აკაკის "მუზები" - კვირის პალიტრა

აკაკის "მუზები"

"მე მხოლოდ ნაღველს გაგაყოლებ თან და ვიწყებ ძებნას შენსას, მშვენიერო, და ვიცოცხლებ შენი შეხვედრისთვის მხოლოდ..."

ნამდვილი სახალხო ზეიმია - აკაკი წერეთელი მობრძანდება რაჭა-ლეჩხუმში! 1912 წლის ზაფხულია. დიდი და პატარა გარეთ არის გამოფენილი. ყვავილებით რთავენ გზას, იშლება საზეიმო სუფრები, ამბობენ სიტყვებს, მღერიან... ონი განსაკუთრებით ემზადება. სადაბო კომიტეტის თავმჯდომარე დავით კერესელიძე ცერებზე ტრიალებდა, რომ პოეტს ღირსეულად დახვედროდა. მგოსნის შეხვედრის ორგანიზებისათვის ცალკე კომიტეტი შეიქმნა. მასაც დავით კერესელიძე ხელმძღვანელობდა. წევრები - ექიმები ასლან გელოვანი, სანდრო ჩიკვაიძე, ამბროსი გამყრელიძე, მალაქია ჯაფარიძე, დავით ბააზოვი, მათე გორდეზიანი, დავით ჯაფარიძე - მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი, კონსტანტინე წულუკიძე.

აკაკის დაბინავება დავით გოცირიძის სახლში გადაწყდა, ეს კარმიდამო ონში იმ დროს ყველაზე კეთილმოწყობილი იყო. მგოსანი საუკეთესო ოთახში კოტე აბდუშელიშვილთან ერთად მოასვენეს. მასპინძლობით გულაჩუყებულმა აკაკიმ ლექსი მიაწერა კედელზე -„"სტუმართმოყვარეობა რაჭველთა განთქმულია, მაგრამ სტუმრის გულშიაც მათი სიყვარულია". გახარებულმა მასპინძელმა ამ ლექსს ჩარჩო გაუკეთა და შუშის ქვეშ ჩასვა, რომ დიდი პოეტის ხელით დაწერილი სამუდამოდ დარჩენილიყო მის სახლში.

ბევრი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა ამ მოგზაურობას, მაგრამ ამჯერად იმ ყმაწვილქალებზე მინდა გიამბოთ, რომლებიც საგანგებოდ თეთრ სამოსში გამოწყობილნი დაახვედრეს 72 წლის მგოსანს - ისინი აკაკის თეთრ მუზებად იქცნენ.

რა ბედნიერი ვარ, რომ სიბერეში მაინც მეღირსა მუზების სიახლოვე, ახალგაზრდობაში უფრო ბუზები დამტრიალებდნენ თავსო, - ხუმრობდა აკაკი და აქებდა ქართველი ქალების სილამაზეს.

მხატვარი ლადო ჯაფარიძე იხსენებდა: "მუზებად“სამი ულამაზესი ქალიშვილი იყო გამოყოფილი, სამივე ქუთაისის ქალთა გიმნაზიის მოწაფე: ელენე გიორგობიანი, თამარ  გელოვანი და ნადია  ჩიკვაიძე. თოვლივით თეთრ კაბებში გამოწყობილი გოგონები მოხუცი ოლიმპიელის ირგვლივ მართლა ანგელოზებსა და გენიალური მხატვრების ტილოდან ჩამოსულებს ჰგავდნენ.

მოხუცი სიყვარულით მისჩერებოდა გოგონებს, მაგრამ მათთან სალაპარაკოდ ვინ მოაცლიდა! ან საფერხულოდ იწვევდნენ, ან სოფლებიდან ჩამოსულ გლეხებთან საუბრობდა. ჩვენთან, ახალგაზრდებთან ლაპარაკისათვის თითქოს ვერც იცლიდა და უფრო უფროსებში იყო გართული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩანს, რომ არც ახალგაზრდების მიმართ ყოფილა უყურადღებოდ, რადგან ერთი თვის შემდეგ ქუთაისში, დამინახა თუ არა ქუჩაში მიმავალი, უცბად მიცნო და გამაჩერა.  ჩემი ნახვა, შევატყვე, გულწრფელად ესიამოვნა და დამპატიჟა კიდეც ბინაზე, სასტუმროში.

ასევე ეცნო ერთ-ერთი მისი „მუზაც“- ელენე გიორგობიანი - აუარებელ ხალხში, ქუთაისში თითქმის ერთი წლის შემდეგ".

ელენე გიორგობიანს უამბნია ლადო ჯაფარიძისათვის: "1913 წლის 12 იანვარს ქუთაისში, მოეწყო  საქველმოქმედო საღამო სტუდენტთა სასარგებლოდ. საღამოზე მოწვეული იყვნენ აკაკი წერეთელი, მისი ვაჟი ალექსი და განთქმული მომღერლები თბილისიდან - ვანო სარაჯიშვილი და ოპერის მსახიობი საბანეევა, საღამოს მომწყობი დიასახლისი იყო ცნობილი ქუთაისელი ექიმის სიმონ ხეჩინაშვილის (დღეს საქვეყნოდ ცნობილი პროფესორის სიმონ ხეჩინაშვილის პაპის) მეუღლე.

დიასახლისმა მთხოვა, ყვავილების კიოსკში დავმჯდარიყავი... მაგრამ როგორც კი შემოგვესმა დარბაზიდან ვანოს სიმღერა, ყველანი წამოვცვივდით და დარბაზის კარებს მივაშურეთ,  მე კარებთან ვიდექი, რომ ჩემი კიოსკიც არ მიმეტოვებინა უყურადღებოდ და ასე ვუგდებდი ყურს სიმღერას. ამ დროს  მოვიდა კოტე აბდუშელიშვილი, რომელიც ახლდა აკაკის რაჭაში და მითხრა, - აკაკი გხმობილობსო.  ვერ დავიჯერე ეს ამბავი და კოტეს ვუთხარი, ალბათ გეშლება და ვისმე სხვას ეძახის-მეთქი. კოტეც გაბრუნდა, მაგრამ მალე მოვიდა და მითხრა: - სულაც არ შემშლია, აკაკიმ შემოგითვალათ, თქვენ ხომ ჩემი რაჭის "მუზა" ხართ, გთხოვთ მინახულოთ ცოტა ხნითო.

გავყევი კოტეს.  მგოსანს ძალიან ესიამოვნა ჩემი მისვლა, თავისი ვაჟი გამაცნო და მამა-შვილმა თავიანთ შუაში დამიჯინეს თავისუფალ სკამზე. ამ დროს ვანოც მოვიდა და თავაზიანად მიესალმა აკაკის. პოეტმა  მოჰკიდა ხელი და შვილის მაგიერ ის მოიჯინა გვერდით. მგოსანმა მეც გამაცნო ვანო და მოუყვა მას, თუ ვინ ვიყავი და რარიგ აღფრთოვანებით შეხვდა მას ხალხი რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის დროს. მე დიდ სიხარულს განვიცდიდი ვანოს გაცნობით, ვღელავდი გამოუცდელი გოგონა და არც გასაკვირველია, რადგან საყვარელი მომღერალი მთელი ჩვენი ახალგაზრდობის, განსაკუთრებით კი ქალიშვილების ღვთაება იყო და მასთან შეხვედრა ბედნიერებად მიგვაჩნდა. ამიტომ გუნებაში გულიც კი დამწყდა, რომ მასთან ვერ დავჯექი, მაგრამ, სამაგიეროდ, დიდ სიხარულს ვეწიე იმის გამო, რომ ალექსიმ ქართული არ იცოდა და მასთან უკვე შემეძლო რუსულად ლაპარაკი. მგოსანთან კი ძალაუნებურად ქართულად ვლაპარაკობდი და სულ მეშინოდა, არაფერი შემეშალოს-მეთქი.

მე ბედნიერად ვგრძნობდი თავს ასეთ დიდად პატივცემულ მოსაუბრეთა შორის, მაგრამ კიოსკის ამბავიც მაწუხებდა. ბოდიში მოვიხადე და წამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ მგოსანი უარზე იყო, ეზარებოდა ჩემი გაშვება, -  თქვენ ხომ ჩემი რაჭის "მუზა" ხართ, დღეს ჩემს გვერდით უნდა იჯდეთ და მამშვენებდეთ, როგორც "მუზა"-ო.

წამოსვლისას მგოსანმა მთხოვა, ვახშმად ვწვეოდი. მაგრამ მე ჩემი სკოლის ამხანაგის ისია ნაზარიშვილის ოჯახთან ერთად ვიყავი მოსული საღამოზე და იმ ოჯახს ვერ დავშორდებოდი.

მგოსანმა რომ ეს გაიგო, შეწუხდა, მაგრამ გულთბილად გამომეთხოვა და ბედნიერი მომავალი მისურვა".

ელენე გიორგობიანს ხალხი ღვთაებას ეძახდა. მისი სილამაზით მონუსხულმა გრიგოლ რობაქიძემ კი დაწერა "ფიორდების ასულს", რომელიც 1913 წელს ჟურნალ "ოქროს ვერძში" დაიბეჭდა:

