"შოთას უნივერსიტეტი"
"შოთას უნივერსიტეტი"
შესანიშნავი ქართველი პოეტი შოთა ჩანტლაძე ბოჰემური ცხოვრების სტილის მიმდევარი იყო. ბრწყინვალე ნიჭისა და განათლების პატრონს სახელმწიფო სამსახურში იშვიათად უმუშავია.არც მისი ლექსების კრებული გამოუციათ მის სიცოცხლეში. დღის უმეტეს ნაწილს უნივერსიტეტის ბაღში ატარებდა, მეგობრებისა და ნაცნობი სტუდენტების გარემოცვაში და საყვარელ ლიტერატურაზე საუბრობდა. ბაღის ამ ნაწილს, სადაც ყოფნა უყვარდა, "შოთას უნივერსიტეტს" ეძახდნენ. იმ ხანად ასეთი გამოთქმაც არსებობდა: "უნივერსიტეტელი არ ხარ, თუ დაამთავრე სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგრამ
არ დაგიმთავრებია "შოთას უნივერსიტეტი."

შოთასთვის ხელოვნურად შექმნილი ავტორიტეტები არ არსებობდნენ, ამიტომ მისი კვიმატი ენის მსხვერპლი ბევრი უნიჭო, მაგრამ  პატივდებული მწერალი იყო. ერთ-ერთი მათგანის, საქვეყნოდ ცნობილი მოღვაწის შვილს პირადად იცნობდა. შვილი გამუდმებით ამაყობდა მამის სახელით, რაც შოთას ძალიან აღიზიანებდა. ერთხელ ვერ მოითმინა და მიაძახა, მამაშენი
სულელიაო. გალანძღულმა ვერაფერი მოიფიქრა, იმის გარდა, რომ ნათქვამი შეუბრუნა: სულელი მამაჩემი კი არა, მამაშენიაო. გარშემომყოფნი ჩხუბის მოლოდინში გაისუსნენ, შოთამ კი გაუღიმა და მიუგო: ბიჭო, მამაჩემი სულელი რომ არის,  მარტო მე და შენ ვიცით, მამაშენის სისულელის ამბავი კი - მთელმა ქვეყანამო.

ლადო გოგუაძე

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები