პასუხი - კვირის პალიტრა

პასუხი

ნიკო კეცხოველის რექტორობის პერიოდში სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართველი მწერლებისა და პოეტების სამჭედლოდ იქცა, რამაც 60-70-იან წლებში ქართულ ლიტერატურას "ოქროს ხანა" დაუყენა.

მართლაც დიდი პედაგოგი გახლდათ, უამრავი სასახელო მოწაფის აღმზრდელი, აკადემიკოსი... მაგრამ ვერც თანამდებობამ, ვერც რეგალიებმა ვერ დააკარგვინა ნიკო კეცხოველს  ჩვეული სიალალე და პირდაპირობა...

ბატონ ნიკოს ერთი ფშაველი სტუდენტი ჰყავდა, "ყოვლად უდისციპლინო" - ცუდად სწავლობდა, ლექციებს აცდენდა, მაგრამ ერთი ღირსებაც ჰქონდა -  როგორც ფშაველთა უმრავლესობა, ისიც საოცარი ქართულით საუბრობდა და მშვენიერ ლექსებს  წერდა. ამის გამო მასწავლებელს არ ეთმობოდა, არადა არც ის იშლიდა უსაქციელობას... ბოლოს აღმზრდელმა ულტიმატუმი წაუყენა: წადი, სოფლიდან მამაშენი ჩამოიყვანე, იქნებ ერთად რამე შეგასმინოთ, თუ არა და - გაგრიცხავო.

წაიღო ნიკო კეცხოველის წერილი ფშაველმა და წავიდა მამის ჩამოსაყვანად. რამდენიმე დღის შემდეგ მარტო დაბრუნდა - რა ვქნა, ცხვარში იყო,  რანაირად არ ვეხვეწე, მაინც არ წამომყვა. რომ არ იფიქროთ, გატყუებთ, წერილი დავაწერინეო და ნიკო კეცხოველს მისივე გაგზავნილი წერილის უკანა მხარეს მიწერილი პასუხი გაუწოდა: "ხმალი გიგზავნე სალესად, ჟანგიანს რად მიბრუნებ, ნასწავლო კაცო?" - ეწერა მოკლედ. გადაირია ბატონი ნიკო - აკადემიკოს კაცს უბრალო მწყემსმა ჭკუა მასწავლა, ის კი არ უნდა ჩამოვიდეს, მე უნდა ჩავიდე მასთან და ბოდიში მოვუხადოო.