მეფე ერეკლეს გმირები - კვირის პალიტრა

მეფე ერეკლეს გმირები

მეფე ერეკლე ყოველი ომის გადახდის შემდეგ ყველა გმირს შვილებივით ჩამოთვლიდა, ყველა გმირის სახელი იცოდა.

1774 წელს მეფე ერეკლემ მორიგე ჯარი  შექმნა და ლეკთაგან შევიწროებულ ქვეყანას პატრონი გაუჩინა. ერთთვიან ჯარში ყველა მიდიოდა - მეფეც, მეფისწულიც, გვარიანიც და უგვაროც. ვაჟკაცობისა და თავდადების მაგალითს მათ პირველ რიგში მეფე ერეკლე აძლევდა. ომში თუ რომელიმე გმირს მოუკლავდნენ, თვალთაგან ცრემლი წამოუვიდოდა, გამოუდგებოდა მკვლელს და მანამდის არ დაცხრებოდა, ვიდრე სამაგიეროს არ გადაუხდიდა.

გავიხსენოთ თავდადებული ქართველები.

დავით ლარაძე. 1752 წელს, ნუხის ხან აჯი-ჩალაბთან ომში, რომელშიც თეიმურაზი და ერეკლე დამარცხდნენ, დავითსა და მის ძმას დიდად უმარჯვიათ. დავითს მტრის სამი საუკეთესო მებრძოლი მოუკლავს და მათი თავები ერეკლესთვის მიურთმევია, მისი ძმა, პაატა, ამ ბრძოლაში დაღუპულა...

1755 წელს ავარიის ხანი, ხუნძახის ბატონი ომარი დაღესტნიდან კახეთში გადმოვიდა და ოცი ათასამდე მეომრით ყვარლის ციხეს შემოადგა. ალყა ერთ თვემდე გაგრძელდა. გაუჭირდათ მეციხოვნეებს - მტერმა წყალი შეუწყვიტა, ტყვია-წამალიც ელეოდათ. დათქვეს, თუ საშველი არ გამოჩნდა, გავიდეთ და თავი შევაკლათო, მაგრამ ქალებისა და ბავშვებისთვის რა ექნათ? მეციხოვნეებს შორის ყოფილა დავით ლარაძეც. როცა ხალხს სასო წარკვეთია, უთქვამს: - ნუ წუხხართ, ძმებო, ამაღამ წავალ და წყალს გიშოვით, თუ ვერ გადავრჩი, ჩემი სისხლი თქვენი სიცოცხლის სანაცვლო იყოსო.

როგორც კი შემწუხრდა, დავითი მალულად გავიდა ციხიდან, მიადგა იმ ადგილს, სადაც ციხისკენ მიმავალი წყარო გადაეკეტათ. წყალს თორმეტი ავარიელი იცავდა. დავითმა მცველები ხანჯლით ამოხოცა, წყალი ციხეს მიუგდო და სიცოცხლის ძალი შემატა იქ მყოფთ, მერე კი სატახტო ქალაქისკენ გაემართა და მეფეებს ეს ამბავი შეატყობინა. უმალვე გამოჩნდა ორასი გულადი ქართველი, რომლებიც მზად იყვნენ, თავი მსხვერპლად შეეწირათ ქვეყნისა და სარწმუნოებისათვის. თეიმურაზმა და ერეკლემ ამ ორას კაცს დავით ლარაძე უწინამძღვრეს, გაატანეს ტყვია-წამალი და ციხიონთა დასახმარებლად გაგზავნეს. მიადგნენ ქართველები მტრის ბანაკს და ერთდროულად დაცალეს თოფები. ბანაკი აირია. ქართველებმა დრო იხელთეს და ციხეში შეცვივდნენ. ამასობაში, თეიმურაზი თელავში დადგა, ერეკლემ კი ქიზიყელების დახმარებით ჭარი მოარბია.  შეშინებული ავარიის ხანი აიყარა და გაიქცა.

