სნეულსაც კი სახე ნათლით ჰქონდა გაბრწყინებული, სულიდან გადმომავალი ნათლით - კვირის პალიტრა

სნეულსაც კი სახე ნათლით ჰქონდა გაბრწყინებული, სულიდან გადმომავალი ნათლით

სერგო ზაქარიაძე სიკვდილზე ფიქრებს უსიტყვოდ დაითმენდა, გრძნობდა კიდეც, რომ გული რკინისა არ იყო და გულსაც ისევე უჭირდა, როგორც მას...

სხვა არაფერი ჰქონდა, მხოლოდ დიდი ნიჭი და სურვილი - სცენაზე ეთამაშა. ამ სურვილმა სკოლის დამთავრებამდე ჩამოიყვანა თბილისში. თეატრში მხოლოდ იმიტომ არ მიიღეს, რომ ასაკით პატარა იყო. სკოლა დაამთავრა და ისევ ძველ ოცნებას გაჰყვა თბილისისაკენ. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად თეატრში თამაშობდა პატარა როლებს. არ ჰქონდა ბინა, ხეირიანი ტანსაცმელი, მრთელი ფეხსაცმელი, მაგრამ ყველაფერი შეეძლო აეტანა, რადგან უკვე იცოდა, რა იყო მთავარი... ამ გზამ სამსახიობო ოსტატობის მწვერვალამდე მიიყვანა, მაგრამ ტაშის ხმაურში ხანდახან ადამიანის სულიერი სამყაროსი აღარ გვესმის ხოლმე...

სერგო ზაქარიაძეს აღიარებდნენ, მაგრამ მის შესახებ ბევრი რამ არც იცოდა საზოგადოებამ. მაგალითად, არავის ახსოვდა, რომ ქეთევან მაღალაშვილის სახელოსნოში სერგო ზაქარიაძე თავდავიწყებით იწერდა მოგონებებს ვაჟაზე მისი ქალიშვილისაგან, რომლის პორტრეტსაც იმხანად ქეთევანი ხატავდა. ამიტომ შემოგვრჩა რამდენიმე ფასდაუდებელი მოგონება გენიალურ შემოქმედზე...

არც ის იცოდა ბევრმა, რომ თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ჯგუფში, სადაც ბატონი სერგო მეტყველებას ასწავლიდა, ჩუმად დაჰქონდა თავისი ხელით გადაწერილი ანა კალანდაძის ლექსები.

მთაში კი ფეხით მიჰყვებოდა მასავით გულანთებულ ქართველებს, მოუღლელად მიაბიჯებდა ბილიკებზე, ივსებოდა ქართული მიწისა და ქართველი გლეხის სიყვარულით. მებარგულის მოვალეობასაც შეასრულებდა, მუშის რუტინული შრომით ზიდავდა ბარგსაც, რომელიც მთაში სჭირდებოდათ და კარვებსაც თვითონ შლიდა...

ვისაც კარავი არ გაუშლია, ამ საქმის მთელ სირთულეს ვერც წარმოიდგენს. ბატონ სერგოს ხელები დაკოჟრილი ჰქონდა - მარტო ერთის კი არა, რამდენიმე კარვის გაშლა უხდებოდა.

მერე ინთებოდა კოცონი და ანთებული თვალებით ჰყვებოდა ვაჟა-ფშაველას ცხოვრების ფრაგმენტებს. იქ, საქართველოს ბუნების წიაღში, შეურყვნელ და ქართველობაშენარჩუნებულ გლეხებთან ერთად თავს დიდებულად გრძნობდა. იქ წუთით ივიწყებდა, რომ თბილისში, თეატრალურ ინსტიტუტში ჰყავდა სტუდენტები, რომლებიც ქართულად გამართულად ვერ ლაპარაკობდნენ...

თეატრში, ფარდის მიღმა არსებობდა საშინელი ინტრიგები, მდაბალი შური, ბოღმა... გარეთ კი კომუნისტური რეჟიმი ებრძოდა ყველაფერ სულიერსა და ეროვნულს...

სამშობლოს მთასა და ბარში მისხალ-მისხალ მოგროვებულ სიყვარულს გულში იტრიალებდა და მერე ყველაფერი სცენამდე მოჰქონდა, იქიდან გავარვარებულ ლავასავით გადმოეშვებოდა ხოლმე მსახიობის განცდები...

მაგრამ გული ხომ გულია... განა რამდენის ატანა შეეძლო. ბნელსა და ნათელს შორის არსებული დიდი კონტრასტით დაღლილს, ვინ იცის, რამდენჯერ ჩაუხედავს სიკვდილისთვის თვალებში. გულმაც ვეღარ გაუძლო.

ეს ფოტო მოსკოვში, ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაღებული და გიორგი თოლორდავას არქივში ინახება. სამწუხაროდ, არ ვიცით, ვინ ეწვია მაშინ ბატონ სერგოს საავადმყოფოში, მაგრამ სნეული მსახიობის სათნო სახე ძალიან ბევრზე მეტყველებს. თეთრებში ჩაცმულ, თეთრ ლოგინში მწოლიარე თეთრწვერა არტისტს სახეზე ნათელი ადგას. გია დანელიას ფილმში, "არ დაიდარდო", განსახიერებული მოხუცი ექიმის ბოლო ლხინი მახსენდება, სიცოცხლის უზომოდ მოყვარული პერსონაჟის აკანკალებული ხელი ფანჯარასთან. გარეთ კი მზე და მსხმოიარე ვენახია. ის გულწრფელად განცდილი კადრები არ ქრება თვალთაგან. სერგო ზაქარიაძე სიკვდილზე ფიქრებს უსიტყვოდ დაითმენდა, გრძნობდა კიდეც, რომ გული რკინისა არ იყო და გულსაც ისევე უჭირდა, როგორც მას - სიავით სავსე ქვეყანაში... მაგრამ სნეულსაც კი სახე ნათლით აქვს გაბრწყინებული, სულიდან გადმომავალი ნათლით. კეთილი ღიმილი აფერმკრთალებდა სიტუაციის დრამატიზმს. და ამის ძალას საქართველოს მიწაში ღრმად გადგმული ფესვი - საკუთარი სულიერება აძლევდა...