ასეთი იყო... ცხოვრებას მღელვარე ზღვად აქცევდა
ასეთი იყო... ცხოვრებას მღელვარე ზღვად აქცევდა
რომ არა ზღვა, ვინ იცის, რამდენ მოთხრობას და რომანს დაწერდა... თუმცა ისედაც ეტყობოდა, ქართული ლიტერატურის საგანძურში რომ დაიმკვიდრებდა ადგილს...
რომ არა ზღვა-მეთქი... არა, ბატონო! ზღვას ბრალი არ მიუძღვის - ის ისეთი იყო, ცხოვრებას თავად აქცევდა მღელვარე ზღვად, არ მოისვენებდა, არ შეეპუებოდა და სხვის გადასარჩენად იმ ცხოვრების ზღვაშიც გადაეშვებოდა...

მართალია,  მისი სიცოცხლე ხანმოკლე იყო, მაგრამ მაინც შეძლო "თოფივით გავარდნა" საბჭოური ჭაობის ფონზე...
გურამ რჩეულიშვილზე მოგახსენებთ - 60-იანი წლების თბილისში მართლაც ზღვასავით
მოვარდნილ და ბოლოს ლეგენდად ქცეულ გურამ რჩეულიშვილზე, ადამიანზე, რომელმაც ქართველობას თავისუფლებისმოყვარე რაინდული სული გაუღვიძა, თავგანწირვის, ერთგულების, შეუდრეკელობის მაგალითები აჩვენა და რწმენა შთაბერა, რომ ჩვენი მომრევი "ძალა არ არის"...
შემთხვევით არ ჰქვია "ალავერდობის" მთავარ პერსონაჟს მასავით გურამი:  
"არ დაუნახავთ მთვრალ პატრონებს, როგორ აუშვა გურამმა მთიულური,
მკერდგანიერი ცხენი, რომელიც თითქმის შეუმჩნევლად გაიყვანა ხალხიდან და უბელოს ზურგზე მოახტა.

ტარებით მიჰყავს მტვრიანი გზის გასწვრივ მაღლა ტყისკენ, უკანა რჩება ბუბუნი, ხმაური. მითოხარიკობს ცხენზე მჯდომი, დარჩენილი საკუთარ ვნებებთან, რომლებიც უფრო იტენებიან იმ შეხლის ჟინით, როდესაც ის გაჭენებული ცხენით მივარდება ისევ ხალხთან და რაღაც, რაღაც გადამწყვეტი მოხდება, მაგრამ ამაზე აღარ შეუძლია ფიქრი, ახლა მხოლოდ გრძნობების ასპარეზი რჩება. თავდება მინდორში შემოჭრილი ტყის ბოლო. აქედან აღარ მოჩანს არც ალავერდი, არც ხალხი, არაბუნებრივი სიჩუმე დგას ირგვლივ. ტყის პირას პატარა გრილი ფშანი გამოდის, იქვე უხვევს და ბუჩქების სიღრმეში იკარგება. უცნაური გაშეშება იპყრობს მარტო დარჩენილ მხედარს, ცხენი ცოტა წყალსა სვამს და ყურებდაცქვეტილი დგება მის შუაში. ოდნავი ჩქამიც კი არ ისმის. მთლიანად გამოთიშული გარემოსაგან, დგას გურამი და ამ სიჩუმეში, არარეალურობისაგან რამდენჯერმე გაძლიერებული, ისმის მთლიანი, დიდებული სიმფონია გაურკვეველი სურვილისა - სად დაიწყო? სად დამთავრდება? რა უნდა მოხდეს? არაფერი არ ესმის მსმენელს, ეს არის მუსიკა მთლიანი, ერთიანი, ყველა თავისი ხმით, ნაწილებით, ერთადერთი თავისდაცვაა მისგან, არ გაინძრე, არ გაუძალიანდე და უცებ საოცარი სისწრაფით საიდანღაც თოფივით გავარდება ერთი ნოტა, დარჩენილი სიმფონიის გარეშე. იწუვლა კოღომ. მოწყვეტით გავარდა მხედარი სიგრილიდან გახურებული მინდვრისკენ, ფეხდაფეხ აიყოლა ცხენი, ათას ხმებად დაიშალა კოღოს წუილი, აიმტვრა ჩალა, ალაწუნდა გამხმარი შალაფა, რგოლებად დაიყოლა დასიცხული ჰაერი. გახურდა მხედარი, გაუსწორდა წამოწეული ცხენი და თვალის დახამხამებაში იქცა ერთ სხეულად ორივე"...