ბერი თომა. კვლავ შეკრიბა ჯარი ნურსალ-ბეგმა, დაესხა ქიზიყის სოფელ ბოდბეს და რამდენიმე უბანი აიკლო. უკნიდან ეკვეთნენ ლეკებს ქიზიყელნი. გაიმართა საშინელი ბრძოლა. იმ დროს წმინდა ნინოს ტაძარში მრავალ ახალგაზრდას ზრდიდა მღვდელ-მონაზონი თომა გარსევანიშვილი. მამა თომა გაუძღვა თავის მოწაფეებს, აიყვანა მაღალ ქედზე. მოწაფეებმა გრძელ ჯოხებზე დაამაგრეს ხელსახოცები და ბაირაღებად აღმართეს. ამის შემხედვარე ლეკებმა იფიქრეს, ქართველებს დიდძალი მაშველი ჯარი მოუვიდათო და შეშინებულნი გაიქცნენ. მიჰყვნენ ქიზიყელნი და ათასზე მეტი კაცი მოუკლეს ლეკებს. ამ ბრძოლაში ერთმა ლეკმა ტყვედ ჩაიგდო ქიზიყელი დედაკაცი და გაუპატიურებაც მოუნდომა. დედაკაცმა წააძრო ლეკს ხანჯალი, მოკლა და ასე განერიდა სირცხვილს.

გოგია ხამხაძე. მცხეთელი იყო გოგია. 1756 წელს ლეკის ჯარი მოედო ქართლს. ერთი ნაწილი საგურამოს თავზე დადგა. გოგია ხამხაძე და გივი ბოდბელი მიუხდნენ ვახშმობისას ლეკებს, დაერივნენ ხმალდახმალ და ამოჟუჟეს...

KvirisPalitra.Geერთი ხუნძახელი მაჰმადა ბელადი მცირე გუნდებით ჩამოიჭრებოდა ქართლში და ქურდულად იკლებდა სოფლებს. მაჰმადას ცხრა ვაჟი ჰყავდა და რომ წამოიზარდნენ, მამას აუხირდნენ: - სხვები დაგყავს გურჯისტანში, ამდიდრებ და ჩვენ შინა ვსხედვართ დედაკაცებივითო. მეტი რა გზა ჰქონდა, გამოუძღვა შვილებს ქართლისკენ. ჩასაფრდნენ ღართის კარში, იმ საღამოსვე დაიჭირეს ოთხი მუხრანელი ბიჭი და არაგვის პირის ჭალაში დააბეს. დაღამდა, კაშკაშა მთვარიანი ღამე იყო. ფონთხელიდან გოგია ხამხაძე მოდიოდა. მოსახვევთან შედგა. მაჰმადამ იცნო და შვილები გააფრთხილა, - მაგას თავი დაანებეთო. არ დაიშალეს. გოგიას წინ მაჰმადას უფროსი შვილი გადაუხტა. შემოჰკრა ხმალი გოგიამ და შუაზე გაწყვიტა. გადახტა მეორე, მესამე... მეცხრე... გამოდი, ვინ ხარ მანდაო, - დაჰკივლა გოგიამ. გამოვიდა თვალცრემლიანი მაჰმადა. "ოჰ, მაჰმად, შენა?.. რამდენჯერ გითხარი, აქ არ დაგინახო-მეთქი?" "რა ვქნა, შვილებს ვერა გავაგონე რა", - თავი დახარა მაჰმადამ. "ტყვეები თუ გყავთ?" - ჰკითხა გოგიამ. ოთხიო და გაუძღვა ჭალისკენ. ტყვეების დანახვაზე გოგიამ გამოჭრა შოლტი და გული იჯერა იმათი ცემით - რათ დაეჭერინეთო... გოგიამ მაჰმადას უფროსი ვაჟის იარაღი მისცა, დანარჩენი - მუხრანელებს დაურიგა და წავიდა მცხეთაში.

1784 წლის მარტის დამდეგს ზაალ გურამიშვილმა ავჭალიდან შეატყობინა ერეკლეს, - 60 ლეკი ზედაზენზე დგასო. მეფემ მაშინვე აფრინა შიკრიკი მცხეთაში გოგია ხამხაძესთან. გოგია შეიმოსა ლეკურად, შემოირტყა ხმალი და ზედაზნისკენ გასწია. საყდართან დაენთოთ ცეცხლი ლეკებს. გოგიამ დაულეკურა და მიუჯდა გვერდით. - ამ სიცივეში რაზე ვიხოცებითო? დაავლო ხელი მუგუზლებს, შეირბინა საყდარში და გააჩაღა ცეცხლი. ლეკებიც მიჰყვნენ და მიუსხდნენ ცეცხლს. გოგიამ იდროვა, გამოვიდა გარეთ და შესძახა ლეკებს - გამოდით, თქვე წუნკლებოო, და სათითაოდ თავები დააყრევინა...

