ნამდვილი "ლაუაზიეს" სევდიანი ისტორია - კვირის პალიტრა

ნამდვილი "ლაუაზიეს" სევდიანი ისტორია

"ლაუაზიეს კანონია, უფროსო!" - მილიციელ პავლეს ეს სიტყვები კინოფილმიდან "ქვევრი" თითქმის ყველა ქართველს ახსოვს.მეცნიერებაში გაუთვითცნობიერებელი მაყურებლისთვის ცხადი იყო, რომ კინოფილმში პოლიციელი ახსენებდა რომელიღაც ფიზიკოსს ან მათემატიკოსს, რომელიც, სავარაუდოდ, მყარი სხეულების ან გეომეტრიული ფიგურების შეზღუდულ სივრცეში გადაადგილებაზე მუშაობდა. თურმე სულ ტყუილად ვენდობოდით პავლეს. მას, ისევე, როგორც იმავე კინოფილმში მის მოუცლელ უფროს სამჭკუაშვილს, "ლაუაზიეზე" წარმოდგენაც არ ჰქონია.

სინამდვილეში "ლაუაზიეს" ანტუან ლავუაზიე ერქვა და XVIII საუკუნის გამოჩენილი ქიმიკოსი, თანამედროვე ქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახლდათ. მეცნიერების გარდა, "ბიზნესითაც" იყო დაკავებული, - გადასახადების ამკრეფი ორგანიზაციის წევრი იყო და ამ საქმიანობით დიდ კაპიტალსაც მოუყარა თავი. თანხის უმეტეს ნაწილს  ქიმიური ლაბორატორიების მოწყობას ახმარდა. სამწუხაროდ, ფრანგ რევოლუციონერებს ლავუაზიეს გამოკვლევები დიდად არ აინტერესებდათ, ისინი მასში მხოლოდ მშრომელთა სისხლისმსმელ გადასახადების ამკრეფს ხედავდნენ. 1793 წელს კონვენტის გადაწყვეტილებით მეცნიერი ციხეში გამოამწყვდიეს. კოლეგების პეტიციის საპასუხოდ, რომელშიც კონვენტს ლავუაზიეს გათავისუფლებას სთხოვდნენ, რევოლუციური ტრიბუნალის თავმჯდომარე კოფინელმა განაცხადა: "რესპუბლიკას მეცნიერები არ სჭირდება!" და სამშობლოს ღალატში ბრალდებულ ლავუაზიეს სიკვდილი მიუსაჯა. "ჯალათს ერთი წამი დასჭირდა იმ თავის მოსაკვეთად, რომლის მსგავსის შესაქმნელად საფრანგეთს შეიძლება 100 წელი დასჭირდეს!" - ასე გამოეხმაურა დიდი ფრანგი მათემატიკოსი ლუი ლეგრანჟი თავისი კოლეგისა და მეგობრის სიკვდილით დასჯას.

მოამზადა ლადო გოგუაძემ