რომანტიკოსი ბიზნესმენი
რომანტიკოსი ბიზნესმენი
"დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო შვილთაგანი, უნაკლო და კეთილშობილი საზოგადო მოღვაწე, ძველ თბილისელ მოქალაქეთა შთამომავალი, ევროპული განათლების მქონე, ქართულ წეს-ჩვეულებებზე აღზრდილი, გერმანიის უნივერსიტეტის ქიმიის დოქტორი, გახლდათ ის პიროვნება, რომელმაც წამოიწყო სამრეწველო წარმოება. იგი მხატვრული ლიტერატურის ფაქიზი დამფასებელი, პრაქტიკოსი საქმის კაცი და მოაზროვნე თეორეტიკოსი იყო", " წერდა გაზეთი "ზაკავკაზიე".

XIX საუკუნის 40-იან წლებში სარაჯიშვილების სავაჭრო სახლი ერთ-ერთი ძლიერი ფირმა იყო. სავაჭრო სახლს კომერციული ურთიერთობა ჰქონდა ჩრდილოეთ კავკასიის თემთან, რუსეთთან, უკრაინასთან,

თურქეთისა და ირანის ქალაქებთან. ზოგიერთ ქალაქში საელჩოებიც კი ჰქონდათ.

დავითი 1848 წელს, აზნაურ ზაქარია სარაჯიშვილის ოჯახში დაიბადა. სარაჯიშვილების საგვარეულო მაშინაც ცნობილი იყო ქველმოქმედებითა და წარმატებული საქმიანობით. მამული სოფელ დიღომში ჰქონდათ, ასევე ფლობდნენ თბილისის ვრცელ შემოგარენ ტერიტორიებს. დავითმა დაწყებითი განათლება ჯერ კერძო, პაკეს პანსიონში, შემდეგ კი ვაჟთა

კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო. ეს ის გიმნაზიაა, რომელსაც უკვე ცნობილი მეწარმე ყოველთვის ეხმარებოდა, მერე კი ანდერძად დიდძალი თანხაც დაუტოვა.

1866 წელს დავითი პეტერბურგში გაემგზავრა და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ერთი წლის შემდეგ ის უკვე გერმანიაში,  ჯერ მიუნხენის, შემდეგ კი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას, რომელსაც 1871 წელს ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით ამთავრებს. საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში დავითი ჩაება ახალგაზრდა ქართველთა მიერ შექმნილი ორგანიზაცია "უღლის" საქმიანობაში. ორგანიზაციის დამფუძნებლები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ნიკო ნიკოლაძე, ვასილ პეტრიაშვილი, გიორგი წერეთელი... მათი მიზანი იყო საქართველოს გათავისუფლება და ეროვნული დამოუკიდებლობა. დავითს კარგად ესმოდა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი იყო სამამულო მრეწველობის წარმოება. ამიტომაც KvirisPalitra.Geსაქართველოს სოფლის მეურნეობით დაინტერესდა. მან საფრანგეთში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა არყის, ლიქიორისა და კონიაკის წარმოების ტექნოლოგია.

როცა საქართველოში დაბრუნდა და გაეცნო ქართული ჯიშის ყურძენს, დარწმუნდა, რომ მისი ქიმიური შემადგენლობა და თვისებები საოცრად ჰგავდა ფრანგულ საკონიაკე მასალად მიჩნეულ ყურძნის ჯიშებს. დავითმა დაიწყო სპირტის გამოხდა ფრანგული წესით და სულ მალე გასაოცარი შედეგი მიიღო. შემდგომში წარმოების ყველა ეტაპი: სპირტის გამოხდის ფრანგული წესი, სპირტის დენატურაცია და დაძველება მუხის კასრებში " დავითის მკაცრი მეთვალყურეობით მიმდინარეობდა. XIX საუკუნის ბოლოს სარაჯიშვილის ფირმა 50-მდე დასახელების სპირტიან სასმელს უშვებდა, ხოლო XX-ის დასაწყისში 60-მდე დასახელების სასმელი გამოდიოდა.