მღვდელი იესე მაჭავარიანი. მეფე ერეკლეს 1764 წელს წყალობის სიგელი უბოძებია გმირისთვის, მღვდელ იესე მაჭავარიანისთვის. იესე ბრძოლასა თუ მშვიდობაში სულ მუდამ თან ახლდა ერეკლეს. ერთხელ ქიზიყში დაღესტნელები და ჭარელნი გადმოვიდნენ სალაშქროდ. ქართველები დაედევნენ, ყარაღაჯამდე მიჰყვნენ. ალაზნისა და ივრის შესაყარში ძნელად გასასვლელმა არხმა შეაფერხა ჯარი. ამ დროს მოვიდა მამა იესე და კადნიერად შესძახა მეფეთ: - ღვთივ განძლიერებულნო, რატომ არ მიუშვებთ მტერზე ამ შეჭურვილ მხედრებსო. რომ ნახა, არხი ღრმა იყო, მოიტანა ბარი, გაკვეთა მიწა და გზა გაავაკა. მალევე მიეწივნენ მტერს და გაიმარჯვეს. მამა იესეს მკლავიც გაუმამაცურებია აზატ-ხანის წინააღმდეგ, ყოფილა მჭადიჯვრის ბრძოლაშიც და მაშინაც, როცა ქართლ-კახელთა და იმერელთა გაერთიანებულმა ლაშქარმა მტერზე გაიმარჯვა. მამა იესე ყველგან მხნედ იყო, კიდევაც წირავდა და იარაღსაც ხმარობდა. როგორც მეფე თეიმურაზი, ასევე ერეკლე "ქალაქს გარეთ მყოფობაში" აღსარებას მამა იესესთან ამბობდნენ. სწორედ ამ ერთგულების გამო მეფე ერეკლემ მღვდელ იესეს უბოძა ამოწყვეტილი თავადის, სვიმონიშვილის ნაქონი მამული.

მღვდელი ქრისტეფორე კეჟერაშვილი-ბადრიძე. მეფე ერეკლეს კარის მოძღვარი, მამა ქრისტეფორე მარტყოფელი ყოფილა. 1749 წელს მეფე თეიმურაზს თან ახლდა ერევანში ლაშქრობისას, შემდეგ იერუსალიმში წასულა, მესტამბეობა უსწავლია, სამშობლოში დაბრუნებულა და 14000 საღვთო წიგნი დაუბეჭდავს. მისთვისვე დაუვალებიათ აღა მაჰმად-ხანის მიერ დამწვარი სტამბის აღდგენა. მამა ქრისტეფორე ერთგული ყოფილა მეფე ერეკლესი. ავადმყოფ მეფეს მეტეხში ყოფნისას ორმოცი დღე და ღამე მუხლჩაუხრელად ემსახურა. როცა აღა მაჰმადმა ტფილისი დაწვა, დატყვევებული ქართველების  ნაწილი განჯის ხანს ჰყავდა. მეფე ერეკლემ მეორე წელიწადს გაილაშქრა განჯაზე ტყვეთა გასათავისუფლებლად.  ქართველებმა განჯის ციხე აიღეს და 3700 ქრისტიანი სამშობლოში დააბრუნეს...

მეფე ერეკლეს ცხედარს თელავიდან მცხეთაში უამრავი ხალხი გამოჰყვა, მაგრამ იქ მაშინ შავი ჭირი მძვინვარებდა და არაგვის მარცხენა სანაპიროზე შედგნენ, შიშით მცხეთაში ვერავინ შეჰყვა. მაშინ მამა ქრისტეფორემ მეფე გიორგის მოახსენა - მე შევყვებიო. მამა ქრისტეფორე ემსახურა მეფე ერეკლეს საფლავს. აღდგომის დღეს, წირვის შემდეგ, სამთავროში წესისამებრ მართებული აღაპი“გადაუხადა მეფეს...