წმინდა გრაალი ანუ ბურუსით მოცული საიდუმლო - კვირის პალიტრა

წმინდა გრაალი ანუ ბურუსით მოცული საიდუმლო

წმინდა გრაალი, რომელსაც გადმოცემის თანახმად, თან ახლდა არნახული ძლიერება, დღემდე ბურუსითაა მოცული. ჯერაც აუხსნელია, თუ რა არის იგი სინამდვილეში.

ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია არსებობს. ერთის მიხედვით, გრაალი რელიკვიაა - ნოეს კიდობნის ოქროს გამოსახულებით, მეორის მიხედვით ქვაა...

მოგვიანებით გრაალი სიმბოლურად ინახავდა იმ საიდუმლო ცოდნას, რომელიც მხოლოდ საგანგებოდ შერჩეულ ადამიანებზე გადადიოდა თაობიდან თაობაზე. ყველაზე გავრცელებულია აზრი, რომ ეს არის ოქროს თასი საიდუმლო სერობიდან ჯვარცმული ქრისტეს სისხლით. ლეგენდის მიხედვით, შეტაკების დროს ლუციფერის გვირგვინიდან მთავარანგელოზმა მიხეილმა ცეცხლოვანი შუბით ამოაგდო თვალისმომჭრელად მბრწყინავი მწვანე ფერის ქვა Lapis Exilis. ამ ქვისგან შემდეგ დამზადდა თასი, საიდანაც საიდუმლო სერობაზე ქრისტე ღვინოს სვამდა. კამათობდნენ იმაზეც, წმინდა გრაალი თეფში იყო თუ სასმისი. თუმცა ხელოვნებაში ის ყოველთვის გამოისახება არნახული სილამაზის თასად.

ლეგენდის თანახმად, ჯვარცმის შემდეგ ქრისტეს სხეული შესანახად გადასცეს ორ პირს, რომელთაც სახარება მოკლედ მოიხსენებს. ესენი იყვნენ ნიკოდომი და იოსებ არიმათიელი. იოსებ არიმათიელმა წმინდა გრაალის მარადიული სიმბოლოები - ჯვარცმული ქრისტეს სისხლით სავსე თასი და შუბი, რომლითაც ქრისტეს ჭრილობები მიაყენეს და რომლის წვერიდანაც სისხლი მოწვეთავდა, თან წაიღო ინგლისში, გლასტონბერიში, სადაც მისთვის ადგილი იყო მომზადებული ეკლესიის ასაშენებლად. ასე დაარსდა გლასტონბერის სააბატო. ეს რელიკვიები მოთავსდა გლასტონბერის ძველ ეკლესიაში, რომელიც 1184 წელს ცეცხლმა გაანადგურა. რელიკვიები არ დამწვარა, უკვალოდ გაქრა.

მეორე ვერსიით, იოსებ არიმათიელის მიერ შეგროვებული ჯვარცმული ქრისტეს სისხლით სავსე თასი მარიამ მაგდალინელმა ჩამოიტანა სამხრეთ საფრანგეთში, სადაც შემდგომ წმინდა გრაალზე თქმულებებისა და რომანების მთელი ციკლი შეიქმნა.

ყველაზე ადრეული ვარიანტი წმინდა გრაალზე შექმნილი მოთხრობებისა, არის Gonte du Graal, რომელიც 1180 წელს გამოაქვეყნა ცნობილმა პოეტმა და ტრუბადურმა კრეტიენ დე ტრუამ. მოთხრობა დაუმთავრებელი დარჩა. მისი გმირი, რაინდი პერსივალი უელსელია. მისი ლიტერატურული სახე აგებულია ძველ უელსურ საგაზე გოლიათზე, სახელად პრიდერზე და იმ მოთხრობებზე, რომლებშიც ხშირად ახსენებენ მაგიურ თასს. უელსური ეპოსის გმირები კი, თავის მხრივ, წარმოშობილი არიან უფრო ძველი კელტური გმირებიდან. მეფე ლირი, მაგალითად, დაიბადა ლერასგან, იდუმალებით მოცული ხალხის ტუატუ დე დანანისაგან (ღმერთ დანის ტომი). მისმა ხალხმა, მითის თანახმად, ჩრდილოეთიდან კელტურ მიწაზე ჩამოიტანა მაგიური საგნები: ჯადოსნური თასი, შუბი და დაუმარცხებელი მახვილი. ეს საგნები მოგვიანებით მეფე არტურზე შექმნილ ლეგენდებში ტრანსფორმირდა წმინდა გრაალთან.

იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა გრაალი ბრიტანეთში, მოგვითხრობს რობერ დე ბორნი თავის პოემაში "იოსები არიმათიიდან", რომელიც დაწერილი უნდა იყოს 1200 წელს. კრეტიენ დე ტრუას მსგავსად, დე ბორნი ეყრდნობა გადმოცემას ძველი წიგნებიდან, სადაც ლაპარაკია იმის შესახებ, თუ როგორ იხმო ქრისტემ იოსები და მისცა გრაალი - საიდუმლო სერობის თასი.

