თირკმელი ლომუსათვის - კვირის პალიტრა

თირკმელი ლომუსათვის

შოუბიზნესისა და სპორტის ვარსკვლავების თაყვანისმცემლები რას არ სჩადიან, რათა თავიანთ კერპს სიყვარული და ერთგულება დაუმტკიცონ. მაგალითად, ახლახან გარდაცვლილი მაიკლ ჯექსონის რამდენიმე თაყვანისმცემელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ხოლო 40 წლის წინ პარიზში პერ ლა შეზზე დაკრძალული "დორსის" ლიდერის - ჯიმ მორისონის საფლავი მისი თაყვანისმცემლებისათვის საკულტო შეკრებების ადგილად იქცა, რის გამოც ქალაქის ხელისუფლება მუსიკოსის სხვაგან გადასვენებას აპირებს. თუმცა, რაგბის ახალზელანდიელი ვარსკვლავის, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მორაგბის ჯონა ლომუს შემთხვევა მაინც განსაკუთრებული და ამაღელვებელია.

1995 წელს ახალი ზელანდიის ნაკრებთან ერთად მან პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული - ფინალში ინგლისელებს 4 ლელო დაუდო. ამ დღიდან მოყოლებული მსოფლიოს რაგბის სამყაროში დამკვიდრდა აზრი, რომ ლომუს შეჩერება შეუძლებელი იყო. ასე გრძელდებოდა 7 წლის განმავლობაში, სანამ ექიმებმა ახალზელანდიელ გოლიათს უმძიმესი დიაგნოზი არ დაუსვეს - მას თირკმლების პათოლოგია აღმოაჩნდა და სასწრაფოდ ეს ორგანო უნდა გადაენერგათ. მაღალანაზღაურებად ვარსკვლავს, ცხადია, ამ ოპერაციის გაკეთება არ გაუჭირდებოდა, მხოლოდ შესაფერისი დონორის პოვნა იყო საჭირო. ასეთიც გამოჩნდა - ლომუს ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა სურვილი გამოთქვა, თავისი ორი  ჯანმრთელი თირკმლიდან ერთი მისთვის დაეთმო. ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

მოამზადა ლადო გოგუაძემ