სიკვდილთან ხუმრობა საშიშია - კვირის პალიტრა

სიკვდილთან ხუმრობა საშიშია

გენიალური ჩარლი ჩაპლინი სიკვდილზე ყოველთვის ხუმრობდა. სიკვდილმაც, როგორც ჩანს, "შური იძია" და თავადაც "ეხუმრა": გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ მსოფლიოს საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს სენსაციური ცნობა: "ჩაპლინის ნეშტი მოიპარეს!"

მართლაც, შვეიცარიის ქალაქ ვევეს ანგლიკანური ეკლესიის დარაჯს 1978 წლის 2 მარტს იქაურობა - გადათხრილი, ხოლო მსახიობის საფლავი ცარიელი დახვდა. ვერსია უამრავი იყო, თუმცა, მალე ძიებისათვის ხელმოსაჭიდი ფაქტი გამოჩნდა: ქურდები ჩაპლინის ქვრივს, უნას შეეხმიანენ და გარდაცვლილი მეუღლის ახალი განსასვენებლის მისამართის დასახელებაში 600 ათასი დოლარი მოსთხოვეს. ჩემი ქმარი ცასა და ჩემს გულში განისვენებს, სხვაგან არსადო, - მიახალა ქალმა, თუმცა პოლიციამ იგი დაარწმუნა, რომ საქმის წარმატებით დასრულებისათვის ქურდებთან ურთიერთობა აუცილებელი იყო.  ბოლოს და ბოლოს, მას შემდეგ, რაც ქვრივსა და გამომძალველებს შორის 27-ე სატელეფონო საუბარი შედგა, პოლიციამ მათი ადგილსამყოფელი დაადგინა. მძარცველების აყვანა არ გასჭირვებიათ. ისინი უმუშევარი ემიგრანტები აღმოჩნდნენ: როგორც გაირკვა, მათ კუბო ჟენევის ტბის ახლოს მდებარე სოფელში, პურის ყანაში ჩამარხეს. ჩაპლინის ახალი განსასვენებელი იმდენად თვალწარმტაც ადგილას აღმოჩნდა, რომ პოლიციასთან ერთად იქ მისულ ჭირისუფალს ეჭვი გაუჩნდა - ღირდა კი მისი იქიდან გადასვენება?.. ბოლოს ყველამ და ყველაფერმა თავისი ადგილი დაიკავა, პურის ყანის მფლობელმა ფერმერმა კი მსახიობის დროებითი განსასვენებლის ადგილზე ხის ჯვარი აღმართა ჩაპლინის საქვეყნოდ ცნობილი ხელჯოხის გამოსახულებით.

ლადო გოგუაძე