სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე
05-03-2012
სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე
ეს ის საქართველო იყო, სადაც უღირსს ღირსეული სალამს არ აძლევდა...

როცა საუბარია ბათუმში მეჩეთის აღდგენაზე, ძალიან მომინდა ამ თემაზე მათი პასუხი მომესმინა

იპოლიტე ვართაგავა, რომელსაც წელს 140 წელი შეუსრულდება, ახლო მეგობარი იყო ჰაიდარ აბაშიძისა, რომლის დაბადებიდან 120 წელი გაისად სრულდება.

იპოლიტე ვართაგავა ღრმა მოხუცებულობამდე პედაგოგად მუშაობდა და მის ხელში ათასობით ქართველი სულიერად მომწიფებულა და დავაჟკაცებულა. ძალიან იშვიათად, ისიც უახლოეს მეგობართან ჰაიდარ აბაშიძესთან  თუ იტყოდა, - გულმშვიდად ვეგებები მხცოვან ასაკს, რადგან
სიცოცხლეში რამდენიმე საპასუხისმგებლო საქმე მაქვს გაკეთებული: მე უფრო სულიერი აღზრდისა და მშენებლობის კვარცხლბეკზე მიხდებოდა ყოფნა, სიმფეროპოლში თავრიდის, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიებში ვასწავლიდი... წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი და მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი ვიყავი, ბედმა მარგუნა, რომ ვაჟა
-ფშაველასთან ერთად ილია აგლაძის (ცნობილი პუბლიცისტი. - ლ.ჯ.) პატარა ქალიშვილი - თამარი მომენათლა, ხოლო 1917 წელს მონაწილეობა მიმეღო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში პავლე ინგოროყვასა და რაფიელ ივანიცკისთან ერთადო...

ჰაიდარ აბაშიძე მეგობარს რომ უსმენდა, სახეზე კეთილი შუქი დაადგებოდა ხოლმე,  იპოლიტე ვართაგავა კი, ვინ იცის, მერამდენედ იმეორებდა: - ვითარება თქვენთანაც მძიმე იყო და ჩვენთანაც: აჭარას პანისლამიზმი უტევდა, ხოლო სრულიად საქართველოს დანარჩენ კუთხეებს - რუს ეგზარქოსთა სამსჭვალები ბორკავდა. რაღა ერთის დამთრგუნველი და გამანადგურებელი პოლიტიკა და რაღა მეორისა!

მათ უსიტყვოდაც ესმოდათ ერთმანეთის.
ჰაიდარ-ბეგი, როგორც მას იპოლიტე ვართაგავა მიმართავდა ხოლმე, სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი გახლდათ, მართლაც დიდი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი იყო. თავდაპირველად ბათუმში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების  სკოლაში სწავლობდა, 1905-08 წლებში თურქეთში გააგრძელა სწავლა, შემდეგ ბათუმში დაბრუნდა. 1913 წლიდან მასწავლებლობდა, თურქეთის მიერ ძალით გამაჰმადიანებულ ქართველებშიI აღვიძებდა ეროვნულ თვითშეგნებას, ილაშქრებდა პანთურქიზმისა და პანისლამიზმის წინააღმდეგ. მისი თაოსნობით აჭარაში გაიხსნა ქართული სკოლები. ჰაიდარ აბაშიძის მოღვაწეობა არ მოსწონდათ მეფის რუსეთის მოხელეებს, ამიტომ 1916 წელს იგი აჭარიდან გაასახლეს. 1918-20 წლებში "სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის" აქტიური წევრი იყო.
აჭარის ხევისბერი - ასე შეაფასა შთამომავლობამ ჰაიდარ აბაშიძე, რომელსაც დედა-საქართველოსთნ კავშირი არ დაუკარგავს და ყველა ღონეს ხმარობდა, რომ მის სამშობლოს დედისაგან მოწყვეტა არ დამუქრებოდა!

როცა თბილისში ჩამოვიდოდა ჰაიდარ-ბეგი, იპოლიტე ვართაგავას სახლის კარს სიხარულით შეაღებდა. ავთანდილ ვართაგავა (იპოლიტე ვართაგავას შვილიშვილი) იხსენებს: "ბატონი ჰაიდარი ბაბუაჩემზე 21 წლით უმცროსი იყო, მაგრამ ისინი განუყრელი მეგობრები იყვნენ. მის გამოჩენას ბაბუაჩემი  მუდამ აღტაცებული შეძახილით ხვდებოდა ხოლმე:

- ოო, ჩემს ჰაიდარს გაუმარჯოს, ჩემს კეთილსა და სასურველ მეგობარს! - მერე ოჯახის წევრებს ხმამაღლა გასძახებდა: - ძვირფას სტუმარს სავარძელი მიართვითო!
- სავარძელი რად მინდა, ბატონო იპოლიტე, ეს სელის სკამიც მეყოფა!
- რას ბრძანებთო!
საპატიო სტუმარს საგანგებოდ დააბრძანებდა ხოლმე სავარძელში".  
მათ მაგალითზე თამამად იტყვი, რომ ეს ის საქართველო იყო, სადაც უღირსს ღირსეული სალამს არ აძლევდა... სადაც შეიძლებოდა ძეგლის დადგმის გადაწყვეტილება გაებათილებინათ სერიოზული არგუმენტებით, მაგალითად ასეთით: როცა XX საუკუნის 60-იან წლებში გადაწყდა ბათუმში ჯემალ ხიმშიაშვილის ძეგლის დადგმა, რომელიც 1918 წელს ოსმალეთის დასახმარებლად  აჭარლების რაზმს ადგენდა და მეთაურობდა, ჰაიდარი კომპარტიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს - გიორგი ძოწენიძეს შინ ეწვია. თბილად შეხვდა მასპინძელი, ალბათ ბინის საკითხზე მობრძანდითო, - "მიუხვდა" სტუმარს.
- არა, ბატონო, რაც ბინა მაქვს, მყოფნის. თქვენთან მოვედი, რადგან გთხოვოთ, ჯემალ ხიმშიაშვილს ძეგლი არამც და არამც არ დაუდგათო... არგუმენტებიც, ცხადია, მაგიდაზე დაუდო თავმჯდომარეს. სამ დღეში გადაწყვეტილება შეიცვალა.
ასეთი საქართველო იყო!
ავთანდილ ვართაგავას დაამახსოვრდა ერთ-ერთი შეხვედრისას ბაბუამისმა ჰაიდარს რომ უთხრა: თქვენი ცხოვრების ეკლიანი გზა სწორედ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გადიოდა ხოლმეო;
ახლა, როცა ტაო-კლარჯეთში დანგრევის პირას მისული საქართველოს მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების გადარჩენაზე ავლაპარაკდით, როცა პარალელურად საუბარია ბათუმში XVII საუკუნის მეჩეთის აღდგენაზე, უნებურად გამახსენდა იპოლიტე ვართაგავა და ჰაიდარ აბაშიძე და ძალიან მომინდა, მათი პასუხი მომესმინა კითხვაზე: რა სჯობს?

"აჭარა იყო და არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი"

მარადი ანასაშვილის წიგნში "აჭარის ხევისბერი" დაწვრილებით არის აღწერილი 1921 წლის ამბები: "1921 წელს პანთურქისტებისა და პანისლამისტების ძალისხმევით, აჭარის მეჯლისის სხდომაზე ერთხელ კიდევ დაისვა რეფერენდუმის ჩატარების საკითხი. მტერი ცდილობდა ამჯერად დიპლომატიური ხრიკით მიეღწია მიზნისათვის. ამისათვის მოითხოვდნენ აჭარის მეჯლისს გადაესინჯა 1919 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება და ფაქტის წინაშე დაეყენებინა საერთაშორისო პოლიტიკური და საზოგადოებრივი აზრი, რომ აჭარა ნებაყოფლობით გადავიდა თურქეთის გამგებლობაში. სწორედ ჰაიდარ აბაშიძის გამჭრიახობამ განსაზღვრა პროცესების პოლიტიკური ვექტორი. ,,როცა დელეგაციამ აჭარის მეჯლისის წინაშე კვლავ დააყენა რეფერენდუმის ჩატარების საკითხი... მაშინ მემედს, რომელიც სხდომას თავმჯდომარეობდა, ჩავულაპარაკე, - ხანმოკლე შესვენება გამოეცხადებინა. შესვენება გამოცხადდა და მემედ აბაშიძის კაბინეტში შეიკრიბნენ ჰაიდარ და ზია აბაშიძეები, სულეიმან დიასამიძე, რეჯებ ნიჟარაძე, ჯემალ ქიქავა და ხასან ლორთქიფანიძე. ჰაიდარ აბაშიძემ წამოაყენა წინადადება: "მივცეთ თანხმობა რეფერენდუმის ჩატარებაზე, მაგრამ არა მხოლოდ აჭარის, არამედ სრულიად საქართველოს მასშტაბით"...

შესვენების შემდეგ მეჯლისის სხდომაზე მისმა თავმჯდომარემ მემედ აბაშიძემ, ჩვეული სიდინჯით ხმამაღლა განაცხადა "რეფერენდუმი მოეწყობა, მაგრამ სრულიად საქართველოს მასშტაბით. აჭარა იყო და არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ამიტომ მისი ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ მთელ ქართველ ხალხს შეიძლება ჰქონდესო. მოულოდნელობისაგან დაბნეული თურქეთის დელეგაციის წევრები მაშინვე მუქარაზე გადასულან - რაკი ასეა, მოსკოვში გავემგზავრებით და ვნახოთ, როგორ მიაღწევთ თქვენს საწადელსო და დარბაზი დაუტოვებიათ".' 
ერეკლე გამყრელიძე
07 ივნისი 2013 22:00
ღმერთო შენ მოუვლინე საქართველოს ჰაიდარ-ბეგის მსგავსი ჭკვიანი, გამჭრიახი, დინჯი და პატრიოტი ადამიანი.

რედაქტორის რჩევით
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?