მისგან დირექტორი ვერ გამოვიდა - კვირის პალიტრა

მისგან დირექტორი ვერ გამოვიდა

ზაურ ბოლქვაძე ცნობილი ფოლკლორული ანსამბლის "ქართული ხმების" მშვენება გახლდათ. მისი პირველი ხმა მართლაც რომ ცას სწვდებოდა. ერთხელ ისეთი მაღალი ნოტი აიღო, მეგობრებს ხმის შეწყობა გაუჭირდათ და კონცერტის შემდეგ უსაყვედურეს: რა იყო, იმსიმაღლეზე სად მიდიოდიო. რა მოხდა, ბიჭო, მაღლიდან მოვუარეო, - იმართლა თავი.

საქართველოში, როგორი კარგი მომღერალიც უნდა იყო, სიმღერით ოჯახის რჩენა ძნელია. გამონაკლისი არც ზაურ ბოლქვაძე იყო, ამიტომ ერთი პერიოდი მშობლიურ ოზურგეთში  საწარმოს დირექტორად მოუხდა  მუშაობა. რა თქმა უნდა, მომღერალი კაცისგან დირექტორი ვერ გამოვიდა. ამის დასტურად მეგობრები მისი "მოღვაწეობის" ერთ ეპიზოდს იხსენებენ.

ზაურ ბოლქვაძეს, როგორც ხელმძღვანელ  პირს ეკადრება, მძღოლი ემსახურებოდა. მძღოლად იქაური ბიჭი აიყვანა. ერთხელაც წაიყვანა მძღოლმა მანქანა და სამსახურში  რამდენიმე დღის შემდეგ დაბრუნდა. ბატონმა ზაურმა გადაწყვიტა, ბიჭისთვის ჭკუა ესწავლებინა და მკაცრად ჰკითხა:

- სა იყავი, ბიჭო?

- სა ვიყავი?!

- ჰო, სა იყავი?

- სა ვიყავი?!

- ჰო, ჰო, სა იყავი?

- სა ვიყავი და იქინე!

- ვერ თქვი მერე?!