გრაალზე შექმნილი ციკლიდან აღსანიშნავია აგრეთვე ანონიმური რომანი "პერსელვაუსი". რომანის მთავარი გმირი პერსევალი პოულობს გრაალს და მის ცენტრში ხედავს ჯერ "ბავშვის სახეს", შემდეგ "გვირგვინოსან მეფეს, რომელიც ჯვარზეა მილურსმული". შემდგომში მესის მსვლელობისას გრაალი გარდაიქმნება 5 სხვადასხვა სახედ, რომლებზეც ლაპარაკის უფლება არავის აქვს იმათ გარდა, ვისაც ღმერთი გაენდობა. ერთ-ერთი მათგანი მეფე არტურია, რომელიც ხუთი სხვადასხვა გარდასახვიდან ხუთივეს ხედავს. უკანასკნელი მათგანი საიდუმლო თასია.

გრაალის მცველობა ნიშნავდა დედამიწაზე უდიდეს პატივსა და უმაღლეს მიღწევას. ეს იყო ზეაღმატებული ყოველივეზე, რაც კი შეიძლება ინატროს ადამიანმა. XII-XIII საუკუნეებში გრაალის მცველებად ითვლებოდა ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ორდენი ტამპლიერებისა.

ტამპლიერების ორდენის განადგურების შემდეგ ლეგენდებმა გრაალზე ხალხური ხასიათი მიიღო. მაგრამ რელიკვიის აჩრდილმა შუა საუკუნეების მრავალი მოვლენა უხილავად გაანათა. ჩეხი თაბორიტები ომში მიდიოდნენ დროშებით, რომლებზედაც გამოსახული იყო გრაალის თასი. არც გნოსტიკოსებისა და ტამპლიერების საიდუმლო ცოდნა დაკარგულა და სიცოცხლე განაგრძო მრავალრიცხოვანი საიდუმლო ორდენისა და ორგანიზაციის სახით, რომლითაც სავსეა XII-XIX საუკუნეების ისტორია. გასული საუკუნის დასაწყისში, 1918 წელს, გერმანიაში აღმოცენდა ოკულტური საზოგადოება "ტულე". ეს იყო ფაქტობრივად, ნაციონალურ-სოციალისტური მისტიკური ორგანიზაცია, რომელმაც წმინდა გრაალის საკითხი ისევ წინ წამოსწია.

გრაალის ძიებას სათავეში ჩაუდგა ვინმე ოტო რანი, ნორდული თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1930 წელს მან მოინახულა დანგრეული მონსეგიური, რის შედეგადაც გამოსცა წიგნი "ჯვაროსნული ლაშქრობა გრაალის წინააღმდეგ". თავის წიგნში ოტო რანი გრაალს "ნიბელუნგების თასს" უწოდებს. 1937 წელს თავისი მეორე გამგზავრების შემდეგ ლანგედოკში, რანი უკვალოდ გაქრა. 1943 წლის ივნისში გერმანიიდან მონსეგიურში ჩავიდა დიდი ექსპედიცია, რომელიც მუშაობდა მონსეგიურის გამოქვაბულებში, 1944 წლის გაზაფხულამდე. მართალია, მათ ვერაფერი იპოვეს, მაგრამ კარგად შეისწავლეს მონსეგიურის ქვიანი გრუნტის მიწისქვეშა გასასვლელების რთული სისტემა და იმედი გამოთქვეს, რომ გრაალი შეიძლება იქ ყოფილიყო დამალული. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ შუა საუკუნეების ევროპაში ასეთი საიდუმლო ლაბირინთები უამრავი იყო და მონსეგიურის მიწისქვეშეთი არც ყველაზე სრულყოფილი უნდა ყოფილიყო მათ შორის.

გერმანელი მეცნიერი ჰერმან ფონ სკერსტი თავის წიგნში, "გრაალის ტაძრები კავკასიაში; თაურქრისტიანობა სომხეთსა და საქართველოში" ამტკიცებს, რომ კავკასიაში გრაალის ტაძრები არსებობდა. კერძოდ კი, როცა იგი სვეტიცხოვლის აშენების ლეგენდას აანალიზებს, გვეუბნება, რომ როდესაც გოლგოთაზე მაცხოვრის ჭრილობებიდან სისხლი მოწვეთავდა, მოხდა ქრისტეს მისტიკური დაკავშირება დედამიწასთან. ამის შემდეგ იესო ნაზარეველის ეთერული, ასტრალური სხეული და "მე"-ს ხატი მრავალმხრივ და მრავალნაირად არსებობს სულიერ სამყაროში. ეს ყოველივე კოპირებულია წმინდა ავგუსტინეში, თომა აქვინელში, ფრანჩესკო ასიზელში და სხვ. სკერსტს მიაჩნია, რომ წმინდა ნინოშიც, რადგანაც სვეტიცხოველი წმინდა ნინოს მითითებით იმ ადგილზეა აშენებული, სადაც ქრისტეს კვართი დაიმარხა, ამიტომ სვეტიცხოველიც გრაალის ტაძარიაო.

დასასრულ, კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ წმინდა გრაალის ძიება ქრისტიანისათვის - ეს არის ჭეშმარიტების მარადიული ძიება, საკუთარი "მე"-ს ძიება. ეს არის ღვთაებრივი ცოდნა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რჩეულებისთვისაა და რომელიც თაობიდან თაობას სიმბოლოებისა და ალეგორიების სახით გადაეცემა.

ლეილა ხუბაშვილი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”