კაპიცამ გაგზავნა, სტალინმა - გამოგზავნა - კვირის პალიტრა

კაპიცამ გაგზავნა, სტალინმა - გამოგზავნა

ნობელის პრემიის ლაურეატი,  აკადემიკოსი სერგეი კაპიცა დიდხანს ცხოვრობდა და მუშაობდა ლონდონში, რეზერფორდის ლაბორატორიაში.დიდმა მეცნიერმა რუსეთიდან ჩასული ახალგაზრდა ერთი პირობით მიიღო - რომ თანამშრომლებში ბოლშევიკურ პროპაგანდას არ გააჩაღებდა. მალე კაპიცამ სახელგანთქმული მასწავლებლის სიმპათია  და უმაღლესი რანგის მეცნიერის რეპუტაცია მოიპოვა. ერთხელაც ერთი ინგლისური ფირმის წარმომადგენლებმა იგი რაღაც რთული აგრეგატის შესაკეთებლად მიიწვიეს. მეცნიერმა ყურადღებით დაათვალიერა მანქანა, შემდეგ ფირმის თანამშრომელს რკინის ურო მოატანინა და მიუთითა ადგილი, სადაც ის უნდა ჩაერტყა. აგრეგატი ამუშავდა. ამ რამდენიმეწამიან "ოპერაციაში" კაპიცამ გასამრჯელოდ 1.000 გირვანქა სტერლინგი მოითხოვა. გაოცებულმა ფირმის ხელმძღვანელებმა სთხოვეს, აეხსნა, რატომ ითხოვდა ამხელა თანხას. მანაც აუხსნა, რომ ერთ გირვანქა სტერლინგად უროს ჩარტყმა შეაფასა, დანარჩენ 999 გირვანქა სტერლინგად კი - ჩასარტყმელი ადგილის ზუსტად მითითება...

საბჭოთა კავშირში დაბრუნების შემდეგ საკმაოდ რთული ურთიერთობა ჰქონდა ჩინოვნიკებთან, რომლებიც მეცნიერებას კურირებდნენ, ამ საქმისა კი არაფერი გაეგებოდათ. ერთ-ერთ მათგანს წერილიც გაუგზავნა, რომელიც ასე მთავრდებოდა: "ან ყველაფერი ისე გააკეთეთ, როგორც გეუბნებით, ან არა და, წადით... აქა და აქ." განაწყენებულმა ჩინოსანმა ანასტას მიქოიანთან დაიჩივლა, მაგინებსო, მან კი სტალინს მოახსენა ფიზიკოსის "თვითნებობის" შესახებ. ატომურ ფიზიკაში მომუშავე მეცნიერის ფასი სტალინმა კარგად იცოდა, ამიტომ მომჩივნები ასეთი პასუხით გაისტუმრა: "ან ყველაფერი ისე გააკეთეთ როგორც ის გეუბნებათ, ან არა და, წადით... აქა და აქ."

ლადო გოგუაძე