ასე იწერებოდა შედევრები - კვირის პალიტრა

ასე იწერებოდა შედევრები

ხელოვნების ნიმუშის, მით უფრო - შედევრის შექმნისათვის ავტორს შემოქმედებითი გენიის გარდა ხშირად კონკრეტული მიზეზიც სჭირდება, რომლის ზეგავლენითაც "სულის ქურაში" არსებული სახეები და მელოდიები ფორმას იძენს და ცოცხლდება.ასე, მაგალითად, ვაჟა-ფშაველას "ბახტრიონის" შექმნას აკაკი წერეთლის "ბაში-აჩუკს" უნდა ვუმადლოდეთ. ვაჟას არ ესიამოვნა, რომ აკაკი თავის მოთხრობაში სპარსელთა წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების ამბების აღწერისას ფშავ-ხევსურებს არსად ახსენებდა, არადა, აჯანყების წარმატება სწორედ მთიელთა აქტიურმა მონაწილეობამ განაპირობა, ჰოდა, არაჩვეულებრივ მოთხრობას დიდებულმა პოემამ დაუმშვენა გვერდი. ისიც ცნობილია, რომ დიდი ქართველი პროზაიკოსის, რევაზ ინანიშვილის რამდენიმე შედევრი სწორედ მას შემდეგ შეიქმნა, რაც მეგობრებმა იგი ოთახში ჩაკეტეს და დაემუქრნენ, სანამ მოთხრობას არ დაწერ, გარეთ არ გამოგიშვებთო. მკითხველთა გასახარად, პირობა ორივე მხარემ შეასრულა.

ამ მხრივ უაღრესად საინტერესო "წარმომავლობა" აქვს ყველა ქართველისათვის უსაყვარლეს ორ ქართულ მელოდიასაც.

გასული საუკუნის 50-იანი წლებია. მეგობრები და კოლეგები - არჩილ კერესელიძე და რევაზ ლაღიძე სასტუმრო "ივერიის" რესტორანში ქეიფობენ. ბუნებრივია, სუფრაზე საუბარი მუსიკაზე ჩამოვარდა და ხუმრობით ერთგვარი პაექრობა გააჩაღეს, არა მე გჯობივარ, არა - მეო. არჩილ კერესელიძემ განაცხადა: მე ისეთ სიმღერას დავწერ, მეორე დღეს მთელი საქართველო იმღერებსო. რევაზ ლაღიძემ მიიღო გამოწვევა და უპასუხა: მე კიდევ, ისეთ სიმღერას დავწერ, მეორე დღეს მთელ თბილისს რომ აამღერებსო. სიტყვა ორივემ შეასრულა - "ყელსაბამს" და "თბილისოს" მეორე საუკუნეა, მღერის თბილისი და მთელი საქართველო.

მოამზადა ლადო გოგუაძემ