კოლაუ ერთადერთი იყო - კვირის პალიტრა

კოლაუ ერთადერთი იყო

შესანიშნავი ქართველი პოეტი, "ცისფერყანწელთა" ორდენის  წევრი კოლაუ ნადირაძე განგებამ დაინდო და 37 წლის "სისხლიან  კალოს" გადაურჩა. იმ წელს თავი მოიკლა პაოლო იაშვილმა. მას მთელი საქართველო იცნობდა და უამრავი მეგობარი და ახლობელი ჰყავდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კოლაუ ნადირაძე ერთადერთი იყო, ვინც უსაყვარლესი სიყრმის მეგობარი, ხალხის მტრად გამოცხადებული პაოლო იაშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილა. მაშინ ასეთი საქციელი თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. როგორც ამბობენ, კოლაუს გაბედულმა საქციელმა თვით ბერიაც კი მოხიბლა და: "ვაჟკაცი ყოფილა, გაუშვით, იცოცხლოსო," - ათქმევინა.

ემოციური, ფეთქებადი ბუნებით გამოირჩეოდა, ცოტა ახირებული ხასიათიც ჰქონდა, ამის გამო ხშირად ჩხუბობდა და შესანიშნავ მოკრივეს გალახულიც ბევრი ჰყავდა.

ერთხელ ერთ-ერთ გამოფენაზე უცნობთან კამათი მოუვიდა. როგორც ასეთ დროს სჩვეოდა, კამათი ხმამაღალ შელაპარაკებაში გადაიზარდა. ამ სცენას თვალი მოჰკრა შორიახლო მყოფმა შესანიშნავმა ლიტერატორმა ნიკა აგიაშვილმა, რომელმაც გაცხარებულ პოეტს ხუმრობით შესძახა:

- რაო, კოლაუ, დაგრჩა კიდევ ვინმე გაულახავი?

- ერთი შენ არ გამილახიხარ და გამეცალე, სანამ მოგწვდებიო! - მიიღო პასუხად.

ლადო გოგუაძე