დავით სარაჯიშვილს არყისა და კონიაკის ქარხნები ჰქონდა ერევანში, ყიზლარში, ბაქოში, ვლადიკავკაზში, ბესარაბიაში, ასევე კონიაკისა და ღვინის საწყობები ოდესაში, ვარშავაში, პეტერბურგში, მოსკოვში, კიევში, ვილნიუსში, რიგაში, ხარკოვში, როსტოვში, სამარასა და კიდევ ბევრ ქალაქში. სხვათა შორის, დავითის დისშვილი, გიგუშა ერისთავი, რუსეთის მეფის კარზე, უფლისწულ ალექსის სამხედრო აღმზრდელი იყო, მისი მეუღლე კი გახლდათ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი, მერი შარვაშიძე.

დავით სარაჯიშვილმა პირველმა შემოიღო 8-საათიანი სამუშაო (მანამდე 9-10-საათიანი იყო), ასევე ხელფასის შენარჩუნებით შვებულება, მუშებისათვის მოაწყო სასადილო, გახსნა ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი და რაც მთავარია, ანდერძში დაიბარა, რომ ქარხნებიდან შემოსული თანხები მუშების კეთილდღეობას მოხმარებოდა. დავით სარაჯიშვილი დიდ თანხებს ხარჯავდა ეკლესიების მშენებლობასა და თუ რესტავრაციაზე. დავითის ინიციატივითა და ასევე მისი სახსრებით აშენდა თბილისში ქაშუეთის ეკლესია, რესტავრაცია ჩაუტარდა სვეტიცხოველს, მცხეთის დედათა მონასტერს, იკორთის, მარტყოფის, თბილისის სამების, მთაწმინიდის, კალოუბნისა და კიდევ სხვა ეკლესიებს.

KvirisPalitra.Geქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში დავითს გვერდში ედგა მეუღლე, ეკატერინე ფორაქიშვილი. სამწუხაროდ, მათ შვილი არ ჰყავდათ, თუმცა დავითი ამბობდა: "რას მიქვია უშვილობა? განა ყველა ბავშვი, მომავლის იმედად აღზრდილი, ქვეყნის საკეთილდღეოდ გაწვრთნილი, ჩემი შვილი არ არის?"

სარაჯიშვილმა ნიკო ცხვედაძის თავმჯდომარეობით დააარსა კომიტეტი, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა ევალებოდა. დავითი მათ საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიებს უნიშნავდა. დავითის სტიპენდიანტებს შორის იყვნენ შემდგომში გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები: ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ია კარგარეთელი, კოტე ფოცხვერაშვილი, ვანო სარაჯიშვილი, გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, სოლომონ ჩოლოყაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და მრავალი სხვა. იგი ასევე ეხმარებოდა აკაკი შანიძეს, გერონტი ქიქოძეს, თედო სახოკიას...

1911 წელს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, ქვეყნისა და ერის დიდი გულშემატკივარი კაცი გარდაიცვალა. მისმა ანდერძმა კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა საზოგადოება, " მისი მრავალმილიონიანი ქონება ქართველი ერის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. იაკობ გოგებაშვილმა თქვა, თავისი ანდერძით სიკვდილი დათრგუნა და ბრწყინვალე შარავანდედით შეიმოსაო.

მართლაც, გამორჩეული ადამიანი იყო, ქვეყნისა და ერის დიდი გულშემატკივარი,  ქველმოქმედი და მეცენატი.

(სპეციალურად საიტისათვის)

marika
21 დეკემბერი 2011 15:13
ძალიან კარგი იქნება თუ მის ანდერძსაც გამოაქვეყნებთ. ვერსად ვერ მოვიძიე სრული ვერსია. მადლობა სტატიისთვის
koba
05 დეკემბერი 2011 20:15
კარგი სტატიაა. უფრო მეტი წერეთ ასეთ ადამიანებზე
ramazi
02 დეკემბერი 2011 14:45
იქნებ წაიკითხონ ეს სტატია ხელისუფლების წევრებმა. იქნებ დაწეროთ ხოშტარიასა და არაყიშვილებზეც!
იქნებ წაიკითხონ, რომ დარწმუნდნენ მდიდარი, კეთილშობილი ქართველები რაოდენ მნიშვნელოვანია ერისთვის!

რას წერთ? რუსეთშიჰქონდა ბიზნესიოოოო?
ამას რას აკეთებთ, რუსეთის აგენტად გამოაცხადებენ ახლა სულმნათ ქართველს!
:)))

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები