ორი ერის გმირი - კვირის პალიტრა

ორი ერის გმირი

პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცერი, პოლკოვნიკი ვალერიან თევზაძე 1918-1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს არმიაში მსახურობდა და საქართველოს დამოუკიდებლობას იცავდა ბოლშევიკთა წინააღმდეგ წარმოებულ ხანმოკლე ომში.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ვალერიან თევზაძე სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო, იმ იმედით, რომ ბოლშევიკები მალე დამარცხდებოდნენ და ისევ სამშობლოში დაბრუნდებოდა. სამწუხაროდ, ვალერიან თევზაძეს სამშობლოში დაბრუნება აღარ ეწერა.

"ჩემი იმედი, რომ ბოლშევიკთა მმართველობა რუსეთში დიდხანს არ გასტანდა, უსაფუძვლო აღმოჩნდა. რუსეთის ხალხი, მიჩვეული მონობას ჯერ მონღოლებისას და მერე 400-წლოვან დესპოტურ მეფის რეჟიმს, უყოყმანოდ დაემორჩილა ბოლშევიკურ ხელისუფლებას", - წერდა ვალერიან თევზაძე თავის მემუარებში.

ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა პოლონეთთან, რათა მას თავის უმაღლეს სამხედრო სკოლებში მიეღო ქართველი ოფიცრები. პოლონეთის მაშინდელმა პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელმა, რუსეთის იმპერიის დაუძინებელმა მტერმა, პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის დაუღალავმა მებრძოლმა მარშალმა იუზეფ პილსუდსკიმ ორასამდე ქართველი სამხედრო მიიწვია პოლონეთში. მათ შორის იყო ვალერიან თევზაძეც. სამხედრო სასწავლებლების დამთავრების შემდეგ ქართველებმა საკონტრაქტო ოფიცრებად დაიწყეს სამსახური პოლონეთის არმიაში. უნდა აღინიშნოს, რომ მათ პოლონეთის არმიაში სამსახურის ბოლომდე შეინარჩუნეს საქართველოს მოქალაქეობა და ამიტომ, როგორც უცხოელები, არ იყვნენ ვალდებული ომის შემთხვევაში მასში მონაწილეობა მიეღოთ. მიუხედავად ამისა, ყველა ქართველმა ოფიცერმა გამოთქვა სურვილი ემსახურა პოლონეთის არმიის საფრონტო ერთეულებში. ამ დროს პოლონეთი გააფთრებულ ბრძოლას აწარმოებდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ და ქართველი ოფიცრები სწორედ ამ ბრძოლაში ჩაებნენ. ოფიცერმა ვალერიან თევზაძემ 1920-1930 წლებში პოლონეთის მიერ წარმოებულ ყველა სამხედრო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.

1939 წლის სექტემბერში პოლკოვნიკი ვალერიან თევზაძე სარდლობდა ვარშავის დაცვის ჩრდილოეთ სექტორს და გამოჩენილი თავდადებისა და გმირობისთვის პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდოს – ვირტუტი მილიტარის ვერცხლის ჯვარი დაიმსახურა. "თავმდაბალი, მორიდებული, კეთილი ადამიანი, მაგრამ კაჟივით მტკიცე... ბოლომდე გაამართლა მასთან დაკავშირებული ჩვენი იმედები, მიუხედავად არნახულად მძიმე პირობებისა... სამაგალითო იყო ყველა თვალსაზრისით", - ასე იხსენებს ვალერიან თევზაძეს ვარშავის დაცვის შტაბის პოლკოვნიკი ტადეუშ ტომაშევსკი. ვალერიან თევზაძის გმირობით გერმანელებიც კი ისე მოიხიბლნენ თურმე, რომ პირადად ფიურერს უპატაკეს, ყველა პოლონელი ჟოლნერი (პოლ. ჯარისკაცი) რომ პოლკოვნიკ თევზაძის მსგავსად იბრძოდეს, პოლონეთის აღება ძალიან გაგვიჭირდებოდაო. ქართველი პოლკოვნიკი ისეთი გმირული შემართებით მიუძღოდა თურმე პოლონელ კავალერისტებს გერმანელთა ტანკების წინააღმდეგ, რომ გერმანელებმა რამდენიმე წამით შეაჩერეს შეტევა და მოხიბლულებმა შესძახეს: "ბრავო, ჰერ ოფიცერ!"

პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა შესახებ ცნობები კრემლამდეც აღწევდა. როდესაც სტალინმა ამის შესახებ პირველად შეიტყო, გაბრაზებულმა ბერიას უბრძანა, "ვოისკო პოლსკეს" ნებისმიერი ქართველი ჟოლნერი ხელში ჩაგდებისთანავე დაეხვრიტათ.

გერმანელთა ტყვეობიდან ვერმახტის ქართველი ოფიცრების დახმარებით გათავისუფლებული ვალერიან თევზაძე "ტომაშის" ფსევდონიმით უერთდება პოლონეთის წინააღმდეგობის მოძრაობას და არმია კრაიოვას მე-7 ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსად ინიშნება. პოლონეთის დაპყრობის შემდეგ გერმანელებმა "ვოისკო პოლსკეს" ყოფილი პოლკოვნიკის თავი დიდ თანხად – 200 ათას რაიხსმარკად შეაფასეს, მაგრამ ხელში მაინც ვერ ჩაიგდეს. ვალერიან თევზაძე, რომელსაც გერმანელები მთელ პოლონეთში ეძებდნენ, ვალერი კრჟიჟანოვსკის სახელით სრულიად ლეგალურად ცხოვრობდა იქვე, სილეზიის ერთ პატარა ქალაქში. დღისით ჩვეულებრივი მშვიდობიანი მოქალაქე ღამით მრისხანე მოწინააღმდეგედ იქცეოდა ხოლმე და ერთგული თანამებრძოლების რაზმთან ერთად მოსვენებას არ აძლევდა ფაშისტებს. პოლონელი პარტიზანების მოუხელთებელ მეთაურს, რომელსაც პოლონელები "კავკასიელ არწივს" უწოდებდნენ, პოლონეთის ტერიტორიაზე არსებულ საკონცენტრაციო ბანაკებში თავისი აგენტურაც ჰყავდა, რომლის საშუალებითაც მან ტყვე ქართველებთან კონტაქტის დამყარება მოახერხა, ბანაკებიდან გაქცევაში დაეხმარა მათ და თავის პარტიზანულ რაზმში ჩარიცხა. პოლკოვნიკ თევზაძის პარტიზანული რაზმი მკვეთრად გამოხატული ანტირუსული განწყობით გამოირჩეოდა. ამიტომ ემიგრაციაში მყოფ პოლონეთის მთავრობას ლონდონიდან სწორედ ვალერიან თევზაძესთან ჰქონდა ყველაზე მჭიდრო კავშირი. თევზაძის მოუხელთებლობის ამბავი სტალინმაც იცოდა. მას კრჟიჟანოვსკის სახელის გაგონებაც კი აცოფებდა. პოლონეთში ჩვენს არმიას სრული მხარდაჭერა მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება გარანტირებული, თუ იქ ვალერი კრჟიჟანოვსკის რაზმი აღარ იარსებებსო, ხშირად ეუბნებოდა სტალინი ბერიას.

1944 წლის ივლისში არმია კრაიოვას ხელმძღვანელობამ ურჩია ქართველ ოფიცრებს, მოსალოდნელი რეპრესიების გამო წითელი არმიის შემოსვლამდე დაეტოვებინათ პოლონეთი. პოლკოვნიკმა ვალერიან თევზაძემ პოლონეთში დარჩენა ამჯობინა და საბჭოთა რეპრესიების თავიდან აცილების მიზნით გარდაცვალებამდე ვალერი კრჟიჟანოვსკის სახელით ცხოვრობდა. მან არც თავისი მეუღლის, მალგოჟატა ხმელნიკოვსკას ნამდვილი ვინაობა გაამხილა და სიცოცხლის ბოლომდე საკუთარ დად აცნობდა საზოგადოებას. როცა საბჭოთა არმიამ პოლონეთი დაიპყრო და იქ თავისი რეჟიმი დაამყარა, ბოლშევიკები ბევრს ეცადნენ, რომ თევზაძე ხელში ჩაეგდოთ, მაგრამ მის კვალსაც კი ვერ მიაგნეს. ვალერიან თევზაძემ და მისმა თანამოაზრეებმა კიდევ ერთხელ შეაფარეს თავი იატაკქვეშეთს და ანტიკომუნისტური ორგანიზაცია "მებრძოლი პოლონეთი" დააარსეს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვალერი კრჟიჟანოვსკის სახელით ვალერიან თევზაძე ორმოცი წელი ცხოვრობდა და მუშაობდა პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოს ქალაქ ძერჟონიუვში, სადაც გარდაიცვალა კიდეც ღრმად მოხუცებული, 93 წლის ასაკში, 1985 წელს. ანდერძის თანახმად, მის საფლავზე მისი ნამდვილი სახელი და გვარია მითითებული და აწერია ეპიტაფია: "როგორც ქართველი, ვისურვებდი, რომ საქართველოში ვყოფილიყავი დაკრძალული, მაგრამ ბედნიერი ვარ იმითაც, რომ დავიკრძალები გმირი და კეთილშობილი პოლონელი ერის მიწაში".