ღრეობენ ქართველები და ამ სახედაკარგულ მასას მოულოდნელად გამოერჩევა უცნაური, ერთი შეხედვით არანორმალური ყმაწვილი, რომელიც მათ გამოფხიზლებას ცდილობს, თუმცა, როგორც ჩანს, ერი ჯერ მზად არ არის გასაღვიძებლად, ამიტომაც ვერაფერს გრძნობს და თეთრ რაშზე ამხედრებული ახალგაზრდა კაცის ქროლვა მათთვის მხოლოდ უგუნური საქციელია, თუმცა თავად გურამმა (პერსონაჟმაც და ავტორმაც) მშვენივრად იცის, რასაც აკეთებს...

მისი ცხენი ტატოს მერანს ჰგავდა, მისი ხმა მწერლობაში - ქუხილს, თვითონ "უბელო" იყო - თავს არავის ამართვინებდა. სხვა ბიჭებისთვის გზის გამკვალავი იყო. მისი მეგობარი ვაჟა გიგაშვილი იგონებს: "ხევსურეთში პირველად გურამ რჩეულიშვილმა წამიყვანა. გურამმა ყველა გადარია, ისე ჯირითობდა ცხენით; პატარაობიდანვე იცოდა ჯირითი... გურამთან ერთად ჩხუბშიც  ბევრჯერ მოვხვედრილვარ, მაგრამ ისეთი განცდა მქონდა, რომ არაფერი შემემთხვეოდა ცუდი - რადგან გურამი იქ იყო, არ მეშინოდა!"
გურამს არ ეშინოდა და იმიტომ...
ხევსურეთში უამრავი ძმადნაფიცი ჰყავდა - ალბათ, აქ, ამ თაAვისუფალ სამყაროსა და ამაყ ხალხთან პოულობდა სულის სიმშვიდეს...

მისი მძაფრი ვნება შენებაში იყო და არა -  აშენებულით თავმოწონებაში, ამიტომაც იქ ჩადო პირველი სასაძირკვლე ქვა, სადაც მისი მტკიცე სულის შესაფერის შენობას ააგებდა: "მთელი ამ ხედვის უზარმაზარ სივრცეში არ არის არც ერთი გოჯი, რომელსაც არ სწყალობდეს შემოქმედის დალოცვა, არ არის არც ერთი წერტილი, სადაც ადამიანს, ისტორიის სიღრმიდან დღემდე, მადლობა არ გადაეხადოს მისთვის და არ შეექმნას თავისი შრომით მატერიალურად თუ სულიერად ძლიერი და ღირსეული რამ. ტყის პირას გაგონილი, დაუწერელი, ერთად მოვარდნილი სიმფონიასავით იღვრება თვალის წინ ძველი ციხეები, ეკლესიები, ბურჯები და ამ ეპოქაში ნაშენი ხიდები, სწორი, უგეგმიანესი აივნებით. ამ გეგმიანობიდან სინათლესავით მოდის შეუჩერებლივ რაღაც ახალი, სიცოცხლისუნარიანი; მისი ეგზოტიკისათვის უცნობი ძალა იპყრობს გუმბათის თავზე მდგომის სხეულს: ახალი, შეუცნობლად კანონზომიერი, შეერთებული გრანდიოზულ უსიტყვო შრომასთან. ის ფიქრობს: საიდან მოდის ეს სიცოცხლისუნარიანობა და პასუხობს: ის თვითონ ჩემშია, ის თვითონ იმ ხალხშია, რომელიც ღრეობს ქვევით, მაგრამ ჩვენ ორი დღით დავიბენით, რომ ახალი ძალით გვეგრძნო ნამდვილი შემოქმედური სიამოვნება შრომისგან, რადგან ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა -აშენებულით ტკბობაში".
ის ყველას საყვარელი გურამი იყო, ზღვა კი - მისი საყვარელი სტიქია... თავადაც ზღვას ჰგავდა - მასავით ბობოქარი, დაუდგრომელი და ამოუცნობი...
მისი მოთხრობები დიდი ხნის წინ შეიყვარა მკითხველმა, მისი პერსონაჟები (რომლებიც ძალიან ჰგვანან ავტორს) მისაბაძ ადამიანებად იქცნენ...

ამჯერად  მკითხველი კიდევ ერთხელ შეხვდება გურამ რჩეულიშვილს - მისი ექვსტომეული "ჩემი რჩეული ბიბლიოთეკის" სერიით გამოვა და კიდევ ერთხელ შეახსენებს ქართველობას, როგორ უნდა გვიყვარდეს, როგორ უნდა ვიმეგობროთ, როგორ უნდა ვიბრძოლოთ მაშინაც კი, როცა გამარჯვებაში დარწმუნებული არ ვართ...
madlieri mkitxveli
20 დეკემბერი 2011 19:54
დიდებულია,გმადლობტ ქ-ნო ლელა!როგორ შეიძლება საქარტველოს გადაჯიშება როცა გურამ რჩეულიშვილი,გურამ დოჩანაშვილი გვყავს?

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?