ბიძინა კვერნაძე: უნდა გამოკენკო სამყაროდან შენი მუსიკა...
ბიძინა კვერნაძე: უნდა გამოკენკო სამყაროდან შენი მუსიკა...
ერთ ფილმში საჭირო იყო ქურდი კაცის სიმღერა დამეწერა... მეც დავწერე პეტრე გრუზინსკის ლექსზე "ასეთია ქურდი კაცის ბედი". მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამ სიმღერას ასე აიტაცებდნენ. არ დაიძრა მთელი კრიმინალური სამყარო ჩვენკენ!.. მოდიოდნენ ჩემთან ავტორიტეტები, ატანდნენ მოსაკითხს... რამდენჯერმე მოსულან და უთქვამთ, თქვენ ოღონდ გვითხარით და თუ ვინმე მოსაკლავია, დღესვე მოკვდებაო... არავინ მყავს მოსაკლავი და მე ხომ არ მომკლავთ-მეთქი, - ვპასუხობდი.


მასალა მომზადებულია 2008 წელს. მცირე ხანში კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე გარდაიცვალა. მის
მიერ განვლილი ცხოვრების გზა ისტორიად იქცა.

* * *
ნოემბრის მზიანი დღეა. შეხვედრა კონსერვატორიაში დავთქვით. ველოდები. სადღაც აქვეა გასულიო, - სართულის მორიგემ. ისევ ველოდები. მერე კიბეზე გამოჩნდა, ძალიან ნელა მოდიოდა... ამ დროს უკვე პარკინსონის მძიმე ფორმის დაავადება ჰქონდა, თუმცა ისევ ნათელ და სიცოცხლისმოყვარე ადამიანად რჩებოდა.
მინდოდა თავის ცხოვრებაზე თვითონვე ეამბო. დამთანხმდა. ოვალურ ფანჯარასთან ჩამოჯდა. ეს ფანჯარა გემზე ყოფნის ილუზიასაც ქმნის. თანამედროვეობის დიდი კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე ჩემკენ იხედება და ისე ხუმრობს სიბერეზე, ერთი ნაკვთიც არ ეცვლება... მერე მთხოვს, კართან დაკიდებული პალტოს ჯიბიდან წამალი ამომიღეთო... მორიდებით ვყოფ ხელს ჯიბეში და ნივთებს შორის წამლის პატარა შუშას ვარჩევ. ბატონ ბიძინას ეღიმება: - ბევრი რამე ყრია ჯიბეში, არა? ასე ვიცი... გია ყანჩელი მეხუმრება, მემკვიდრეობით ის დამიტოვე, ერთ ჯიბეში რაც გაქვსო... ერთხელ ამომაწყობინა და რა არ ვიპოვეთ, ტრამვაის ბილეთები, სკრეპი, რეცეპტი, წამალი...

ფლაკონს ხსნის და წამალს სვამს.
წარსულზე უნდა მიამბოს. სხვები ამ დროს სევდიანი თვალებით იყურებიან ხოლმე, ბიძინა კვერნაძე აქაც ხუმრობით იწყებს:
- სიღნაღში დავიბადე, მაგრამ ახლა იქ სახლი არა მაქვს და კარი... ერთმა მკითხა, სიღნაღში რათ დაიბადეო, ვეხუმრე: სხვაგან სამშობიაროები არ იყო და დედაჩემი იქ წაიყვანეს-მეთქი... სინამდვილეში იქ ცხოვრობდნენ ჩვენი მშობლები. მამა პროვიზორად მუშაობდა სიღნაღის საავადმყოფოში... ახლა იქ ბოდბის დედათა მონასტერია, საბჭოთა დროს კი საავადმყოფო იყო. დედა, ნინო ნადირაშვილი შეძლებული ოჯახის შვილი იყო, მის მშობლებს უზარმაზარი სახლი ედგათ სოფელ მაჩხაანში. 1924 წელს პაპა დახვრიტეს, დედაჩემი და მისი ძმები დააპატიმრეს. პაპაჩემის სახლში შემდეგ ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმი გახსნეს. ყველაფერი წაგვართვეს. მაშინ ხომ ხალხის დაჭერა "მებელიანად" ხდებოდა... კახეთიდან მარტო კახური როხროხა ლაპარაკი და იუმორის გრძნობა გამომყვა, სხვა არაფერი...

დედა მუსიკოსი იყო, გერმანიაში განათლებამიღებული. თურმე სულ ოცნებობდა, კომპოზიტორი გავმხდარიყავი. 31 წლისა გარდაიცვალა. მე არ მახსოვს დედა... თითქოს ბუნდოვნად ვხედავ ვიღაც გარდაცვლილი ქალის სახეს, მაგრამ დედა იყო თუ არა, არ ვიცი...
დედა რომ არ მყავდა, ამის გამო ბევრჯერ მიტირია, გულჩათხრობილი ვიყავი... მწარეა ობლობა.
სულ კახეთში კი არ ვიყავი, თბილისშიც ჩამოვდიოდი, ბიძაჩემთან - დედის ძმასთან, გიორგი ნადირაშვილთან. მოხდენილი და გონიერი კაცი იყო. ბევრი რამ ვისწავლე მისგან.

ერთი ძაღლი მყავდა თბილისში - ბობიკა, ძალიან მიყვარდა. ბიძაჩემი რომ გარდაიცვალა, ბობიკაც სამ დღეში დარდით მოკვდა.
თბილისში დამემართა მუცლის ტიფი და ძლივს გადამარჩინეს.
სხვათა შორის, მე რომ ბიძამ თბილისში ჩამომიყვანა, მტკვარზე კუნძული იყო. სად წავიდა ის კუნძული, არ ვიცი... ეჰ, ეგრე გაქრა ბევრი რამე ძველი ცხოვრებიდან...
ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, მათემატიკას ვერ ვსწავლობდი, სამაგიეროდ, ქართული და ისტორია მიყვარდა... ცოტას ვცუღლუტობდი კიდეც. ერთი-ორჯერ მთელი დღე კუთხეშიც კი მამყოფეს მასწავლებლებმა...

პირველი სიყვარულიც სკოლაში მეწვია. მახსოვს, საჩუქრები მიმქონდა იმ გოგოსთვის...
16 წლამდე მუსიკისა არაფერი ვიცოდი. სახლში პიანინო გვქონდა, ჩემი და მეცადინეობდა ხოლმე. მეც მივდიოდი პიანინოსთან, მაგრამ კი არ ვუკრავდი, ვაბარტყუნებდი...
ომი დასრულდა და სკოლაც დავამთავრე. ჯარში უნდა წავსულიყავი. ძალიან არ მინდოდა ჯარში წასვლა. გამოსავალიც მოვძებნე... ნიჭიერთა ათწლედთან გაიხსნა სკოლა-ინტერნატი "ხანდაზმული" ბავშვებისთვის. მეც ხანდაზმული ვიყავი - 17 წლისა ვხდებოდი. მისაღებ გამოცდაზე მაგიდაზე დააკაკუნებდნენ და უნდა გაგემეორებინა, მე კი ვერ გავიმეორე. ყურადღებით არ ვიყავი ალბათ და იმიტომ... ოთარ ხატიაშვილიც აბარებდა ჩემთან ერთად, მერე ის გენერალი გახდა. თავიდან ის მიიღეს და მე - არა. კიდევ კარგი, ბოლოს რაღაცნაირად მეც დამრთეს სწავლის ნება, თორემ ჯარში რომ წავსულიყავი...

მუსიკალურში რომ ვიყავი, რატომღაც გული ავიცრუე და თავს ვანებებდი. ჩემმა პედაგოგმა, ტერეზა არონიშიძემ სულ ძალით გამაჩერა. მაშინ ჯარში მიჰყავდათ ჩვენი თაობის ახალგაზრდები და მეც უკვე მინდოდა ჯარისკაცობა. კიდევ კარგი, დამაკავეს, თორემ ახლა სადმე კარტოფილის გამფცქვნელი ვიქნებოდი... მუსიკა რომ არა, სხვა რა უნდა მეკეთებინა? რაკი გაუწაფავი ვიყავი, იმდენს ვმეცადინეობდი დაკვრაში, ხელები გამიშეშდა, ახლაც ატროფირებული მაქვს ცალი ხელი მაშინდელი დიდი დატვირთვის გამო. დღე და ღამე ვმუშაობდი. სამი წელი ამოსუნთქვის დრო არ მქონია... აბა, ისე როგორ გინდა... ბიჭისგან გასაკვირია ასეთი შრომისმოყვარეობა? სულაც არა.
აბა ნიჭი რა არის? შრომისმოყვარეობა ნიჭიერების ნაწილია. მუზაო, რომ იტყვიან... რა მუზა, რის მუზა! უნდა იჯდე და მუშაობდე და მაშინ მოგივა მუზაც და მაშინ მიაგნებ, რასაც ეძებ.

მახსოვს, ინსტრუმენტი უნდა აგვერჩია, რომელზეც დავუკრავდით. ბავშვებმა ყველაფერი დაიტაცეს, როგორც ჩანს, კონტრაბასს ვერ მოერივნენ და მე რომ მივედი, მხოლოდ ისღა იდგა ოთახში... კონტრაბასი მერგო...

უშველებელი ყუთი იყო. კარგი პედაგოგი გვყავდა, მაგრამ ნახევარი ტონით მაღლა გვიწყობდა ინსტრუმენტს, ჩვენ ნახევარი ტონით დაბლა ვუკრავდით. რომ გამოვიდოდით კონცერტზე, იქ კიდევ ერთი ტონით დაბლა ვუკრავდით და ვიყავით არეულ-დარეული... ისეთი ბზუილი გამქონდა, მეგონა, ბზიკები მეხვეოდნენ და მკბენდნენ. მერე კონტრაბასს მივანებე თავი და კომპოზიციაზე გავაგრძელე სწავლა. კონსერვატორიაში ადვილად მიმიღეს. აბა რას იზამდნენ, კონტრაბასზე სხვა არავინ უკრავდა!

მახსოვს, როგორ დავწერე პირველი ნაწარმოები, ნიჭიერთა ათწლედს რომ ვამთავრებდი. ეს იყო რომანსი ვაჟას ლექსზე. სხვათა შორის, ზურაბ ანჯაფარიძე დამინახავდა თუ არა, ამ რომანსს მიმღეროდა, ვეხვეწებოდი, დაივიწყე-მეთქი. ამ რომანსთან კიდევ ერთი ამბავია დაკავშირებული. ზურიკოს ვიცნობდი, როგორც კარგ ბიჭს, რუსთაველზე რომ დადიოდა, კარგი ხმა რომ ჰქონდა... როცა დადგა საკითხი, რომ ვინმეს უნდა შეესრულებინა ჩემი რომანსი, მას ვთხოვე, მოსულიყო და ემღერა. კონცერტს უსმენდნენ ანტონ ბალანჩივაძე, გრიგოლ კილაძე, იონა ტუსკია. ისე შეასრულა რომანსი, რომ ატყდა ერთი ამბავი, ეს ვინ მოიყვანე, აქამდე სად იყოო! მე ვიღას ვახსოვდი, ყველა ზურიკოზე ლაპარაკობდა. იმ დღიდან დაიწყო მისი კარიერა.

კონსერვატორია რომ დავამთავრე, ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დორიან კიტიამ დამიძახა თავისთან... მერე მიშა თუმანიშვილმა გამაფორმებინა მუსიკალურად "ჭინჭრაქა"... ამ სპექტაკლზეც დიდი ამბავი ატყდა, ყველას მოსწონდა. სპექტაკლს სპექტაკლი მოჰყვა. მუსიკალურად გავაფორმე "ამბავი სიყვარულისა", "თეთრი ბაირაღები"... და მერე კიდევ რამდენი! ასე წავიდა საქმე წინ...

