ჯერ ქართული, შემდეგ - ყველაფერი დანარჩენი - კვირის პალიტრა

ჯერ ქართული, შემდეგ - ყველაფერი დანარჩენი

დიდ ქართველ ენათმეცნიერს, აკაკი შანიძეს, თავისი საქმე ფანატიკურად უყვარდა. მისთვის უპირველესი ქართული ენა, მისი სიწმინდის დაცვა და შესწავლა იყო. ერთხელ მისი ქალიშვილი მზექალა ავტოავარიაში მოყვა. ეს ამბავი უნივერსიტეტში მისულმა მილიციელმა ლექციაზე მყოფ აკაკი შანიძეს ასე აცნობა:

- ბატონო აკაკი, თქვენს ქალიშვილს "მაშინა" დაეჯახა.

- "მაშინა" კი არა, მანქანა! - ქართული შეუსწორა ამბის მომტანს და მხოლოდ შემდეგ შემოიკრა თავში ხელი.

თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის (102 წლისა გარდაიცვალა) მანძილზე ბოლო წუთამდე შრომობდა და ტყუილუბრალოდ ერთი წუთიც არ დაუკარგავს. ერთხელ მასთან საკონსულტაციოდ მისულ სტუდენტებს აკადემიკოსის სახლში უცნობი მამაკაცი დახვდათ, რომელიც იატაკს ხეხავდა. ახალგაზრდებმა გაიკვირვეს:

- ბატონო პროფესორო, ამ "საქალო საქმეს" მოსამსახურე ქალს რატომ არ აკეთებინებთ?

- რამდენიც მოვიყვანე, ყველა ენაჭარტალა აღმოჩნდა, სულ მელაპარაკებოდნენ და მუშაობაში ხელს მიშლიდნენ, ამიტომ კაცი დავიქირავეო, - ასე უპასუხა.

მისთვის, როგორც უნივერსიტეტის პედაგოგისათვის, მაჯის საათი აუცილებელი ატრიბუტი იყო. ერთხელ ცნობილი უცხოური ფირმის ძვირფასი საათი აჩუქეს. საათი კარგად მუშაობდა, მაგრამ ერთი "მინუსი" ჰქონდა - ციფერბლატზე ციფრების ნაცვლად ხაზები იყო გამოსახული, რის გამოც უკვე ხანში შესულ მეცნიერს დროის გაგებისას აბნევდა და "ძვირფას" წამებსაც აკარგვინებდა.  ერთხელ ლექციაზე სტუდენტის მაჯაზე შენიშნა სრულიად უბრალო საათი, რომელსაც ციფერბლატზე დიდი ზომის ციფრები ეწერა. წამით არ დაფიქრებულა, ისე მოიხსნა თავისი ძვირფასი საათი და გაცვლა შესთავაზა. გაოცებული სტუდენტი სიხარულით დათანხმდა მასწავლებლის უცნაურ შემოთავაზებას.

მოამზადა ლადო გოგუაძემ