ჩხეიძე უყვარდათ, ხორავასი - ეშინოდათ - კვირის პალიტრა

ჩხეიძე უყვარდათ, ხორავასი - ეშინოდათ

აკაკი ხორავა იყო არა მარტო გენიალური მსახიობი, არამედ წარმოსადეგი და შესანიშნავი ხმის პატრონიც. მისი ნახვა და მოსმენა დღესაც შეგვიძლია ძველ კინოფილმებში, განსხვავებით მეორე ქართველი გენიოსის - უშანგი ჩხეიძისგან, რომლის  მხოლოდ განუმეორებელი ხმა შემოგვინახა რადიოს "ოქროს ფონდმა".

უშანგი ჩხეიძე თავისი სულში ჩამწვდომი ხმით განსაკუთრებით ქალებს ხიბლავდა. ხორავამ ერთხელ ჰკითხა კიდეც, შენზე ნაკლები ხმა არც მე მაქვს, შენსავით რატომ არ მეხვევიან ქალებიო.  ჩხეიძემ მიუგო: კაცო, შენი ხმის ქალებს ეშინიათ, ჩემი კი მოსწონთო.

ამის დასტურად ერთ იმ დროისათვის გახმაურებულ შემთხვევას გავიხსენებთ. აკაკი ხორავა პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. თეატრალურ ინსტიტუტში ჰყავდა ერთი სტუდენტი, რომელიც მას ეთაყვანებოდა. ისეთი რიდი ჰქონდა, ემალებოდა და დიდ მსახიობს მისალმებასაც ვერ უბედავდა. ერთხელაც დერეფანში პირისპირ შეეჩეხა, სხვა გზა არ ჰქონდა და მისალმება გაბედა. გაგიმარჯოსო, გაისმა პასუხად ხორავას დრამატიზმით აღსავსე, მართლაც მეფური ხმა და... ახალგაზრდა გულშეღონებული ჩაიკეცა.

მოამზადა ლადო გოგუაძემ