ნამდვილი ამბები მარიკა ლორთქიფანიძისგან - კვირის პალიტრა

ნამდვილი ამბები მარიკა ლორთქიფანიძისგან

მარიამ ლორთქიფანიძე - ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ათი წიგნი (მონოგრაფიები, დამხმარე სახელმძღვანელოები, საშუალო სკოლის VIII კლასის ისტორიის სახელმძღვანელო). რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: "მატიანე ქართლისა", სუმბატ დავითის ძის "ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა".

1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა (ABI) მიანიჭა "მეორე ათასწლეულის ღირსების მედალი 2000".

ღვაწლმოსილი პროფესორი ივანე ჯავახიშვილთან პირველ შეხვედრას იხსენებს, ყვება, როგორ იწერებოდა საბჭოთა პერიოდში საქართველოს ისტორია და იმ სიძნელეებზეც საუბრობს, რომელსაც ქართველი ისტორიკოსები აწყდებოდნენ.

"კომკავშირელთა" პროვოკაცია ივანე ჯავახიშვილის ლექციაზე

უნივერსიტეტში 1939 წლის პირველ სექტემბერს მივედი. ისტორიის ფაკულტეტზე ამ წელს პირველად გამოცხადდა მიღება ცალკე ხელოვნების ისტორიის სპეციალობით. ჩაბარება უახლოეს მეგობრებთან, გივი კიღურაძესთან (ის ევროპის ისტორიის კათედრის გამგე იყო წლების განმავლობაში), ოთარ ჯაფარიძესა (ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქეოლოგი) და კიდევ სამ მეგობართან ერთად გადავწყვიტე.

ოჯახში ყველას გაგონილი გვქონდა ივანე ჯავახიშვილის სახელი. ლექციების ცხრილში მისი გვარის ძებნა პირველ სექტემბერსვე დავიწყეთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. მაშინ ივანე ჯავახიშვილი ისტორიის ფაკულტეტზე ლექციების კითხვას მესამე კურსიდან, სპეციალურ ჯგუფებში იწყებდა. შემდეგ გამოვარკვიეთ, რომ ქართული სამართლის ისტორიის კურსს კითხულობდა იურისტებთან და მოვინდომეთ მის ლექციებზე დასწრება. ნებართვაც მივიღეთ.

შემობრძანდებოდა ბატონი ივანე დიდი შავი პორტფელით ხელში. ამოიღებდა ბარათებს, რომელზეც წყაროებიდან ციტატები ჰქონდა ამოღებული და შემდეგ დაიწყებდა ლექციის კითხვას. ჯერ ჩამოაყალიბებდა დებულებას, შემდეგ წაიკითხავდა ბარათებზე ამონაწერებს ბაგრატის, ვახტანგისა და სხვათა სამართლიდან. ან პირიქით, ჯერ წაიკითხავდა ამონაწერებს ძეგლებიდან და შემდეგ ჩამოაყალიბებდა დებულებას.

სამართლის ისტორიაში ჩვენ არავითარი მომზადება არ გვქონია და ზოგი რამის გაგება გვიჭირდა, მაგრამ ლექციები იმდენად საინტერესო იყო, რომ გატრუნული ვუსმენდით. ლექციის ბოლოს ყოველთვის მოიტოვებდა რამდენიმე წუთს შეკითხვების წერილობით მისაღებად. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები საინტერესო შეკითხვებს უგზავნიდნენ. ბატონი ივანეც პასუხობდა და დიალოგი შესვენებაზეც გრძელდებოდა.

ერთ მშვენიერ დღესაც მოუვიდა შეკითხვა. ახლაც ვხედავ იმ ფურცელს... ბატონი ივანე კითხულობს ხმამაღლა: - სტალინური მოძღვრების თანახმად, ქართველები ერად მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდნენ, თქვენ კი საიდან იწყებთ მის ისტორიას?

წარმოგიდგენიათ, სამარისებური სიჩუმე აუდიტორიაში! ბატონმა ივანემ ეს ფურცელი წვრილ-წვრილად დახია, სამელნის ჩასადებში ჩაყარა, აკრიფა თავისი ბარათები, ჩააწყო პორტფელში და უხმოდ გავიდა.

ავტეხეთ ჩურჩული რა მოხდა, როგორ მოხდა. მე ვკაპასობდი იმაზე, თუ რატომ არ გასცა პასუხი. ბიჭები კატეგორიულად მიმტკიცებდნენ, რომ ყველაზე მართებული გადაწყვეტილება მიიღო. მხოლოდ გვიან, წლების შემდეგ მივხვდი, რომ ეს მართლაც ყველაზე მართებული პასუხი იყო.

რა უნდა ეპასუხა, სტალინის კრიტიკას ხომ არ დაიწყებდა. არა, 39 წელია, ხალხო!

ამ ლექციის შემდეგ არ გვშორდებოდა ფიქრი - გააგდებენ უნივერსიტეტიდან? მაგრამ ივანე ჯავახიშვილი 1930 და 1936 წლების შემდეგ, სრულად რეაბილიტირებული იყო და თან მეტად მაღალ დონეზე. უზენაესი საბჭოს, მისი პრეზიდიუმის წევრი და საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახლდათ.

სიმართლე გითხრათ, დღემდე ვერ ამიხსნია, მისდამი საბჭოთა ხელისუფლების ასეთი შემობრუნება რამ განაპირობა. ოჯახში კი მომისმენია აზრი, იყო ასეთი, ალექსანდრე სვანიძე. სტალინის პირველი მეუღლის ძმა. მეტად განათლებული ადამიანი, მაღალი დონის ისტორიკოსი, რომელიც ამ დროს კრემლში სტალინთან ცხოვრობდა. ის იყო ჟურნალ Вестники древней историй-ს დამაარსებელი და რედაქტორი. ამბობდნენ, რომ ივანე ჯავახიშვილის მდგომარეობის შეცვლაში სწორედ სვანიძემ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი.

ამის შემდეგ ჩვენ ივანე ჯავახიშვილს აღარ შევხვედრივართ, რადგან მალევე გარდაიცვალა.

საქართველოს ცეკა და ქართულ-სომხური დავა მცხეთის ჯვრის გარშემო

თანამედროვე ქართული ისტორიული მეცნიერების სათავეებთან უშუალოდ ივანე ჯავახიშვილის მოწაფეები იდგნენ. მათ შორის სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი და ლევან მუსხელიშვილი. სამწუხაროდ, ლევან მუსხელიშვილი ადრე გარდაიცვალა.

მაშინ ძალიან ჭირდა ისტორიაში და საკუთრივ საქართველოს ისტორიაში მუშაობა. თუმცა ივანე ჯავახიშვილის სკოლამ მოახერხა, რომ უმძიმესი კომუნისტური ზეწოლის პირობებშიც, ქართველ მეცნიერთა ნაშრომებში, ძველი და შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის გაყალბება არ მომხდარა.

იმის მიუხედავად, რომ თავის დროზე სტალინის, შემდეგ კი მარქსის, ენგელსისა და ლენინის შრომები ყველგან იყო მითითებული, ეს მითითებები ფაქტობრივად იყო გარნირი ნაშრომის გასასვლელად. ეს დიდი დამსახურებაა თვით ივანე ჯავახიშვილისა და მისი მოწაფეებისა, რომელთაც ეს შექმნეს. რთული იყო მუშაობა, მაგრამ იმდენად იყვნენ მომზადებული, რომ შესანიშნავად იცოდნენ, რა მიეწერათ სქოლიოში და რაც მთავარია, შესანიშნავად იცოდნენ საქართველოს ისტორიის ის წყაროები, რომელიც იმ პერიოდისთვის არსებობდა.

შემდეგ თავადაც მომიხდა ამ პროცესებში ჩართვა. რომ გითხრათ, ძალიან რთული იყო-მეთქი, არ ვიქნები მართალი. მაგრამ რთული ნამდვილად იყო. რამე დებულებას რომ დავამუშავებდით, მერე ვეძებდით შესაფერის მონაკვეთებს სქოლიოში მისათითებლად.

