თხოვნა - კვირის პალიტრა

თხოვნა

დიდ ქართველ მეცნიერს - პავლე ინგოროყვას საბჭოთა ხელისუფლება დიდად არ სწყალობდა. ფუნდამენტური ნაშრომებისა და გამოკვლევების ავტორი აკადემიკოსადაც კი არ აურჩევიათ, რაზეც მეგობრები ეხუმრებოდნენ: რად გინდა აკადემიკოსობა, შენ თვითონ ხარ ფეხადგმული აკადემიაო. დღედაღამ შრომობდა, უმდიდრესი მემკვიდრეობა დატოვა. ბოლოს თვალისჩინი წაერთვა...

მაღალი ზნეობის ადამიანს მეგობრისა და თანამებრძოლის საოცარი ერთგულება შეეძლო.

გასული საუკუნის 20-იან წლებში კომუნისტებმა კონსტანტინე გამსახურდია დააპატიმრეს და თეთრ ზღვაში მურმანსკის მახლობლად მდებარე კუნძულ სოლოვკის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში გაამწესეს. პავლე ინგოროყვამ "რკინის ქალამნები" ჩაიცვა მეგობრის დასახსნელად, მოსკოვში ჩავიდა და მაშინდელი უმაღლესი ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს გასაქანი არ მისცა. ჩინოსანი სხვადასხვა მიზეზით უარს ეუბნებოდა თხოვნაზე, ხანაც თავს არიდებდა მასთან შეხვედრას. ბატონი პავლე არ ეშვებოდა. ხანდახან მისაღებში მისულს მდივანი გოგოს პირით ტყუილს ეუბნებოდნენ - მინისტრი აქ არ არისო. ისიც იქვე ჩამოჯდებოდა და მოთმინებით ელოდა. ელოდა დილიდან საღამომდე. უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი მინისტრი კაბინეტიდან გარეთაც ვეღარ გამოდიოდა. ბოლოს გამწარებულმა ბრძანა, ან ის გამსახურდია გამოუშვით, ანდა ეს ინგორიყვა დაიჭირეთო! კონსტანტინე გამსახურდია მალე გაათავისუფლეს.

უკვე ხანში იყო შესული, როდესაც ერთ იუბილეზე ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოსაჩვენებლად მაინც დაეფასებინა ღვაწლმოსილი მეცნიერი. შეატყობინეს - თქვენთან ცკ-ის მდივანი აპირებს იუბილეს მოსალოცად მოსვლასო. ოჯახის წევრებმა უთხრეს: ხომ ვიწროდ ვცხოვრობთ, მდივანს ბინა სთხოვე, უარს ვერ გეტყვისო. თითქოს დაითანხმეს კიდეც, ასე განსაჯეთ, რეპეტიციაც გაატარეს, ეს როგორ უნდა გაეკეთებინა და... დადგა "საზეიმო" წუთები - "პატივსაცემმა სტუმარმა" მოიკითხა ბატონი პავლე და ჰკითხა: ხომ არაფერი გჭირდებათ, მზად ვარ, გემსახუროთო. მე არაფერი მიჭირს, საქართველოს უპატრონეთო, - მიიღო პასუხად.

ლადო გოგუაძე