხაზი გაუსვა ტერიტორიულ პრეტენზიებს - ართვინის, არტაანისა და ყარსის საკითხებს.

გაეროს ტრიბუნაზე სიტყვით გამოსულმა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა ჰექტორ მაკ-ნეილმა თურქი კოლეგის პოზიცია გაიზიარა (ეს არის დიდი სახელმწიფოს წარმომადგენლის გალაშქრება მცირე სახელმწიფოს წარმომადგენლის წინააღმდეგ), ხოლო მეორე მსოფლიო ომში თურქეთის აგრესიული მიზნების მხილებისას ანკარას დიპლომატიურად„პირი მოსწმინდა (მართალია, ზოგიერთი მცირე სახელმწიფო ცდილობდა სარგებლობა მიეღო დიდ სახელმწიფოებს შორის წარმოებულ ომში, მაგრამ ამ განზრახვას აგრესიის ხასიათი არ ჰქონიაო). იმავდროულად ჰექტორ მაკ-ნეილმა მკაცრად გააკრიტიკა საბჭოთა პრესა, რომელიც სუბიექტურად აშუქებდა გაეროს გენასამბლეის სესიაზე გამომსვლელთა სიტყვებს.

საბოლოოდ, გაეროს გენასამბლეის სესიამ უარყო ანდრეი ვიშინსკის რეზოლუციის პროექტი, რომელშიც თურქეთი დაგმობილი იყო როგორც ახალი ომის ერთ-ერთი გამჩაღებელი საბჭოთა კავშირსა და სხვა სახალხო–დემოკრატიულ ქვეყნებთან. გაერო შემოიფარგლა მშვიდობის დარღვევის მცდელობის, ომის პროპაგანდისა და აგრესიის ზოგადი დაგმობით.

როგორც ვხედავთ, მართალია, გაეროში კრემლის ანტითურქულ პოლიტიკას წინ დასავლეთი აღუდგა და თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადა, მაგრამ მოსკოვი არ ნებდებოდა და ბაგირს მაინც თავისაკენ ექაჩებოდა. თუმცაღა, საერთაშორისო მოვლენების განვითარების კვალობაზე შეიძლება ითქვას, რომ გენასამბლეის ტრიბუნაზე ვიშინსკის გამოსვლა უფრო ბოლო გასროლას ჰგავდა, ვიდრე აქტიური პოლიტიკის გაგრძელებას.

მაინც რა მოხდა ისეთი, რის გამოც იოსებ სტალინის სურვილები და შესაძლებლობები ერთმანეთს არ დაემთხვა?

ზოგიერთი მკვლევრის მტკიცებით, იოსებ სტალინის გეგმის ჩაფუშვა თითქოსდა აშშ-ის მიერ ატომური იარაღის შექმნის ფაქტორს გამოუწვევია და ამ თვალსაზრისის დასადასტურებლად იშველიებენ გენერალისიმუსის სიტყვებს, რომელიც მას თავისი გარემოცვისათვის თითქოსდა პოტსდამის კონფერენციის დასასრულს უთქვამს: "მზადება სტამბოლზე ლაშქრობისათვის დროებით უნდა შევაჩეროთ, თურქები იაპონელების მადლობელი უნდა იყვნენ, რომ გადარჩნენ". ამგვარი მტკიცება საფუძველს მოკლებულად მიგვაჩნია - ატომური ბომბი ჰიროსიმასა და ნაგასაკიში 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს ჩამოაგდო, თურქეთში საბჭოთა აგრესიისათვის მზადებამ კი პიკს 1946 წლის გაზაფხულზე მიაღწია. ასე რომ, ტრუმენისეული "ყურში ჩაწვეთება", გეშინოდეთ, ჩვენ ბომბი გვაქვსო, კობას ფაქტობრივად აინუნშიაც არ ჩაუგდია. როგორც ჩანს, თურქეთი გასაბჭოებას შემდეგმა მოვლენებმა გადაარჩინა:

პირველი - დასავლეთის ზეწოლის გამო მოსკოვი იძულებული გახდა ირანიდან საბჭოთა ჯარების 35-ათასიანი დაჯგუფება გაეყვანა (თეირანთან 1942 წელს დადებული ხელშეკრულების შესაბამისად). ამით მნიშვნელოვნად შესუსტდა თურქეთზე სამხედრო დარტყმის ეფექტი;

მეორე - მოსკოვი ხედავდა, რომ დასავლეთი თურქეთს სოლიდარობას უცხადებდა და  დახმარებას უწევდა. საბჭოთა კავშირმა ვერ შეძლო ამ მხარდაჭერის განეიტრალება;

მესამე - საბჭოთა კავშირის ანტითურქულმა კურსმა თურქი ხალხის არნახული კონსოლიდაცია გამოიწვია. ასეთ სიტუაციაში უკვე ძნელი იქნებოდა თურქეთის სწრაფი დამარცხება, ოპერაციის გაჭიანურება კი მოსკოვს კარგს არაფერს უქადდა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით საბჭოთა გენშტაბი მიხვდა, რომ თურქეთის ოკუპაცია დიდ ზარალს გამოიწვევდა როგორც მატერიალური, ისე სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით.

მოგვიანებით, 1948 წელს, თურქეთი "მარშალის გეგმას" შეუერთდა, 1952 წელს კი ნატოს სამხედრო ბლოკის წევრადაც მიიღეს. ამ მოვლენებში უდიდესი როლი სწორედ თურქეთ-საბჭოთა კავშირის დაპირისპირებამ შეასრულა. მართალია, ანკარასა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ გაწყვეტილა, მაგრამ კრემლმა უკან გაიწვია თავისი ელჩი სერგეი ვინოგრადოვი და ეს გაწვევა“დაახლოებით ორი წელი გაგრძელდა. მინიმუმამდე შემცირდა და თითქმის შეწყდა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირები, უმკაცრესი კონტროლი დაწესდა საბჭოთა სასაზღვრო ზონებშიც.

"საქართველოს აღარ აქვს პრეტენზიები თურქეთთან“

იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდგომ, 1953 წლის მაისში სსრ კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა, ნიკიტა ხრუშჩოვის მითითებით თურქეთის ელჩს მოსკოვში ფაიქ ხოზარს ასეთი განცხადება წარუდგინა: "საბჭოთა მთავრობამ, რომელმაც ბოლო ხანებში მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობის საკითხები განიხილა, ყურადღება მიაპყრო საბჭოთა კავშირ-თურქეთის ურთიერთობასაც. კეთილმეზობლობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით საქართველოსა და სომხეთის სსრ-ების მთავრობებმა ჩათვალეს შესაძლებლად, რომ უარი თქვან თურქეთთან ტერიტორიულ პრეტენზიებზე. რაც შეეხება სრუტეების საკითხს, საბჭოთა მთავრობამ შეცვალა წინანდელი აზრი ამ საკითხზეც. ამრიგად, საბჭოთა მთავრობა აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირს არ აქვს არავითარი ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთთან".

თუმცა მოსკოვის ამგვარ დიპლომატიურ უკან დახევას მეზობელთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე მაინცდამაინც დადებითი გავლენა არ მოუხდენია: თურქეთი კვლავ უნდობლობით ეკიდებოდა საბჭოთა კავშირს. მოსკოვისა და ანკარის ცივი ურთიერთდამოკიდებულება შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდა, თითქმის 80-იანი წლების დასაწყისამდე. საბჭოთა სპეციალურ ლიტერატურაში ამის მიზეზად დასახელებულია სტალინის პიროვნების კულტი და მისი შეცდომები, თუმცა პასუხისმგებლობის დიდი წილი მოლოტოვსაც ეკისრება.

რამდენად სამართლიანი იყო საბჭოთა კავშირის (საქართველოს) პრეტენზიები თურქეთთან?

ძალზე ძნელია ერთგვაროვანი და კატეგორიული პასუხის გაცემა. რასაკვირველია, ქართველი ხალხისათვის ისტორიული მიწა-წყლის დაბრუნება ყოველთვის სასურველი იყო, მაგრამ იმავდროულად განუხორციელებელიც -  თურქეთისთვის პრეტენზიების წაყენებისას საბჭოთა კავშირმა ისარგებლა ძალის პრინციპით, მაგრამ მას ძალითვე უპასუხეს და უკან დაახევინეს. არადა, 1944-45 წლებში, როცა ტერიტორიების დაბრუნების შედარებით უმტკივნეულო და რეალური შანსი არსებობდა, იოსებ სტალინმა რატომღაც უარი თქვა, 1946 წელს კი უკვე დაგვიანებული იყო.

სიმონ კილაძე