"გაბრაზებულმა იპოლიტემ იმ ღამეს არ დააძინა ბონდო დადვაძე, ნახევარ საათში ერთხელ ურეკავდა და ლანძღავდა, - ეს რა გამიკეთეო!" - კვირის პალიტრა

"გაბრაზებულმა იპოლიტემ იმ ღამეს არ დააძინა ბონდო დადვაძე, ნახევარ საათში ერთხელ ურეკავდა და ლანძღავდა, - ეს რა გამიკეთეო!"

31 დეკემბერია. ძალიან უნდა იჩქაროს: რამდენი საჩუქარი აქვს შინ მისატანი, რამდენი - სანოვაგე! აი აქ, ფეხსაცმლის მაღაზიის ახლოს სურსათი იყიდება, შამპანური აუცილებლად უნდა შეიძინოს! შევიდა კიდეც... რომ დაინახეს, ჯერ გამყიდველებს გაეღიმათ, მერე მყიდველებსაც. დახლებსა და ვიტრინებს თავი მიანებეს და მას დაუწყეს ყურება - იპოლიტე ხვიჩიას...ამან ფართა-ფურთით გადაიხადა და აჩქარებული გავარდა გარეთ...

აუ! ახლა არ გინდა მიწისქვეშა გასასვლელამდე მისვლა? არადა, აქვე გადავიდოდა კაცი, გზასაც შეიმოკლებდა, დროსაც დაზოგავდა. ჰოდა, გადავიდა კიდეც. ეს ინსპექტორი კი საიდან გაჩნდა ასე უცებ, ვერც მიხვდა: გადმოუხტა და - მოქალაქე, უკან დაბრუნდით, აქ გადასვლა არ შეიძლებაო. იპოლიტე დათმობას არ აპირებდა, განზე გახტა და... აპარატმაც გაიჩხაკუნა. მართალია, ძველი, საბჭოთა აპარატი ისე კარგად ვერ იღებდა, როგორც დღევანდელი, ამიტომ მოძრავი ფიგურა ბუნდოვანია, მაგრამ ის რომ იპოლიტეა, კარგად ჩანს.

ფოტო ბონდო დადვაძემ გადაიღო - მისმა მეგობარმა ფოტოხელოვანმა. ეს არ იყო ერთადერთი სურათი. კიდევ რამდენიმე კადრი ასახავდა წლის ბოლო დღეს, იპოლიტე ხვიჩიას ფაციფუცით მზადებას ახალი წლისათვის. თუმცა ახალი წელი ახალ წლად და... დიდ კომიკოსს დაბადების დღეც 31 დეკემბერს ჰქონდა. ჰოდა, ვინ დაავალებდა საჩუქრებზე სირბილს, სამზადისში ჩართვას. შინ იყო და სტუმრებს ელოდა... ეს სიუჟეტი კი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, დადგმულია...

ახლა იმას გიამბობთ, რა ხდებოდა სინამდვილეში.

სინამდვილეში საყიდლებზე სიარული სულაც არ მოსწონდა, ქეიფი უყვარდა!

xvichia.jpg

სახალხო არტისტის, შალვა ხერხეულიძის იუბილე იყო გორში 1968 წელს. მიიწვიეს იპოლიტე ხვიჩია. მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა წასვლა. წავიდნენ იპოლიტე, ემანუელ აფხაიძე, ბონდო დადვაძე...

გორში იპოლიტე სცენაზე მიიწვიეს, ვიდრე ის სცენაზე იჯდა, მისი თანმხლებნი იქვე ახლოს ეწვივნენ კარგ მეგობარს. მოილხინეს, დალიეს კიდეც და ბონდო დადვაძემ მოიფიქრა: - მოდი, ახლა იპოლიტე მშიერი დავტოვოთ, ბანკეტზე არ დავრჩეთო... მართლაც, ამათ რა უჭირდათ, ნაქეიფრები იყვნენ, იპოლიტე ხვიჩია კი დაღლილი, მშიერი, ნამდვილად არ იტყოდა უარს ქართულ პურმარილზე. მეგობრებმა შეაცდინეს: რა გვინდა ახლა დიდ ბანკეტზე, წავიდეთ და რესტორანში ვიქეიფოთო... მართლა მასე ჯობია, ბიჭოო... მაგრამ რესტორანთან არავის გაუჩერებია... ის კი არა, მცხეთაში სალობიეც კი დაკეტილი დახვდათ, რომ სული მოებრუნებინა. ასე ჩამოიყვანეს მშიერი იპოლიტე თბილისში. მიიყვანეს თავისი სახლის ეზოში.

- მშიერი დამტოვეთ, არა?! - მიუხვდა ყველაფერს, - ჭკუა ვერ ვისწავლე, ბონდო დადვაძეს რომ ავყევიო!

გადავიდა მანქანიდან გაგულისებული და დაიწყო გინება. აივნიდან ლუბამ გადმოხედა: - უი, იპოლიტე, ფხიზელი ხარ, შენ გაიხარეო... (არადა, როცა ნასვამი მიდოდა შინ, თვითონ ჩუმად იყო, ლუბა ეჩხუბებოდა ზემოდან)...

გაბრაზებულმა იპოლიტემ იმ ღამეს არ დააძინა ბონდო დადვაძე, ნახევარ საათში ერთხელ ურეკავდა და ლანძღავდა, - ეს რა გამიკეთეო! თურმე მშიერს ლობიო დახვედრია შინ, გაბრაზებულ გულზე შუაღამისას ლობიოთი დანაყრებულა, ცხადია, აწყინა. თვითონ არ ეძინებოდა და არც თავის გამმწარებლებს აძინებდა.

ზოგჯერ შინაც დაარიგებდნენ, ექიმებიც ურჩევდნენ და დალევაზე უარს ამბობდა... ერთხელ, სწორედ მაშინ, როცა ბონდოზე ნაწყენი იყო და არ ელაპარაკებოდა, დაპატიჟეს რესტორანში... მივიდა, დალევაზე კი ცივი უარი განაცხადა. ბონდო დადვაძემ დიდი სასმისით (სხვათა შორის, ნახევარლიტრიანი ქილით, რომელიც საგანგებოდ მოატანინეს), მისი შვილების და შვილიშვილების სადღეგრძელო დალია. ეს იყო დიდი არტისტის სუსტი წერტილი - შვილებისა და შვილიშვილების სადღეგრძელოს ყოველთვის დალევდა!

ქეიფი ღვინის სმისთვის კი არ უყვარდა, ის მოსწონდა, სიყვარულს რომ გამოხატავდნენ, რომ მიეფერებოდნენ, გულში ჩაიკრავდნენ. ისე, ზოგჯერ ეს "გულში ჩაკვრა" გულსაც უხეთქავდა ხოლმე! ასე იყო, ზურაბ ქაფიანიძემ რომ ჩაიკრა გულში და მერე აღმოჩნდა, ნეკნები გაბზარვოდა. გულიანიად იცინოდა ქაფიანიძე: მოდი, იპო, ჩაგეხუტოო. ეს კი: არ მომეკარო, თორემ დანას დაგარტყამო... სხვათა შორის, როცა ავად იყო და შინიდან იშვიათად გამოდიოდა, ზურაბ ქაფიანიძის სახლთან მისულა რაღაც საქმეზე. დაუნახავს ზურას დას, დაუძახია ძმისთვის... გაიშალა სუფრა, ხელით ამოიყვანა ზურამ იპოლიტე და დაიწყო ქეიფი... იმ საღამოს "სუფრიანად" გააცილეს იპოლიტე ხვიჩია. ქაფიანიძეს ეზომდე ჩამოუტანია პატარა სუფრა თავისი მეექვსე სართულიდან და ყველაწმინდა ეზოში შეუსვამს...

...ჰოდა, 31 დეკემბერს, თავისი დაბადების დღეს, ცხადია, მაღაზიიდან მაღაზიაში არ ირბენდა იპოლიტე ხვიჩია... მეგობრებთან ერთად ასწევდა ჭიქას, ძველს გააცილებდა, ახალს დახვდებოდა და გულიან სიცილს დააკვებებდა სრულიად საქართველოს.