არაჩვეულებრივი მეგობრები მყავდა, ისინი რომ აღარ არიან, ჩემი გული თან წაიღეს...
რეზო ლაღიძესთან ერთად ვყოფილვარ სათევზაოდ. ეგეთი არაფერი მინახავს, ბადეს კბილით იჭერდა ხოლმე... არადა, იმსიმძიმე ბადის დაჭერა კაცს ორივე ხელით გაუჭირდებოდა... იაშა ბობოხიძესთან ერთად სანადიროდ დავდიოდი. იაშაც მოვლენა იყო... ერთხელ ართანაში წამიყვანა. იქიდან სანადიროდ უნდა წავსულიყავით. ჩამაცვეს მანქანის საბურავისგან შეკერილი რეზინის ფეხსაცმელი, ავიღეთ იარაღი, "სამასვალი" მოიყვანეს და იმაზე დავსხედით. მივედით რაღაც ადგილამდე და ჩავიდეთო... აქ რა გვინდა-მეთქი, აქედან ფეხით წავიდეთო... დავადექით გზას. თან გვახლდნენ ართანელი მონადირეები, რომლებიც მთელი სერიოზულობით მიყვებოდნენ, როგორ წაართვა ერთ-ერთ მათგანს "ტელეგრეიკა" დათვმა... ვეუბნებოდი, რას ამბობ, კაცო, დათვს რად უნდოდა შენი ტელეგრეიკა-მეთქი... რა ვქნა, დათვმა წამართვაო და...
სანადიროდ კი ვყოფილვარ, მაგრამ არასოდეს არაფერი მომიკლავს... ერთხელ ტახი გამოვარდა, ესროლეო, იაშამ. ბიჭო, როგორ ვესროლო, სიკვდილის წინ ტირიან-მეთქი...
ესროლეს სხვებმა და მოკლეს... იმ ტახის ხორცს რა მაჭმევდა...

სხვა დროს კი დათვი გამოვიდა ჩვენკენ. კაცივით მოდიოდა, ან იმას როგორ ვესროდი! სხვებმა ესროლეს. რომ დაიჭრა, თათი ისე მიიდო ნატყვიარზე, როგორც ადამიანმა. ის ჟაკანი შინ მაქვს შენახული და არც ის დათვი მავიწყდება. ძალიან მგრძნობიარე ვარ.

ერთხელ მე, იაშა ბობოხიძე და პიერ კობახიძე რესტორანში ვიყავით რეზო ლაღიძესთან ერთად. რეზო ამბობდა: ისეთი აზარტული ვარ, ტყეში მამაჩემი რომ შემხვდეს, შეიძლება იმას ვესროლოო... პიერმა მითხრა: - შენ ამას ტყეში არ გაჰყვე, ისეთი გვარი გაქვს, ნამდვილად გესვრისო.

ჩემი მეგობარი იყო პეტრე ბაგრატიონი - უნიჭიერესი კაცი... ზოგჯერ ისე იქცეოდა, იფიქრებდი, გიჟიაო... ვეუბნებოდი, აფერისტი ხარ-მეთქი... რა ექნა, რაღაცნაირად ხომ უნდა გადაერჩინა თავი რეპრესიისგან. ერთხელ ნასვამები მოვდიოდით საიდანღაც. პეტრემ გვითხრა, წამოდით მამაჩემის საფლავზეო. წაგვიყვანა სვეტიცხოველში. ტაძარში ხელმოჭრილი კაცი იყო ყარაულად. უსიტყვოდ გაგვიღო კარი შუაღამისას, რომ გაიგო, მეფის შთამომავალი მიდიოდა მამის საფლავზე. ვხედავთ, საფლავებს დიდი ქვები ადევს წარწერით. პეტრემ მამის საფლავი დაგვანახა... შავი მარმარილოს პატარა დაფა იყო. გამეღიმა: ეს "ზაჟიგალკის" ქვა რამ დაგადებინათ-მეთქი... იმ ცალხელა კაცმა რომ გაიგონა, გაგვიბრაზდა, ახლავე წადით აქედანო, გამოგვრეკა.

