ამერიკული გამანადგურებლების ქართველი მამა - ალექსანდრე ქართველიშვილი - კვირის პალიტრა

ამერიკული გამანადგურებლების ქართველი მამა - ალექსანდრე ქართველიშვილი

ამერიკის ადმინისტრაცია არაფერს იშურებდა და უზუსტესი ხელსაწყოების დასამზადებლად ოქროთი დატვირთული საბარგო მანქანებიც კი შეუყვანია ქარხანაში და გადაუცია ქართველიშვილისთვის, რომელიც რუზველტმა უმაღლესი ჯილდოთი - მედლით "სახელმწიფო თავდაცვისთვის" დააჯილდოვა.

ქართველ ემგრანტზე ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი გვესაუბრება:

- ამერიკის ავიამრეწველობაში დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ კონსტრუქტორს - ალექსანდრე ქართველიშვილს. მისმა სახელმა გასული საუკუნის 80-იან წლებში შემოაღწია საქართველოში. მას წერილები უძღვნეს მერი როდე-ჩიჯავაძემ, ოთარ ერემეიშვილმა, ნუკრი გაბროშვილმა და სხვებმა. რამდენიმე სტატია მეც დავბეჭდე, ვრცელი ვარიანტი შევიტანე 2002 წელს გამოცემულ წიგნში "ქართველი მრეწველები და გამომგონებლები ამერიკაში". რეჟისორმა რამაზ ბლუაშვილმა კი მოძებნა მისი საფლავი და არქივი, საქრთველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გავიდა რამდენიმე ფილმი და სიუჟეტი. ინტერნეტშიც გამოჩნდა საიტებიც. მიუხედავად ამისა, ქართველიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა ქართველი საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ არ არის კარგად ცნობილი.

ალექსანდრე ქართველიშვილი 1896 წელს დაიბადა თბილისში. დაამთავრა I გიმნაზია, 1917 წელს - იუნკერთა სასწავლებელი. დაინტერესდა ტანვარჯიშით, ჩაეწერა ჰაერნაოსნობის წრეშიც, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, იყო არტილერისტი და ბატარეის მეთაური. თავისუფალ დროს კაპიტან მაჭავარიანის ავიარაზმის წევრებთან ატარებდა. მაშინ გადაწყვიტა ავიატორი გამხდარიყო.

- თუ არ ვცდები, პირველად საფრანგეთში წავიდა

- დიახ, 1919 წელს სამხედრო განათლების დასასრულებლად ალექსანდრე პარიზში გაგზავნეს. აეროკლუბის დამთავრების შემდეგ, უმაღლესი საავიაციო სასწავლებლის საინჟინრო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. ამასთან, ელექტროტექნოლოგიის უმაღლესი სასწავლებლის დიპლომიც მიიღო. სწავლის დამთავრების შემდეგ, ლუი ბლერიოს საავიაციო კომპანიაში ახალი მოდელების გამოცდისას, კისრის მალა და ხერხემალი დაიზიანა. იძლებული გახდა, პილოტობაზე უარი ეთქვა და "Societe Industriale"-ს კონსტრუქტორი გახდა, სადაც მისმა "Bernar-Ferbua V-2"-მა მსოფლიო რეკორდი დაამყარა სიჩქარეში. პარალელურად მუშაობდა ტრანსატლანტიკური გიგანტური თვითმფრინავის პროექტზე. ამისთვის კი დიდი თანხები იყო საჭირო. ამიტომ ამერიკაში წასვლა ურჩიეს. საქართველოს წარმომადგენლის, ვასო დუმბაძისა და მინის მრეწველის, მილიონერ გრიგოლ კობახიძის (ჯორჯ კობის) დახმარებით გაიცნო ცნობილი კონსტრუქტორი და დიზაინერი, მილიონერი ჩარლზ ლევინი, რომელიც აღტაცებული დარჩა ქართველიშვილის პროექტებით და 1927 წელს ლონგ-აილენდზე თავის კომპანიაში მიიწვია. იქ ქართველიშვილის "Columbia Triadi" თავის კლასში საუკეთესო იყო. საჰაერო მიმოსვლის ყოველკვირეული ფრანგული ჟურნალი სინანულს გამოთქვამდა, რომ საფრანგეთმა ვერ შეინარჩუნა ასეთი გენიალური კონსტრუქტორი.