"ბარათები ფიორდების ასულს

მე შორეული ვარ: არ ვიცი არც დღე და არც ღამე ჩემი მოვლენის; ლანდათ მახსოვს მხოლოდ, რომ დაბადების ჟამს ლურჯა ცას ვარსკვლავი მოსწყდა და სადღაც შთაინთქა მშვენიერი, ვინ იყო იგი,  არ ვიცი: შეიძლება შენ - რომელსაც დაგეძებ მარადის... აი, ეხლაც, როგორც ათასი წლის წინათ, გელი შენ, როცა ღამე ქრება და დღეს კიდევ არ გაუხსნია თვალი...და, აჰა, ვხედავ ჩემს ოცნებას ნეტარი გაოცებით: სქელი ნისლი იშლება და მის ლურჯ ქულაში ოდნავ ისახება შენი ღვთიური სხეული. შენ ყვავილი ხარ, ჩემი ლეგენდის ყვავილი, მდინარის გულით რომ ამოზრდილა; მოგრძო ღერო, წყალში რომაა ჩაძირული, შენ მოქნილ ტანად იზრდება; თოვლივით თეთრი გული ყვავილისა შენს ფიქალ მკერდათ იზრდება; მწვანე თასი, რომელშიც იგი მოქცეულა, გარს გეხვევა სხივნართ ქსოვილად; და იშლება ნელინელ მატყვევებელი; შენ ქალწული ხარ, ვით ყვავილი, მაგრამ შენი თეთრი ტანი ვნებით ირხევა; როცა სთვლემდი ერთ დროს ნებიერი, მზე დაგმზერდა თავს მოპარებული; სხივი მისი ტრფიალით გადმოეშვა შენს ყლორტში და წამსვე შეირხა შენი ქალწულობა; მას შემდეგ ყოველს ალიონს წყლიდან ამოცურდები და გახსნილი გულით ელი ტყვექმნილს...

გიმზერ შორი-ახლო და ვიწვი ცეცხლით; ჩემს სურვილს მრავალფერ ალად გხვევ ტანს და ვცდილობ, ლურჯს ნისლში ამოვსჭრა იმ ალით მარადი სახე შენი; მე ვიცი ცეცხლის ენა და მისი სიტყვით ვკითხულობ შენს თვალებში სიყვარულს.

მაგრამ რად ახლავს შენს თვალებს მძიმე სევდა? შენ გრძნობ, რომ მე მზის ნატეხი ვარ მხოლოდ, - და შენც ლოდინი ხარ მარტო და არა ასრულება; ცისკარი რომ მთვარეს მოსწყდება, შენ, ნისლში გახვეული, უეცრად გაჰქრები.

მარადი ქალწული! ასეთი გიხილე ათასი წლის წინად; ახლაც ასეთი შეგხვდი უცნაურო და ლამაზო. საცაა ალიონი ლურჯს ფრთებს დაიბერტყს და შენც მას გაჰყვები საუკუნოთ;

მე მხოლოდ ნაღველს გაგაყოლებ თან და ვიწყებ ძებნას შენსას, მშვენიერო და ვიცოცხლებ შენი შეხვედრისთვის მხოლოდ...

ხუთშაბათი. ღამე.

გრიგოლ რობაქიძე"

ამ ნისლოვანი ოცნების ასულის ფოტო ავთანდილ ვართაგავას არქივში ვნახე. იქვე იყო ნადია ჩიკვაიძისა და თამარ გელოვანის ფოტოებიც.  სამიდან ერთ-ერთი მუზა - თამარ გელოვანი მომავალში ცნობილი ქართველი მსახიობის, გიორგი გეგეჭკორის დედა გახლავთ,  ის აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში.

და-ძმა უორდროპებმა თავიანთი მოღვაწეობა საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას მიუძღვნეს. უორდროპების ძალისხმევით შეიქმნა ყველაზე მდიდარი ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა ევროპაში. მათვე ეკუთვნით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თაობაზე პეტიციის შედგენის ინიციატივა, რომელიც გაეგზავნა კავკასიის მეფისნაცვალს. ოლივერ და მარჯორი უორდროპებისადმი  ქართველი ხალხის მადლიერების ერთ-ერთი გამოხატულება იყო საჩუქარი - გიორგი XII-ის სამეფო ოქროს ჯვარი ყელსაბამით, რომლითაც ქართველ ქალთა საზოგადოებამ ოლივერ უორდროპის ქალიშვილს ნინო უორდროპს ნინოობა მიულოცა. "1920 წლის იანვარს შესდგა ქალთა ჯგუფი, რომელმაც იქონია რა მსჯელობა, ოლივერ უორდროპის მადლობის აღსანიშნავად, გამოთქვა სურვილი, რომ 14 იანვარს, ნინოობას, ქართველ ქალთა სახელით მოულოცოს ოლივერ უორდროპის ასულ ნინოს ქართული ძვირფასი ჯვარი, არანაკლებ 130 ათასი მანეთისა.“ამ დოკუმენტს ხელს აწერენ ცნობილი ქართველი ქალები: ელისაბედ ორბელიანი, პოეტი და მთარგმნელი, ერეკლე II-ის შთამომავალი, ბარბარე ყიფიანი, თამარ გელოვანი და სხვები. ქართველ ქალთა ჯგუფმა შეაგროვა დასახელებული თანხა, შეისყიდა და გადასცა ოლივერ უორდროპს ქართველი ერის საგანძური".

და კიდევ ერთი: რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობამდე, 1908 წელს 7 დეკემბერს აკაკის თბილისში, ოპერის თეატრში იუბილე გადაუხადეს. თამარ გელოვანის მომავალი მეუღლე, ახალგაზრდა ლადო გეგეჭკორი საორგანიზაციო საკითხებს აგვარებდა და "ბილეთებს უშინჯავდა" შემსვლელთ... აი, ასე იყო, მთელი საქართველო ერთიანდებოდა სიყვარულით, რომელიც ერის ჭეშმარიტ შვილს - დიდ მგოსანს უკავშირდებოდა.