მახსოვს პეტრეს მებრძოლი მამალი... გვეშინოდა იმ მამლის, ძაღლივით გლეჯდა ხალხს. მეზობლის ქათმებს ჭამდა... ერთხელ ერთი პოლკოვნიკი შესულა პეტრესთან, ეცა თურმე მხრებზე და პაგონები ააგლიჯა, "ჩამოაქვეითა"... პაგონიან ხალხს განსაკუთრებით ვერ იტანდა, ბაგრატიონის მამალი იყო და ასე გამოხატავდა პროტესტს. პეტრეს ერთი ძმაკაცი ჰყავდა, ფერებით წააქცია მამალი და დაკლა როგორც იქნა. მერე ყვებოდა, მდუღარე წყალში რომ ჩავაგდეთ, ამოხტა და პეტრეს უთხრა, - ვის კლავთ, თქვენი დედა ვატირეო... მერე ქვაბში ჩავდეთ და ნოემბერში რომ ცეცხლზე დავადგით, დეკემბრის ბოლოს იყო მზადო. ასე იყო მამაძაღლი მამლის ამბავი.

ჩემს ხუმრობებზე ლაპარაკობენ? რა ვიცი, აბა... მე ჩვეულებრივად ვიტყოდი რამეს და აიტაცებდნენ მოულოდნელად... რეზო ლაღიძე რომ გარდაიცვალა, ეზოში ვიდექით ეროსი მანჯგალაძე, რობიკო სტურუა, ნოდარ დუმბაძე, რამაზ ჩხიკვაძე... უცაბედად ათი შავი "ვოლგა" შემოვიდა. რობიკომ იკითხა, რა მოხდაო. ვუთხარი, არაფერი, მოშავდნენ-მეთქი. უბრალოდ ვთქვი, ესენი კიდევ გადაირივნენ, ეს რა თქვიო. ატეხეს სიცილი. ასე იცოდნენ. მე უბრალოდ, სერიოზულად ვიტყოდი რამეს და ესენი იცინოდნენ...

თუ დავუბარებივარ ვინმეს ცეკაში? როგორ არა! ერთხელ იმისთვის დამიბარეს, გინდა თუ არა, ოპერა დაწერეო. ვუპასუხე: ლიბრეტო არ არის და როგორ დავწერო-მეთქი... "აბესალომ და ეთერი" ხომ ოპერა არის, ლიბრეტო ხომ აქვსო? აქვს-მეთქი. მერე რაღას უყურებთ, აიღეთ ეგ ლიბრეტო და ახალი ოპერა დაწერეთო. ახლა ღიმილით კი გიყვებით, მაგრამ მაშინ არ მეღიმებოდა. ასეთები უნდა მოგესმინა სერიოზული სახით და სერიოზული პასუხი გაგეცა. საფრთხილო საქმე იყო...
მიწა ძალიან მიყვარს, იმდენად, რომ კავთისხევში ნაკვეთი ვიყიდე. ბევრჯერ ფეხშიშველიც დავდივარ იქ.

ბევრი სპექტაკლი გამიფორმებია მუსიკალურად, დამიწერია სიმღერები ფილმებისთვის. ერთ ფილმში საჭირო იყო ქურდი კაცის სიმღერა დამეწერა... მეც დავწერე პეტრე გრუზინსკის ლექსზე "ასეთია ქურდი კაცის ბედი". მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამ სიმღერას ასე აიტაცებდნენ. არ დაიძრა მთელი კრიმინალური სამყარო ჩვენკენ!.. მოდიოდნენ ჩემთან ავტორიტეტები, ატანდნენ მოსაკითხს... რამდენჯერმე მოსულან და უთქვამთ, თქვენ ოღონდ გვითხარით და თუ ვინმე მოსაკლავია, დღესვე მოკვდებაო... არავინ მყავს მოსაკლავი და მე ხომ არ მომკლავთ-მეთქი, - ვპასუხობდი. ხან ღამეც მოსულან ჩემთან... ახლა ამ სიმღერის გამო მგონი ძლივს გადავრჩი აკრძალვას. თვითონ სიმღერა კი აუკრძალავთ... აკრძალონ, რა ვქნა. როგორიც ვარ, ეგეთი ვარ, ახლა რაც უნდა თქვან ჩემზე, ვერაფერს დამაკლებენ.