საკუთარი ავიაკომპანიის შექმნაში ქართველიშვილს მსოფლიო კრიზისმა - "დიდმა დეპრესიამ" შეუშალა ხელი. 1931 წელს ის ჰოლანდიელი ანტონიო ფოკერის ფირმის ამერიკულ ფილიალში რუსმა ემიგრანტმა ალექსანდრ სევერსკიმ მიიწვია. მის კორპორაციაში შექმნილმა მოდელმა ამფიბია "Sev-3"-მა მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. სამხედრო მანქანად გადაკეთებულმა ორადგილიანმა P-35-მა პოპულარობა მოიპოვა სამხედრო მფრინავთა შორის - იგი დიდ პარტიებად შეიძინა შვეციამ, იაპონიამ, ჩინეთმა, რამაც ქართველიშვილს აღიარება მოუტანა.

1938 წელს კორპორაციის ხელმძღვანელობაზე სევერსკიმ უარი თქვა, კორპორაციას "Republic Aviacorporation"-ი ეწოდა და ვიცე-პრეზიდენტად და მთავარ ინჟინრად ქართველიშვილი დანიშნეს, სადაც 1939 წელს ახალი გამანადგურებლის დაპროექტება დაიწყო.

მეორე მსოფლიო ომის დროს თავდაცვის სამინისტროს მიერ კორპორაციისათვის ახალი საბრძოლო მანქანების წარმოებაზე 1940 წელს დადებული კონტრაქტით ქართველიშვილმა შექმნა გამანადგურებელი P-47 "მეხთამფრქვევი" (Thunderbolt), რომელმაც საფუძველი ჩაუყარა "მეხთა" ოჯახს. პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი კონსტრუქტორებს აჩქარებდა, სურდა, დროზე მიეწოდებინათ მანქანა ფრონტისათვის.

მომდევნო მოდიფიკაციებს ბომბდამშენთა ესკორტირებისათვის იყენებდნენ. მათ ასაწყობად მთავრობამ ფირმას ევანსვილსა და ფარმინგდეილის საავიაციო ქარხნები გადასცა. შეიძლება ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომში საჰაერო ბრძოლები მოიგო ამ ერთმოტორიანმა გამანადგურებელმა, რომელიც არა მარტო ამერიკის, არამედ ინგლისის, საფრანგეთის, ბრაზილიის, შემდეგ ლენდ-ლიზით საბჭოთა კავშირის შეიარაღებაში იყო. ეს იყო ყველაზე მრავალრიცხოვანი გამანადგურებელი ამერიკის ავიაციის ისტორიაში. მას იყენებდნენ ომის ყველა ფრონტზე, აგრეთვე აფრიკასა და შორეულ აღმოსავლეთში. "Republic Aviacorporation"-მა თვითმფრინავებისათვის არმიისა და საზღვაო ფლოტის 7 უმაღლესი ჯილდო მიიღო.

- მომდევნო წარმატება რა იყო?

- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმატება ხვდა ატომური ბომბით აღჭურვილ მის რეაქტიულ F-84 (Thunderjet)-ს, რომელიც ერთდროულად გამანადგურებელიც იყო, გამცილებელიც და ბომბდამშენიც, იყენებდნენ კორეის ომში, როგორც მთავარ დამრტყმელ ძალას. მისი მოდიფიკაცია F-84 (Thunderjet) აშშ-ის ავიაციისა და ნატოს შეიარაღებაში შევიდა როგორც ძირითადი გამანადგურებელ-ბომბდამშენი. 1945 წელს მუშაობა დაიწყო ისრისებრი ფრთების მქონე F-91 (Thunderceptor)-ზე, რომელიც 1952 წელს პირველი ზებგერითი თვითმფრინავი გახდა.

ვიეტნამის ომში მონაწილე ქართველიშვილის ზებგერითი F-105 (Thunderjet), ყველაზე დიდი და მძიმე ერთძრავიანი გამანადგურებელი, ახალი სიტყვა იყო ავიაციაში. სსრკ კი ომში არტემ მიქოიანის МИГ-ებს იყენებდა. 1984 წლის 25 თებერვალს ამ თვითმფრინავის ბოლო აფრენით დამთავრდა "Tanderebis" 25-წლიანი ბატონობა.

პენსიაში ორჯერ გასული ქართველიშვილი ორჯერვე დააბრუნეს კომპანიაში. 1974 წელს სხვა ბიუროებთან შეჯიბრებაში გაიმარჯვა მისმა A-10 (Thunderbolt-II)-მა და კმაყოფილი დაბრუნდა ბიუროში, მეორე დღეს კი გარდაიცვალა. 1974 წელს ამერიკის თითქმის ყველა მთავარმა გაზეთმა გამოაქვეყნა ნეკროლოგი. "ვაშინგტონ პოსტი" წერდა: "ალექსანდრე ქართველი "Fairchild Republik Compani"-ის მთავარი ინჟინერი და სამხედრო თვითმფრინავების P-47 "Thunderbolt" და F-105 "Thunderchif" კონსტრუქტორი, გარდაიცვალა გულის შეტევით შაბათს, 20 აგვისტოს, ჰანტიგტონ ლონგ-აილენდში, 77 წლის ასაკში".

მეუღლემ, ჯენიმ, შეუსრულა სურვილი: წესი აუგეს ლონგ-აილენდის ქალაქ საიოსეტის მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

ქართველიშვილის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე მისმა A-10 (Thunderbolt-II)-მა გააგრძელა. 1991 წელს მას ერაყის ომშიც იყენებდნენ. თავისი საბრძოლო თვისებებით ეს თვითმფრინავი შეუცვლელი აღმოჩნდა. A-10 წარმოებასა და აშშ-ის ავიაციისა და ნატოს შეიარაღებაში 2025 წლამდე იქნება.

"გამანადგურებლების მეფის", ქართველიშვილის სახელი შეტანილია წიგნში "Who is Who". იყო ტემპლისა და ბრუკლინის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, სახელმწიფო საავიაციო კომიტეტისა და მრავალი საზოგადოების წევრი. მაგრამ ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ქართულ-კავკასიური საზოგადოების "ალავერდის" წევრობა, სადაც თანამემამულეების გარდა, კავკასიელებთანაც ჰქონდა ურთიერთობა. იყო ამერიკის ქართული სათვისტომოს აქტიური წევრი, რომელსაც დიდ მატერიალურ და მორალურ დახმარებს უწევდა.

საქართველოში დარჩენილ ოჯახის წევრებთან (როგორც მისმა დისშვილმა, ცნობილმა მხატვარმა დიმიტრი ერისთავმა აღნიშნა), თავდაპირველად ინარჩუნებდა ურთიერთობას და ფინანსურ დახმარებასაც უწევდა. მერე კავშირი გაწყდა. ომის დროს ერისთავებმა სცადეს ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ საბჭოთა უშიშროების სამსახურმა ამი უფლება არ მისცა. 60-იან წლებში მისი დის, თამარის ავადმყოფობის გამო, ოჯახი კვლავ დაუკავშირდა ქართველიშვილს. მან ძალიან განიცადა დის ავადმყოფობა, მაგრამ დახმარება ვერ შეძლო, თუმცა ამერიკაში კონსილიუმიც მოუწვევია. როცა 1966 წელს თამარი გარდაიცვალა, დეპეშაში ჩაუწერია, იმით მაინც არის ბედნიერი, რომ მშობლიურ მიწაში დაიმარხებაო.

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების უმეტესი ნაწილი უცხოეთში გაატარა და ახალგაზრდობიდანვე სამშობლოდან შორს მოუხდა ცხოვრება, არასოდეს მოსწყვეტია მშობლიურ კულტურას. რადიო "თავისუფლების" ქართული რედაქციის რედაქტორმა კარლო ინასარიძემ 1969 წელს ამერიკაში ყოფნისას მოინახულა ქართველიშვილი, რომელიც გატაცებით ლაპარაკობდა საქართველოზე, ზეპირად ამბობდა ლექსებს. რუსთაველის სტრიქონებზე "ვაჰ, სოფელო, რა შიგან ხარ..." როგორც ინასარიძე შენიშნავს, "თვალებში ცრემლიც კი მოადგა". პროფესორ გიორგი ნაკაშიძის თქმით, ქართველიშვილს "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად სცოდნია. პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი დავით ჯაფარიძე იხსენებდა, როგორ მივიდა ალექსანდრე ქართველიშვილი ქართველ მოცეკვავეთა კონცერტზე სპეციალური დაცვის თანხლებით, რომლის მსგავსი მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტს თუ ჰყავდა, შემდეგ კი კულისებში აღელვებულს უთქვამს, ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარო. თურმე მისი სახლის კედლებს ქართული ძეგლების ფოტოები ამშვენებდა, ყველაზე საპატიო ადგილას კი "ვეფხისტყაოსანი" იდო.

სტრაფორდში იგორ სიკორსკის მემორიალურ აეროდრომს დღესაც ამშვენებს ქართველიშვილის თვითმფრინავები, ნიუ-იორკში, მუზეუმად ქცეულ მდინარე ჰუძონის მყუდრო ყურეში კი 50-60-იან წლებში თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებს შორის დგანან რეაქტიული ზებგერითი "Republic"-ი და F-84 "Thunderstrik"-ი, როგორც ამერიკული გამანადგურებლების ქართველი მამის - ალექსანდრე ქართველის ძეგლები.

თუ მოხერხდა და მისი სახელგანთქმული P-47 როგორმე ჩამოვა საქართველოში, თუნდაც როგორც სამუზეუმო ექსპონატი, ეს იქნება ალექსანდრე ქართველის სიმბოლური დაბრუნება სამშობლოში.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)