შაჰინშაჰის საჩუქარი უძლეველ ქართველ ფალავანს - კვირის პალიტრა

შაჰინშაჰის საჩუქარი უძლეველ ქართველ ფალავანს

ირანის უკანასკნელ შაჰინშაჰთან - მოჰამად რეზა ფაჰლავისთან (1919-1980) ქართველებს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ (მისი სტალინთან შეხვედრის შესახებ უკვე წერდა "ისტორიანი").

ამჯერად გვინდა მკითხველის ყურადღება ამ ურთიერთობის ამსახველ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდს მივაპყროთ.

მოჰამად რეზა ფაჰლავის - არიამეჰრს ანუ "არიელთა სინათლეს" უწოდებდნენ. იგი გამოირჩეოდა ათლეტური აღნაგობით, გატაცებული იყო სპორტითა (ჯირითი, ავტორბოლა, თხილამურებით სრიალი) და მფრინავობით. მფარველობდა და ხელს უწყობდა პერსპექტიულ სპორტსმენებს, გამორჩეულად კი ფალავნებს. ჭიდაობა ხომ ირანში ტრადიციულად მიჩნეულია სპორტის უპირველეს სახეობად.

1971 წელს თეირანში გაიმართა ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი "არიამეჰრის" ანუ შაჰინშაჰის სახელობის პრიზის მოსაპოვებლად. ამ ტურნირზე მსოფლიოს მრავალ ცნობილ ფალავანს შორის გამოდიოდა 23 წლის ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილიც, მომავალში - ლეგენდარული სპორტსმენი, მსოფლიოს ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი. ქართველმა მოჭიდავემ არიამეჰრის პრიზი ღირსეულად დაიმსახურა.

06042023-1515-1680779773.16_REC.png

ასპარეზობა ღია ცის ქვეშ გაიმართა, ხალხით გაჭედილ ვეებერთელა სტადიონზე. ფალავანთა ჭიდილს ესწრებოდა შაჰინშაჰიც თავის რიგით მესამე მეუღლესთან – ფარაჰ დიბასთან ერთად.

ირანის მონარქის სიახლოვეს იჯდა მისი საყვარელი, დაუმარცხებელი ფალავანი, რომელთანაც შერკინებამ ლევან თედიაშვილს მოუწია.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ფალავანმა სავსებით დამაჯერებლად გაიმარჯვა, მსაჯმა მეტოქეებს კვლავ უხმო ხალიჩაზე. რა თქმა უნდა, ირანელ ფალავანს განმეორებით დამარცხებას სიკვდილი ერჩია და თავგანწირვით იბრძოდა კიდეც, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

შაჰინშაჰი ისე მოიხიბლა ქართველი ფალავნის ოსტატობით, რომ გამარჯვებული თავისთან იხმო და ძვირფასი ბეჭდით დაასაჩუქრა.

საქართველოში დაბრუნებულმა გამარჯვებულმა ფალავანმა ეს ბეჭედი თავის საცოლეს, ნანა მჭედლიშვილს მიართვა...

საგულისხმოა, რომ ამ ასპარეზობის დაწყებამდე ირანელებმა საიდუმლოდ ინახულეს ლევან თედიაშვილი და მას წაგების სანაცვლოდ შესთავაზეს... 100 ათასი ამერიკული დოლარი, რაც მაშინ უზარმაზარ თანხას წარმოადგენდა.

ქართველმა ფალავანმა სიმდიდრეს სახელი ამჯობინა და შაჰინშაჰის ფავორიტი აბდუშაჰილივით გააკრა ხალიჩას. ეს ამბავი, რა თქმა უნდა, გახმაურდა. გთავაზობთ ამონარიდს ერთ-ერთი ინტერვიუდან, რომელიც შეტანილია ნანა მჭედლიშვილის მიერ შედგენილ პრესაში გამოქვეყნებული მასალების კრებულში "ლევან თედიაშვილი - ფალავანი და მოქალაქე":

"ლევან თედიაშვილი: - ფული შემომაძლიეს. "ვიცოტავე". კიდევ დაამატეს. ამ ვაჭრობა-ვაჭრობაში ყველაფერი ასი ათას დოლარამდე ავიდა. მერე გავედი ხალიჩაზე და იმათი ფალავანი შაჰის თვალწინ დავამარცხე... ფულს ვინღა მომცემდა...

- მართლა არ დაგენანათ ასი ათასი?

- გაყიდული შეხვედრით არავინ გამდიდრებულა. მერე თვალებში როგორ შემეხედა ჩემი შვილებისთვის".

არიამეჰრის პრიზი თეირანში ლევან თედიაშვილმა, მოგვიანებით კიდევ ორჯერ (1972 და 1977 წლებში) მოიპოვა.

1973 წელს თეირანში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი და კლასიკური სტილით მოჭიდავეებსა და სამბისტთა შორის.

თავისუფალ ჭიდაობაში ლევან თედიაშვილმა კვლავინდებურად იასპარეზა და ჩემპიონიც გახდა.

ჩემპიონატზე მოულოდნელად გახდა ავად გენადი რუსლიადევი, საბჭოთა კავშირის სამბისტთა ნაკრების წევრი, რის გამოც გუნდს ნული ქულა ელოდა! რუსი და ქართველი მწვრთნელების, ს. იონოვისა და ვახტანგ ბალავაძის "შეთანხმებით", ლევან თედიაშვილი სამბისტის ამპლუაში წარუდგა მოწინააღმდეგეს და ბევრისთვის მოულოდნელად, კიდევ ერთი ოქროს მედალი დაიმსახურა!

ქართველი ფალავნის ნამდვილი ტრიუმფით აღტაცებას ვერ ფარავდნენ მაყურებლები და თვით სახელგანთქმული თეირანელი ფალავნები - მანსურ მეჰთიზადე და აბდულაჰ მოვაჰედი. ისინი ხუმრობით ურჩევდნენ ლევანს, კლასიკურ ჭიდაობაშიც სცადე ბედიო...

ეს უნიკალური შემთხვევა იყო მსოფლიო სპორტის ისტორიაში, როდესაც ერთი სპორტსმენი ერთდროულად ორ სახეობაში, ექვს დღეში გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

ლევან თედიაშვილი იმ დღეებში თეირანის სტადიონზე ნამდვილ გმირად იქცა, ტრიბუნები ოვაციებისგან ზანზარებდა. თვით ირანელები უკრავდნენ ტაშს უძლეველ ქართველ ფალავანს. პატარა ფალავნები კი ერთმანეთს ასწრებდნენ გამარჯვებულთან მისვლასა და კოცნას. აღმოსავლური ტრადიციით, თუ პატარა ირანელ ბიჭს მძლეთამძლე მამაკაცი აკოცებს, იგი ასეთივე უძლეველი გაიზრდება...

1977 წელს არიამეჰრის პრიზზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის 143 უძლიერესი ფალავანი ასპარეზობდა.

ლევან თედიაშვილი: "შეჯიბრება თეირანში ოლიმპიური ცენტრის ახალაშენებულ უნიკალურ სპორტის სასახლეში გაიმართა. ასპარეზობის ოთხი დღის განმავლობაში ტრიბუნებზე მართლაც ნემსი არ ჩავარდებოდა. ფინალურ შეჯიბრებას ირანის შაჰიც დაესწრო. შეჯიბრების დამთავრების შემდეგ კი გამარჯვებულებს ჯილდოები მისმა 17 წლის ვაჟმა გადმოგვცა (ირანის სამეფო ტახტის მემკვიდრე, 1960 წელს დაბადებული მოჰამად რეზა (II), რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. - ნ. ჯ.)...

კენჭისყრამ პირველ წრეში ირანელ ჯაფარისთან შემახვედრა, რომელიც 20 წამში დავამარცხე. შემდეგ შეხვედრებშიც ასევე წმინდა გამარჯვებები მოვიპოვე... ფინალში კი ირანელ სულეიმანთან მომიწია ბრძოლამ. იგი საჭიდაოდ რევანშის წყურვილით გამოვიდა და თანაც უნდოდა, შაჰისთვის თავი მოეწონებინა... ცოტა კი გამიჭირდა, მხოლოდ მეოთხე წუთზე გავაკარი ხალიჩას! სულეიმანის დამარცხება, რომელზეც, ჩანს, დიდ იმედებს ამყარებდნენ, ირანელმა გულშემატკივარმა მტკივნეულად განიცადა, მაგრამ ობიექტურობის გრძნობა არ დაუკარგავთ".

ამრიგად, თეირანში ზედიზედ მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებებით ქართველმა ფალავანმა ლევან თედიაშვილმა უდიდესი სიხარული აჩუქა როგორც თავის სამშობლოს, ასევე ირანში მცხოვრებ ქართველებს.

ნიკო ჯავახიშვილი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”