შამილის "ორი მთა" - კვირის პალიტრა

შამილის "ორი მთა"

1859 წელს ღუნიბში გენერალმა ბარიატინსკიმ ალყაში მოაქცია შამილი. ბრძოლის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. 40-წლიანი ომით დაღლილი იმამი თავის 400 მიურიდთან ერთად მოსისხლე მტერს ტყვედ ჩაჰბარდა. ამით რუსეთის იმპერიამ კავკასიის დაპყრობა დაასრულა. აღსანიშნავია, რომ იმპერიის არსებობის მანძილზე ყველაზე ხანგრძლივი ომი რუსეთმა სწორედ ჩრდილოეთ კავკასიაში, ყველაზე მცირერიცხოვან მოწინააღმდეგესთან გადაიხადა.

შამილი პეტერბურგში გაგზავნეს. მგზავრობა  ხანგრძლივი აღმოჩნდა. ხელისგულისოდენა სამშობლოს პატრონი მთიელი გაკვირვებით უმზერდა თვალუწვდენელ სტეპებს და კითხულობდა, ეს სულ "თეთრი მეფის" სამფლობელოაო? დიახო, - უკრავდნენ კვერს. ბოლოს მწარე ღიმილით ჩაულაპარაკია: რა გაუჭირდა, მერე, ისეთი, ჩემი ორი მთა რომ არ შემარჩინაო.  დამარცხებული და გატეხილი შამილი პეტერბურგში დიდი პატივით მიიღეს. იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ პირადად უმასპინძლა და თეატრში საბალეტო წარმოდგენასაც დაასწრო. როდესაც ნანახზე აზრის გამოთქმა სთხოვეს, ასე უპასუხა: ჩვენ, მუსლიმებს, მუჰამედმა ამგვარი სცენების ხილვა იმ ქვეყნად აღგვითქვა. მე გამიმართლა, სამოთხე ამქვეყნად ვიხილეო.

ლადო გოგუაძე