1988 წლის მაისში პარიზში გამომავალ ჟურნალ "ივერიაში" გამოქვეყნდა პოლკოვნიკ თევზაძის მიერ პოლონურ ენაზე დაწერილი მემუარები სახელწოდებით "განვლილი გზა", რომელიც ქართულად თარგმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილმა იუნკერმა, პოლონეთის არმიის კიდევ ერთმა ქართველმა ოფიცერმა ნიკოლოზ მათიკაშვილმა. მემუარები ვალერიან თევზაძის ცხოვრების მხოლოდ ქართულ პერიოდს მოიცავს. 1990 წელს ეს მემუარები სახელწოდებით "ქართველი ოფიცრის ჩანაწერები" ცალკე წიგნად დაიბეჭდა თბილისში.

პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მამა, რომელიც პოლონეთის წინააღმდეგობის ფრონტის ოფიცერი იყო, განსაკუთრებული პატივისცემით იხსენებდა პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცრებს, რომლებიც პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და რომლებთანაც მას განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა. თავად პრეზიდენტ კაჩინსკის ახსოვდა ათეულობით ქართველი ოფიცრის გვარი.

2009 წლის მარტში ძერჟონიუვში გაიხსნა პოლკოვნიკ ვალერიან თევზაძისადმი მიძღვნილი ობელისკი, ხოლო იმ სახლს, სადაც 40 წელი ცხოვრობდა პოლონეთის არმიის ქართველი პოლკოვნიკი, გაუკეთდა მემორიალური დაფა. ყვავილებით შეამკეს თავისუფლებისთვის მებრძოლი პოლკოვნიკის საფლავი ძერჟონიუვში, ხოლო პოლონეთის არმიის ქვედანაყოფებმა სამხედრო ზალპით პატივი მიაგეს პოლონეთის ქართველ გმირს.

როდესაც 2011 წლის იანვარში ვროცლავში ვიმყოფებოდი, ჩემმა პოლონელმა მეგობარმა მაჩეი ძიუბანსკიმ, რომელმაც აღმომაჩენინა ვალერიან თევზაძე-კრჟიჟანოვსკი, შემომთავაზა წავსულიყავით ძერჟონიუვში და პატივი მიგვეგო ქართველი და პოლონელი ხალხების საერთო გმირისთვის. ძერჟონიუვში ჩასულებმა პოლკოვნიკ თევზაძისადმი მიძღვნილი ობელისკი ადვილად ვიპოვეთ (მოკრძალებული ობელისკი იმ შენობის წინ დგას, სადაც ვალერი კრჟიჟანოვსკი მრავალი წელი მუშაობდა ომის შემდეგ). ობელისკთან სანთლები ავანთეთ და ყვავილები დავდეთ. შემდეგ ვეცადეთ მისი საფლავი გვეპოვა ქალაქის რამდენიმე სასაფლაოზე, მაგრამ ამაოდ. იმ სახლის შესახებ კი, სადაც პოლკოვნიკი კრჟიჟანოვსკი-თევზაძე ორმოცი წელი ცხოვრობდა, მაშინ არაფერი ვიცოდით.

ობელისკთან გადაღებული სურათები "ფეისბუკზე" გამოვაქვეყნე. რამდენიმე ხნის შემდეგ დამიმეგობრდა პოლონელი იაროსლავ კრესა. როგორც აღმოჩნდა, ეს ობელისკი სწორედ იაროსლავ კრესას თაოსნობითა და დამსახურებით დაუდგამთ ქალაქში. თურმე მე და იარეკს საერთო მეგობარი გვყოლია "ფეისბუკზე". სწორედ მას უთქვამს იარეკისთვის, რომ მისი ინიციატივით დადგმული ობელისკი მოვინახულეთ და პატივი მივაგეთ გმირი პოლკოვნიკის ხსოვნას. სახლში, კედელზე, ახალგაზრდა ვალერიან თევზაძის სურათი მიკიდიაო, მითხრა მაშინ იარეკმა. როგორც აღმოჩნდა, იარეკის ბაბუაც მონაწილეობდა 1939 წლის სექტემბრის ვარშავის დაცვაში და, იარეკის ვარაუდით, შეიძლება პირადადაც კი იცნობდა პოლკოვნიკ თევზაძეს.

განსაკუთრებულ დღეებში იაროსლავ კრესა და მისი მეგობრები საგანგებოდ შეკერილ ძველ პოლონურ სამხედრო ფორმებს იცვამენ და საპატიო ყარაულში დგებიან პოლკოვნიკ თევზაძის ობელისკთან.

მაჩეი ძიუბანსკიმ მითხრა, იაროსლავმა სურვილი გამოთქვა, ძერჟონიუვში თუ კიდევ ჩავალთ, პირადად გაგვეცნოს და გვაჩვენოს პოლკოვნიკ თევზაძის სახლიცა და საფლავიცო. 2011 წლის სექტემბერში ისევ ჩავედით ვროცლავიდან ძერჟონიუვში. იაროსლავ კრესა მისივე დამსახურებით დადგმული ობელისკის წინ სკვერში გველოდებოდა. იქვე ახლოს იყო მოედანი, რომელსაც "საქართველოს მოედანი" ეწოდება. ობელისკთან ავანთეთ წითელი და თეთრი სანთლები, დავდეთ წითელი და თეთრი ვარდები და საქართველოსა და პოლონეთის დროშები. ასევე შევამკეთ ქართველი პოლკოვნიკისა და მისი პოლონელი მეუღლის საფლავები და სახლის ის კუთხე, რომლის კედელზეც მემორიალური დაფაა. სწორედ იაროსლავ კრესასა და მისი მეგობრების დამსახურებაა ისიც, რომ სახლს, რომელშიც ვალერიან თევზაძე ცხოვრობდა, დღეს ამშვენებს მემორიალური დაფა, რომელიც გვაუწყებს, რომ აქ ცხოვრობდა პოლკოვნიკი ვალერიან თევზაძე (კრჟიჟანოვსკი), დაბადებული 1892 წელს საქართველოში და გარდაცვლილი 1985 წელს ძერჟონიუვში, დამოუკიდებელი საქართველოს გენერალური შტაბის ოფიცერი 1918-1921 წლებში, შემდგომში ვოისკო პოლსკეს ოფიცერი, 1939 წლის სექტემბრის ვარშავის დაცვის ჩრდილოეთი სექტორის სარდალი, არმია კრაიოვას მებრძოლი, ვირტუტი მილიტარის ორდენის კავალერი. მემორიალური დაფა ძერჟონიუვის მცხოვრებთა სახელით 2008 წელს გაკეთდა.

იაროსლავ კრესამ მოგვიყვა, რომ სიძველის გამო და იმის გამო, რომ საფლავის შესანარჩუნებლად ფულს არავინ იხდიდა (თევზაძეს შთამომავლობა არ დარჩენია), ვალერიან თევზაძის საფლავს გაუქმება დამუქრებია და გაუქმდებოდა კიდეც, ისევ იაროსლავსა და მის მეგობრებს რომ არ ემოქმედათ. ახლა ისინი გადასახადსაც იხდიან და საფლავის ქვის გამოცვლაც სურთ – ხელოვნური გრანიტის ქვის მარმარილოთი შეცვლა უნდათ. იაროსლავმა გვაჩვენა აგრეთვე კედლის საათი, რომელიც ვალერიან თევზაძეს ძერჟონიუვის წმინდა ერჟის (გიორგის) სახელობის კათოლიკური ეკლესიისთვის შეუწირავს.

იაროსლავი და მისი მეგობრები გამოსაცემად ამზადებენ წიგნს, სადაც პოლონურ-ქართული ურთიერთობების შესახებ ცნობები იქნება თავმოყრილი, დაწყებული ბოგდან გრუზინსკიდან. ბოგდან გრუზინსკი გახლდათ XVII საუკუნეში პოლონეთის მეფის იან კაზიმეჟის ელჩი, წარმოშობით ქართველი, რომელიც, აღმოსავლური და ევროპული ენებისა და სამხედრო საქმის საუკეთესო მცოდნე, პოლონეთის მეფის მუდმივი რეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა ირანის შაჰის კარზე.

იაროსლავმა გვითხრა, რომ სექტემბრის ბოლოს საქართველოში მიდიოდა და თევზაძის სახელთან დაკავშირებული ადგილების მონახულებას აპირებდა. თბილისში მყოფ იარეკს რომ შევხვდი, გულდაწყვეტილი იყო, პოლკოვნიკ თევზაძის ვერც ერთ ნათესავს ვერ მივაგენიო. იარეკი ბათუმშიც ჩავიდა – სწორედ ბათუმიდან გავიდა ის გემი, რომელმაც 1921 წელს სამუდამოდ წაიყვანა საქართველოდან ვალერიან თევზაძე და სხვა ქართველი ემიგრანტები. კომპაქტდისკზე, რომელიც იარეკმა გადმომცა, ჩაწერილია ერთადერთი სიმღერა - "ვარშავა, 1939. პან თევზაძე", ალბათ ადამ მიცკევიჩის "პან ტადეუშის" ალუზიით. სიმღერის ტექსტის ავტორი იაროსლავ კრესაა. აი, ასეთი რომანტიკული და ჰეროიკული სულის ხალხია პოლონელები და ასეთი დაფასება იციან თავიანთი არაპოლონური წარმოშობის გმირისა.

ქეთი ტოროტაძე

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”