რთული იყო ჩვენს მეზობლებთან, განსაკუთრებით, სომხებთან ურთიერთობა. მახსოვს, დამიძახა გიორგი წერეთელმა, მაშინ ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში ვმუშაობდი, გიორგი წერეთელი კი მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი იყო. მივედი, ხელში უჭირავს წიგნი და მეუბნება, ეს სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების ჟურნალია, წაიღებთ ახლა ამ ჟურნალს, აქ არის პარუირ მურადიანის სტატია, რომელშიც საუბარია, რომ მცხეთის ჯვარი სომხების აშენებულია და ათ დღეში თქვენი, ისტორიკოსის პოზიციიდან დაწერთ, რისი დაწერაც შეგიძლიათ, დაწერთ რუსულად, ოღონდ არავინ უნდა იცოდეს, რომ თქვენ ამას წერთ და მე მომიტანთო.

ვათენე, ვაღამე, დავწერე და მივუტანე ბატონ გიორგის. დაბრძანდითო, მითხრა და კითხვა დაიწყო. ვნერვიულობ, მაგრამ არაფერს მეუბნება. წაიკითხა, აიღო ტელეფონი, დაურეკა გიორგი ჩუბინაშვილს და ეუბნება: - გიორგი ნიკალაევიჩ, მარიკას სტატია წავიკითხე, ვფიქრობ, დაბეჭდვა შეიძლება და ახლა ის თავად მოგიტანთ ამ სტატიას და თქვენს ვერდიქტს დაველოდები.

ერთი მხრივ, შვებით ამოვისუნთქე, თუმცა უფრო მეტად ავღელდი, რადგან მაგზავნის გიორგი ჩუბინაშვილთან, რომელსაც ორი ტომი აქვს დაწერილი ჯვრის მონასტერზე.

მანაც ერთადერთი ის მითხრა, დაჯექიო და კითხვა დაიწყო.

არავითარი რეაქცია, გული მისკდება, ისევ საშინლად ვნერვიულობ. დაასრულა კითხვა, აიღო ტელეფონი და ურეკავს გიორგი წერეთელს: - გიორგი ვასილევიჩ, წავიკითხე მარიკას სტატია და შეიძლება, რომ დაიბეჭდოს. იცი, რა დამემართა? დავავლე ხელი ჩემს სტატიას და არც დავმშვიდობებივარ, ისე წავედი წერეთელთან.

გიორგი წერეთელმა სტატია დაიტოვა და მითხრა, - ამ თემაზე არავისთან არაფერს იტყვიო.

გამოხდა ხანი და მირეკავს შოთა შენგელია, მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობის დირექტორი და დიდი პატრიოტი. დამიბარა, მომცა კორექტურა ჩემი სტატიის, მითხრა, ჩემს ოთახში ჩაგკეტავ, ვიდრე კორექტურას დაასრულებ და არავინ უნდა იცოდეს სტატიის შესახებო.

ინფორმაციამ მაინც გაჟონა და სათანადო ორგანოებს შეატყობინეს.

ამ ამბის გაგრძელება მოგვიანებით ისევ გიორგი წერეთლისგან შევიტყვე.

ჩემს სტატიასთან ერთად ამ ნომერში იბეჭდებოდა ილია აბულაძის სტატია მცხეთის ჯვრის წარწერასთან დაკავშირებით, რომელსაც ეყრდნობოდა მურადიანი. ცენტრალური კომიტეტის მდივანი იდეოლოგიურ დარგში იმჟამად დევი სტურუა იყო. გამოიძახა გიორგი წერეთელი და უკვე აწყობილი ჟურნალიდან ჩემი და აბულაძის სტატიის ამოღება მოსთხოვა. გიორგი წერეთელს უთქვამს, რომ მან თავად დაუკვეთა ილია აბულაძეს ეს სტატია და ვერ ამოიღებდა. მით უმეტეს, რომ აბულაძე სტატიის გამოქვეყნებამდე გარდაიცვალა. მაშინ სტურუას უთხოვია, აბულაძის სტატია დატოვეთ და ლორთქიფანიძის ამოიღეთო. გიორგი წერეთელს განუმარტავს, რომ ეს ორი სტატია ავსებდა ერთმანეთს.

გიორგი წერეთელმა საკუთარი პოზიციის გატანა შეძლო, თუმცა ამის გამო მისთვის დიდი მადლობა არ უთქვამთ.

