1951-ის ღამის კოშმარი - ეს ყველას უნდა ახსოვდეს! - კვირის პალიტრა

1951-ის ღამის კოშმარი - ეს ყველას უნდა ახსოვდეს!

"სამუდამო გადასახლების ბრძანებაზე ხელი რომ მოგვაწერინეს, ზოგს იქვე გაუსკდა გული "

გზა, რომელიც არსაით მიდიოდა...

"როცა სტალინი მოკვდა, ბევრი ჩვენგანი ტიროდა. ეს ამოუხსნელი ფენომენია!"

საბჭოთა არქივების გაცნობის შემდეგ შეუძლებელიც კია კაცის კვლის ხერხებმა გაგაკვირვოს. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ სრულად არ ვიცნობთ იმ ჯოჯოხეთს, რომელიც რეპრესიებმა დაატრიალა. ბურუსით მოცული რჩება 1951 წლის 25 დეკემბრის ღამე (და მისი მომდევნო ორი წელიწადი) - ღამე, რომელსაც ხალხის აყრას, აწიოკებასა და გადასახლებას შაჰ-აბასისგან ქართველების სპარსეთში წასხმას ადარებენ. ამ მოვლენის შესწავლა კი აუცილებელი და საჩქაროა, მით უფრო, რომ ჯერ კიდევ შეგვიძლია თვითმხილველთა ცოცხალი მოგონებები მოვისმინოთ. მათ ტკივილს ათეული წლების შემდეგაც არ შესცვლია ფერი.

ვანო ვარაზაშვილი და ბარამ ბარამიძე  პატარა ბიჭები იყვნენ, როცა პირუტყვის გადასაყვანი ვაგონების ჭუჭრუტანიდან ორი კვირის განმავლობაში გასცქეროდნენ ტრამალებს - გზას,  რომელიც არსაით მიდიოდა.

ბარამ ბარამიძე: "25 დეკემბრის ღამის დაახლოებით 2 საათი იქნებოდა, კარზე ბრახუნმა რომ გამაღვიძა. შიშით გათანგული ველოდი, რა მოჰყვებოდა ამ ბრახუნს. მერე ოთახში დედა შემოვიდა და როგორც შეეძლო, მშვიდად მითხრა: - არ შეგეშინდეს, შვილო, ადექიო. სახლში ფაფახიანი ხალხი ყველაფერს იატაკზე ყრიდა. დიაბეტიანი მამაჩემი სკამზე იჯდა და მათ შეჰყურებდა. უცებ  სკამიდან გადმოვარდა, ბებია აკივლდა. რომელიღაც ყაზახმა, - არ გხოცავთ, მხოლოდ სამუდამოდ გასახლებთო... ორი საათი მოგვცეს, რომ აუცილებელი ნივთები შეგვეკრა... ეზოში ღია "პალტარატონკები" იდგა, ფოფხვით ავიყვანეთ ბებია და ყინვაში ერთმანეთს მივეკარით. მანქანა დაიძრა. სიბნელეში გავარჩიე - ნავთლუღისკენ მივდიოდით. ალბათ მარტო ჩვენს ოჯახს ასახლებენ-მეთქი, მაგრამ ნავთლუღში მანქანების გრძელი რიგი დაგვხვდა. უცებ ვიღაცამ თქვა, - მგონი, მთელ საქართველოს ასახლებენო და... დავმშვიდდი ".

ვანო ვარაზაშვილი: "ერთ ღამეში ნავთლუღიდან ხალხით "დატვირთული" 60-ვაგონიანი ორი ეშელონი გავიდა. ამ დროს "51"  წლის ამბები ისეა დავიწყებული, თითქოს არც ყოფილა. ამ მოვლენებზე არავინ წერს, არავინ ლაპარაკობს. არც მაშინ ვიცოდით, რა დავაშავეთ და არც ახლა გვესმის, რას ვაშავებთ, ასე რომ მიგვივიწყეს.  დაახლოებით 27 ათასი კაცი, მოხუციან-ჩვილებიანად, გამოყარეს ყინვასა და თოვაში, ისეთი მიზეზების გამო, რომელიც არ არსებობდა. ჩვენს ოჯახში მოგვიანებით მივხვდით, რომ ჩვენი უბედურების მიზეზი ბაბუაჩემის საფლავი იყო თეირანში. არადა, კაცი იქ თავად გაგზავნეს რკინიგზის გასაყვანად და ომის გამო ვეღარ დაბრუნდა! იმღამინდელი ჩვენი კოშმარი წვეთი წყალივით ჰგავს სხვა გადასახლებულთა ისტორიებს, - გლეხი ქალების მოგონებებიც სისხლს ყინავს: "შინ მარტო მე და ბავშვები ვიყავით. ჩემი ქმარი სამუშაოდ იყო წასული. ღამის 4 საათზე ჩამოიყვანეს. რომ ნახა, ჩვენც უნდა წავეყვანეთ, დედაკაცივით ღრიალებდა, - ამათ ხელი არ ახლოთ, მე წამიყვანეთო. შვილები პატარები გვყვანდნენ. რომ გაგვიყვანეს, თავად კაბინაში ჩასხდნენ, ჩვენ მაღლა დაგვყარეს თოვლსა და უბედურებაში. მერე ჩემმა ქმარმა უთხრა, - ეს ბავშვები მაინც დასხით კაბინაში, რად მიხოცავთო. არაო!  მაშინ ერთი ჩემმა მეუღლემ ჩაისვა კალთაში, მეორე მე. ხალხი აქეთ-იქიდან ზოგი რას გვაწოდებს, ზოგი რას - წაიღეთო. დედაჩემიც, საწყალი, ღმუის და ჩემი დის მოსაყვანად გარბის. თურმე ისინიც  წაუყვანიათ!.. ჩაგვიყვანეს თბილისში, შეგვყარეს ეშელონში, თავად ხიშტებით ჩადგნენ კარებში. ადგილი არ არის, ხალხი ზეზეულა ეკვრის ერთმანეთს..."

ბარამ ბარამიძე: '"მოხუცებულები საკაცით ამოჰყავდათ. ჩემ თვალწინ ამოიყვანეს ექიმ თევზაძეების ოჯახი და მათი ინვალიდი შვილი. ბიჭი ურიკით დადიოდა. ეს ურიკა გარეთ დაატოვებინეს. მერე ექიმი სერგო ჩიჩუაც ამოაგდეს ვაგონში, ცოლი ახალგარდაცვლილი ჰყავდა და ბიჭებს თავად ზრდიდა. ერთი შემოჰყვა. გახარებული იყო, - მეორე ისეთი ყოჩაღია, ფანჯრიდან გადახტაო! უკვე შუადღე იყო, სადგურზე ჩეკას მანქანა რომ შემოვიდა და  იქიდან რუხშინელიანი ხალხი გადმოხტა. ერთი გენერალი რუხაძე იყო, მეორე გოგლიძე. წინ ჩიჩუას მეორე ბიჭი გამოაგდეს. - თურმე მთელი დღე ეძებდნენ და ამისთვის გაგვაჩერეს ამდენი ხანი. ხალხმა  წყევლა-კრულვა დაუწყო ჩეკისტებს. სხვათა შორის, მიუვიდათ - 55-ში ორივე დახვრიტეს.

ორ კვირაზე მეტი ტრამალებში გაუჩერებლივ მივდიოდით, მარტო ბალანდისთვის გვაჩერებდნენ, - ვედროებით შემოჰქონდათ. და კიდევ ვინმე თუ მოკვდებოდა, რომ  დაემარხათ. ვაგონში ტუალეტიც კი არ იყო. ერთს საჭრეთელი აღმოაჩნდა, იატაკი ამოვჭერით და გარშემო ფარდები ჩამოვაფარეთ".

ვანო ვარაზაშვილი: "თვრამეტი დღე ისე მივდიოდით, ქოხს ვერ მოჰკრავდი თვალს... ბოლოს სადღაც გავჩერდით. ისევ სატვირთო მანქანებზე შეგვყარეს. ღამის 11 საათი იყო, 40-გრადუსიან ყინვაში სადღაც ჩამოგვყარეს. დილით გავიგეთ, ყიზილყუმის უდაბნოსთან ვიყავით. იქ მხოლოდ მარილია და არავითარი სიცოცხლე, მაგრამ სადაც ჩვენ ჩამოგვსხეს, ვიღაც სულიერი მაინც დაგვხვდა, - ადგილობრივი ყაზახები და აფხაზეთიდან გადასახლებული ბერძნები. დამხვდურებმა კვერცხი და კარტოფილი გამოგვიტანეს. ჩვენ ყაზახებთან შეგვასახლეს. ამ საცოდავებისთვის ბერძნებს ესწავლებინათ ქოხის აშენება - თიხისა და ბამბის ბზის ნარევით. მიწიდან გველ-ბაყაყი ამოდიოდა. არხის ტალახიან წყალს ვსვამდით. რომ გადავწურავდით, მარლაში გველის წიწილები და თავკომბალები რჩებოდა. მერე გადავადუღებდით. ასე რომ არ მოვქცეულიყავით, დავიხოცებოდით. ახალჩასულებს წითელა დაგვერია და ჯოჯოხეთს ჯოჯოხეთი დაემატა. ერთ ჩვენებურ ქალს მეხუთე შვილიც რომ მოუკვდა, წითელი ხალათი ჩაიცვა და ისე დადიოდა. ვერავინ ვერაფერი უშველა..."

ბარამ ბარამიძე: '"ჩასვლისთანავე სამუდამო გადასახლების ბრძანებაზე ხელი რომ მოგვაწერინეს, ზოგს იქვე გაუსკდა გული. მაგრამ სიცოცხლის წყურვილი იმდენად ძლიერია, ქოხების აშენება დავიწყეთ. ბავშვები სკოლაში მივედით, რომელსაც ყაზახი დირექტორი ჰყავდა. ამ კაცს თერმომეტრისა ეშინოდა. შვილი რომ ავად გაუხდა, ჩვენმა მშობლებმა მიუტანეს. იმან - მე მეშინია, თქვენ გაუსინჯეთო. სხვები სიცხიან ბავშვებს სულაც არხის წყალში სვამდნენ - ასე მორჩებაო. მაგრამ გული კეთილი ჰქონდათ, ბევრი რამ გადაგვატანინეს, ბამბის პლანტაციების ჯოჯოხეთიც კი - სკოლიდან გამოგვიყვანდნენ, შეგვყრიდნენ პლანტაციებში და გვაკრეფინებდნენ. ბამბას ეკლიანი ნაყოფი აქვს, ამიტომ ხელები სულ დასისხლიანებული გვქონდა. და მაინც, ბავშვები უფრო ადვილად მივეჩვიეთ იქაურობას.

როცა სტალინი მოკვდა, ბევრი ჩვენგანი ტიროდა. ეს ამოუხსნელი ფენომენია! მისი გარდაცვალების შემდეგ ვითარება შეიცვალა, ბევრს შინ დაბრუნების უფლება მისცეს. ეს პროცესი ორ წელიწადს გაგრძელდა. სიკვდილამდე ვერ დავივიწყებ ჩემი მეგობრის, თენგო ყანჩაველის თვალებს. მე უკვე მოვდიოდი, ის კი რჩებოდა... ასეთი თვალები მხოლოდ სიკვდილმისჯილებს აქვთ. ჩვენ, ყველას, დაახლოებით 27000 კაცს, ცოცხლად სიკვდილი გვქონდა მისჯილი, სახელად 1951.

ეს ყველას უნდა ახსოვდეს!"