პიკასო "დააპატიმრეს" - კვირის პალიტრა

პიკასო "დააპატიმრეს"

პაბლო პიკასომ ხანგრძლივი ცხოვრების გზა განვლო. მე-20 საუკუნის უდიდეს მხატვრად აღიარებული ესპანელი ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა.ფუნჯი სიცოცხლის ბოლომდე არ გაუგდია ხელიდან და არც ამქვეყნიურ სიამეებზე უთქვამს უარი. უამრავი სასიყვარულო  თავგადასავალი ჰქონდა, მეორე ცოლი 77 წლისამ შეირთო, არადა, ისეთი უსუსური დაბადებულა, ბებიაქალს ახალშობილი მკვდარი ჰგონებია, ბავშვი მაგიდაზე "დაუსვენებია" და ამ უსიამოვნო ამბით გულშეწუხებული დედის მოსულიერებას შესდგომია. ამასობაში ბავშვს ბიძამისი დასდგომია თავს, რომელსაც მუდამ სიგარა ჰქონდა პირში გაჩრილი. მან სიგარა პირიდან გამოიღო, ბავშვისკენ დაიხარა და ფილტვებში დაგროვილი კვამლი უნებურად პატარას შეაფრქვია. ჩვილი დაიჯღანა და ამოიტირა...

ამის შემდეგ პიკასომ 92 წელი იცოცხლა და ათასობით შედევრი შექმნა.

პიკასოს სიცოცხლეშივე კოლექციონერები მილიონებს იხდიდნენ მის ნახატებში, მხატვრის სიკვდილის შემდეგ კი ეს თანხა გაასმაგდა. სწორედ მას ეკუთვნის ერთგვარი რეკორდი  - პიკასოს ქმნილებამ აუქციონზე ხელოვნების ნიმუშთაგან პირველმა გადალახა 100-მილიონიანი "ბარიერი." 2005 წელს მის ტილოში -  "ბიჭუნა ჩიბუხით" - უცნობმა მყიდველმა 132 მილიონი გადაიხადა, თუმცა იყვნენ მისი შემოქმედებისადმი გულგრილებიც. 1917 წელს მხატვარმა რუსი კომპოზიტორის იგორ სტრავინსკის პორტრეტი დახატა. პიკასო მაშინ "დადაიზმით" იყო გატაცებული და პორტრეტიც საკმაოდ არარეალისტური გამოუვიდა. იტალია-შვეიცარიის საზღვარზე მებაჟეებმა ნახატი "დააპატიმრეს," ვინაიდან ჩათვალეს, რომ ეს არა ცნობილი მხატვრის მიერ შესრულებული პორტრეტი, არამედ რომელიღაც საიდუმლო ობიექტის დაშიფრული გეგმა იყო. მოგვიანებით  სტრავინსკიმ მხოლოდ დიპლომატიური ფოსტით შეძლო ნახატის საზღვარზე გადატანა.

ლადო გოგუაძე