იმავე წელს გახლდით პარიზში და ვნახე გამოცემა "რევიუ დე არმენოლოჟი", სადაც მურადიანის იგივე სტატია ფრანგულ ენაზე გამოქვეყნდა.

რაც შეეხება საქართველოს XIX-XX საუკუნის ისტორიას, ეს არ იყო ისტორია, ეს იყო პოლიტიკა და მორჩა. მართალია, იმ პერიოდის სპეციალისტები ცდილობდნენ, სიმართლეც ეთქვათ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, - ეს იყო პოლიტიკა!

როგორ ცდილობდა კრემლი საქართველოს რუსიფიკაციას

1970-იანი წლების შუა ხანებია. საბჭოთა კავშირში, უმაღლესი განათლების ეროვნულ ენაზე მიღება მხოლოდ თბილისისა და ერევნის უნივერსიტეტებშია შესაძლებელი. ეროვნული ისტორიის კათედრებიც კი იშვიათობას წარმოადგენს. სხვადასხვა შეკრებისას, მაგალითად კიევის უნივერსიტეტის თანამშრომლები არ იჯერებენ, რომ ლექციები ქართულად იკითხება.

გაზაფხულის პირია და მომავალი წლის სალექციო კურსსა და გეგმებს ვადგენთ. უნივერსიტეტის რექტორი გახლავთ დავით ჩხიკვიშვილი. მოდის ჩემთან უნივერსიტეტის სასწავლო ნაწილის გამგე მარიკა პირველი და მეუბნება, რექტორმა შემოგითვალა გაითვალისწინო, რომ მომავალ წელს, ერთი-ორი საგანი რუსულად წაიკითხოო. უეცრად ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა და ვუპასუხე, რომ ჩვენ რუსულ ფილოლოგიურზე, ჟურნალისტიკის რუსულ განყოფილებაზე ისედაც რუსულად ვკითხულობდით საქართველოს ისტორიას. მან მიპასუხა, რომ ეს თხოვნა არა რუსულ, არამედ ქართულ ფაკულტეტებს შეეხებოდა.

მაშინვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე და ვუპასუხე, რომ თავად დაველაპარაკებოდი რექტორს. მარიკამ კი მითხრა, რექტორმა გამაფრთხილა, ჩემთან არავინ მოვიდესო.

მაინც ჩავედი დავით ჩხიკვიშვილთან. კარგი ურთიერთობა მქონდა მასთან, ერთი თაობისანი ვიყავით. ვეკითხები, - დათიკო, რა მოიგონე ეს-მეთქი. მიპასუხა, მე კი არ მოვიგონე, წერილობითი ბრძანება მივიღე და ეს უნდა გავაკეთოთო და ბრძანების ძებნა უჯრაში დაიწყო.

მეც შესანიშნავად ვიცი და მანაც, რომ ასეთ ბრძანებებს წერილობით მოსკოვი კი არა, ჩვენი ცენტრალური კომიტეტიც არ იძლევა. ვუთხარი, - ტყუილად ნუ ეძებ ბრძანებას, რაც გინდა ქენი, ის ბრძანება რომც არსებობდეს, ვიდრე მე კათედრის გამგე ვიქნები, ამას არ დავუშვებ-მეთქი.

დაიწყო ყვირილი და მაგიდაზე მუშტების ბრახუნი. გამიკვირდა, არ გვქონდა ასეთი ურთიერთობა. მეც ვეღარ შევიკავე თავი, ხმას ავუწიე და მეც დავაბრახუნე მუშტი მაგიდაზე. მისი კაბინეტიდან რომ გამოვდიოდი, მითხრა, - შენც გაგაგდებენ აქედან და მეცო.

როცა მისაღებში გამოვედი, მაშინ მივხვდი, რატომ აყვირდა. მისაღებში იჯდა კაცი, რომელსაც უნდა გაეგონა, რა ხდება და მიეტანა ამბავი იქ, სადაც ჯერ არს.

უნივერსიტეტი ფეხზე დადგა. ლექციების რუსულად წაკითხვაზე გივი ჟორდანიამ უარი განაცხადა. უარი განაცხადა ასევე ეკონომიკის ისტორიის კათედრის გამგე ვასილ ჩანტლაძემ, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა გოგი ფუთურიძემ.

უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი მზია ლეკვეიშვილი მაშინ სულ ახალგაზრდა იყო. მეორე კორპუსის ფოიეში აქცია მოაწყო. ჩვენ ახლა აქცია არაფრად მიგვაჩნია, მაგრამ მაშინ სიტყვა აქციის თქმის კი არა, გაგონებისა გვეშინოდა.

ფეხზე დადგა სტუდენტობა. მოსინჯეს ნიადაგი ამ ცვლილებების გასატარებლად, მაგრამ ვეღარ გაატარეს. ნახეს, რომ ამ გზით არაფერი გამოვიდოდა.

მეორე ეტაპი იყო ამ ბრძოლისა, როდესაც ახალ კონსტიტუციაზე დაიწყო მუშაობა. ჩვენს კონსტიტუციაში მაშინ ეწერა, რომ ქართული ენა არის სახელმწიფო ენა. ერთ მშვენიერ დღეს, გამოდის ტელევიზიით ედუარდ შევარდნაძე და ამბობს, რომ უნდა ვიმუშაოთ კონსტიტუციის ახალ პროექტზე, ზოგიერთი რამ იცვლება და მათ შორის ეს მუხლი უნდა იყოს ამოღებულიო.

თქვენს მტერს, იმისთანა ამბავი ატყდა. მთელი უნივერსიტეტი ფეხზე დადგა და უნივერსიტეტიდან წავიდა იმპულსები საზოგადოებაში. რა მოხდა შემდეგ, ეს ყველას კარგად მოეხსენება.

ჩემი კაბინეტი დავით ჩხიკვიშვილის კაბინეტის თავზე იყო. 12 აპრილს მირეკავს და მის კაბინეტში ჩასვლას მთხოვს. არ მინდა ჩასვლა. თანაც უნივერსიტეტი სავსეა სტუდენტებით. მითხრა, მოინდომე ჩამოსვლა და გამოგატარებენო. ჩავედი და მეუბნება, მე და შენ უნდა გავიდეთ ბავშვებთან და დაველაპარაკოთო. ვკითხე, - რა ვუთხრათ-მეთქი. მიპასუხა, - მოვიფიქროთო.

გავედით. ხელები ჩავჭიდეთ ერთმანეთს და... ორივეს გვიკანკალებს ხელები. გვეშინია, ხალხო! ორივემ ვიცით, საქმე მარტივად არ არის.

- შვილებო! - მიმართა მან სტუდენტებს, - თქვენ არ იცით, ვისთან გაქვთ საქმე. მე და თქვენმა პროფესორმა, მარიამ ლორთქიფანიძემ კი ვიცით. დაფიქრდით და ფრთხილად მოიქეცით. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ყველა ქუჩაზე, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე ჩამოდის, სამხედრო ტექნიკა უკვე განალაგეს. ანუ ფუნქციონერი, უნივერსიტეტის რექტორი ეუბნება, რომ ფრთხილად მოიქცნენ. ჩვენ ხომ გვაქვს 1956 წლის გამოცდილება.

ჩემი ჯერია, სტუდენტებს რამე მეც უნდა ვუთხრა, მაგრამ რა. ვუთხრა წადით და რამე რომ მოხდეს, როგორ უნდა ვიცხოვრო მერე. იმას კი, რომ არ წავიდნენ, - ვერ ვეტყვი. ვიცი, რომ თითოეულს ჯიბეში უდევს პასპორტი ან სტუდენტის მოწმობა. ყველამ იცის, რაზე მიდის. ეს არ არის მათი სპონტანური გადაწყვეტილება, არამედ შეგნებული არჩევანი. იციან, რომ ეს ნაბიჯი შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ.

ამას წინათ, ერთ რუსულ გადაცემაში მკითხეს, რატომ მოხდა, რომ 70-იან წლებში მხოლოდ საქართველომ აღიმაღლა ხმა ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის შესანარჩუნებლადო. მხოლოდ ამ კითხვის შემდეგ დავფიქრდი სერიოზულად ამ კითხვაზე და ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ გამუდმებით ვიბრძოდით საკუთარი მეობის დასაცავად და ქართულმა ენამ ამ ბრძოლაში განსაკუთრებული როლი შეასრულა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ნინო ჯაფარიძე

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”