თანდათან მაკლდება ახლობლები, და აღარა მყავს... საბედნიეროდ, ძმა მყავს ერთი, მამით ერთნი ვართ. მართალია, კვერნაძე არ არის, დედის გვარზეა - ირიკო ევდოშვილი... ორი შვილი მყავს. ვაჟი მხატვარია, გოგონა - ფილოლოგი. შვილებს თავისუფლად ვზრდიდი, სამი შვილიშვილი მყავს...

სევდიანი ვარ?.. ახლა ასაკის გამო კი არ გავხდი სევდიანი, ყოველთვის სევდიანი ვიყავი. ერთხელ მულტფილმისთვის მუსიკის დაწერა მთხოვეს. მოუსმინეს და ეს რა სევდიანია, ჩვენ თქვენი იუმორი გვინდაო... იუმორი კარგია, მაგრამ ეგრე სად არი... სევდა უფრო მეტია ცხოვრებაში.
ყველაზე დიდი შიში ამ ზაფხულინდელი მახსოვს... აგვისტოს ომმა უდიდესი ტკივილი მომაყენა.

მეგობრები შემიმცირდნენ, ბევრი აღარ არის ამქვეყნად. ამაზე ლაპარაკი მიჭირს. ეროსისთან დიდი მეგობრობა მაკავშირებდა, მაგრამ წიგნი რომ გამოდიოდა და წერილის დაწერა მთხოვეს, ვერ დავწერე, ვერ შევძელი. ჩემი განცდა მარტო ჩემში რჩება, ვერ გადმოგცემთ ვერანაირად.
რა მენატრება? მენატრება ქართულ სოფელში გასვლა, ბრძენი გლეხის მოსმენა. იცი, ქართველი გლეხი ჩემთვის თავისებური მუსიკაა, ისე როგორც ყველაფერი ჩემ ირგვლივ. სამყაროს კარგად უნდა დაუგდო ყური და გამოკენკო იქიდან შენი მუსიკა.

P.S. ახლა როცა ბიძინა კვერნაძე ცოცხალი აღარ არის, კიდევ ერთხელ ვკითხულობ მის მონათხრობს და მუსიკად მესმის: იუმორის მსუბუქი საფარველით შებურულ, მაგრამ მაინც სევდიან მუსიკად...

ლელა ჯიყაშვილი
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”



სოსო მოსიაშვილი.
19 მაისი 2018 10:45
ეს წერილი ადრეც წაკითხული მაქვს,ახლაც სიამოვნებით წავიკითხე და მომავალშიც სიამოვნებით გადავიკითხავ.ასეთ ადამიანებზე მოგონებები, არ ძველდებიან და არც გბეზრდებიან.ბატონი ბიძინასათვის ძალიან მძიმე გადასატანი აღმოჩნდა არა მარტო ომი,არამედ ომამდელი წლების სტრესული გარემოც.მახსოვს მისი სახე 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ და ალბათ არც არასოდეს დამავიწყდება,უკვე მაშინ ჩაწყდა მასში შიგნით,რაღაცა,ალბათ სიცოცხლის ძარღვი ჰქვია იმას,ომი კი განაჩენი აღმოჩნდა.წავიდა მისი სული და ალბათ სამოთხეში დაიბევა ადგილი,რადგან სამოთხეში მხოლოდ კეთილ სულებს უშვებენ,ისეთს,ბიძინა კვერნაძეს რომ ჰქონდა.
აზდაკი))
26 აპრილი 2018 09:55
რაღაც....კარგად გავხდი ახლა, ეს რომ წავიკითხე....რა კარგია დაბერებული,გასხივოსნებული ადამიანის მოსმენა....
uuu
26 აპრილი 2018 03:37
აი ეს იყო ვალმოხდილი კაცი ღმერთის და ერის წინაშე. ასეთი კრედოთი ცხოვრება უნდა ვცადოთ ადამიანებმა. ღმერთმა გაანათლოს!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა