შეყვარებულთა ლხინი, ანუ მაყრიონით გუდამაყარში - კვირის პალიტრა

შეყვარებულთა ლხინი, ანუ მაყრიონით გუდამაყარში

იჯდა იმ საღამოს მეგობრებთან ერთად, მხრებით მათ მხრებს გრძნობდა და გოდერძის მხრებსაც გრძნობდნენ...

1981 წლის 13 ივნისი.

სულ ერთი დღეა, რაც ლევან თუთბერიძე და ბაია ლორთქიფანიძე თბილისიდან გამოიპარნენ. ზაფხულში "დემეტრე თავდადებულის" გადაღებებია დაგეგმილი და მერე ვაითუ ვეღარ მოვახერხოთ თავისუფალი დროის გამონახვაო... არადა, ერთმანეთი უყვართ, ახალგაზრდები და ლამაზები არიან, ხალისით სავსეები...

გაპარვა და ჩუმად დაქორწინება რომანტიკული რამ გახლდათ შეყვარებული ქალ-ვაჟისთვის... როცა ლევანს მეგობარმა - ირაკლი ტრიპოლსკიმ ურჩია, მთაში, ჩვენკენ, წამოდით, ესე იგი, ფასანაურისკენო, კიდევ უფრო მეტი რომანტიკა შეემატა მათ გადაწყვეტილებას. პირველ დღეს ირაკლი ტრიპოლსკის ბებიის სტუმრები იყვნენ შეყვარებულებიცა და მაყრიონიც. მეორე დღეს - გუდამაყარში ავიდეთ გოდერძისთანო, თქვეს და ასეც მოიქცნენ.

აბა, მაშინ გუდამაყარში რას დარეკავდი, ან როგორ გააფრთხილებდი კაცს, მოვდივარ და დამხვდიო... უბრალოდ, იცოდნენ, გოდერძი დედასთან იყო ასული და ისინიც ავიდნენ. შინ ლელა დაუხვდათ - გოდერძი ჩოხელის მუხლჩაუხრელი დედა. დილის საქმეები უკვე მოლეული ჰქონდა, ცომი - მოზელილი. პური უნდა დაეცხო... ეზოს მომდგარ ახალგაზრდებს გახარებული გამოეგება: მისი გოდერძის მეგობრები იყვნენ და ირაკლი ტრიპოლსკი - ბიძაშვილი, იმ ოჯახის შვილი, რომელიც თბილისში ჩასულ გოდერძის შვილივით ზრუნვას არ აკლებდა...

გოდერძი სად არისო - სტუმრებმა.

აქვეა, ახლო, ამ მთის იქითო - ლელამ და მთის იქით გასაქცევად მოემზადა, შვილისთვის ხომ უნდა დაეძახა...

80-იანი წლები ის დროა, მთის სოფლებში ბავშვების ნახვა რომ ჭირს. სოფლები მოხუცების ამარაა დარჩენილი, თორემ ბავშვს გაგზავნიდა - გოდერძის დამიძახეო!

მთის იქითო? - ერთმანეთს გადაუჩურჩულეს სტუმრებმა. მთის იქიდან როგორ უნდა მოსულიყო, რომ სტუმრებისათვის მოესწრო და ესენიც დაბნელებამდე ფასანაურში დაბრუნებულიყვნენ, დრო არ ჰქონდათ. ახალშეუღლებულებს მშობლები ელოდნენ თბილისში, სუფრა იშლებოდა... და რა მოულოდნელი იყო, როცა მთის იქიდან სულ მალე  გოდერძი გამოჩნდა - გამხდარი, თავზე კეპით, დაუღლელი...

გამოჩნდა კი არა, აჩნდა! ის ხომ თვითონ ასე ამბობდა: მთაზე რომ ავჩნდებოდიო...

27 წლის არის გოდერძი, თეატრალური ინსტიტუტი სამი წლის დამთავრებული აქვს. მის ფილმს - "ადგილის დედას" უკვე იცნობენ... გადაღებული აქვს "აღდგომაც"... ან ჯერ კიდევ მუშაობს ამ ფილმის გადაღებებზე. მას, როგორც მწერალსაც, იცნობენ. "წერილი ნაძვებს" უკვე დაბეჭდილია. ამ წელს გამოდის მისი პირველი წიგნიც - "ბინდისფერი ხეობა"...

ჰოდა, მოდის გოდერძი, მოდის მთის იქიდან. რომ ვერ წარმოიდგენ, ისეთი გარჯაგამოვლილი... მოდის საფლავის ქვებზე ნაფიქრალი და თავის დაწერილ და დაუწერელ მოთხრობებს შეთამაშებული. უხარია, რომ ასეთი სტუმრები ჰყავს. ლელას კიდევ უფრო უხარია! ხინკალი იხვევა, ხაჭაპური ცხვება. გოდერძის სახლის აივანზე სუფრა იშლება.

გოდერძის დიდი მაგიდის გამოტანა არ უნდა, პატარა ურჩევნია... დედა აფრთხილებს -  ვერ დაეტევითო... გოდერძის მაინც არ უნდა დიდი მაგიდა. ასე ურჩევნია, პატარა მაგიდა და მის ირგვლივ ათი თუ მეტი კაცი. ისე ხომ ვერ დასხდებიან, მხარი მხარს არ მიედოს... გოდერძის ასე უნდა: მის მხარს მეგობრები უნდა გრძნობდნენ, ის - მეგობრების მხრებს უნდა ეხებოდეს. სწორედ ისე, როგორც გუდამაყრის მთები: ერთად მდგარნი, გარშემო შემოჯარულნი.

ეს ხომ გუდამაყარია! ბერისა და ჯღუნას გუდამაყარი... "წერილი ნაძვებს" რომ დაწერა და ბერს რომ მხარზე ნაძვი ამოუყვანა, განა შემთხვევით მოუვიდა... მერე ის ბერიც რომ შეხვდა გზაზე, ტყეში შეიმალა, ნაძვი ვერა, მაგრამ წიფლის ტოტი ნახა, დაიდგა მხარზე: აჰა, გოდერძო, შენ რომ დასწერე, მართლა ამამივიდაო! - შესცინა. მოთხრობაში როგორ იყო: "მარცხენა მხარზე ტანსაცმელი ამოუჭრიათ და იქიდან პატარა ნაძვს ამოუყვია თავი.

შიშველი ფეხები საწოლის წინ ამოთხრილ მიწაში უწყვია ბერს და მიწას წყალს უღვრის.

- ნუ, ბერო, გასცივდები, ნუ იღუპავ თავს, - ეხვეწება ბერს ექიმი, სამოც წელს მიტანებული დაბალი ებრაელი ქალი. ეს ქალი გუდამაყრელების მკურნალი ანგელოზია.

- რას შვრები, კაცო, ნემსებს არ იკეთებ და მიწაში რო ფეხებს აწყობ, შენს გულს მაგით ეშველება?

- მე არა, ამას ეშველება, - მხარზე ამოსულ პატარა ნაძვზე ანიშნებს ბერი ჯღუნას.

- შე კაი კაცო, მაგდენი როგორ არ გესმის, შენ თუ დაიღუპები, ეგ ნაძვიც ხო დაიღუპება, რა გაჰქეჯდი, გაიკეთე ნემსები.

- ნემსი როგორ გავიკეთო, გახმება, ხო ხედავ, როგორ ჩამოუჭკნა წიწვები.

ბერმა ფეხებში მოყრილ მიწას წყალი დაასხა"...

განა მართლა შემთხვევითი იყო მხარი? - გულთან ახლო რომ იყო, იმიტომ!

იჯდა იმ საღამოს მეგობრებთან ერთად, მხრებით მათ მხრებს გრძნობდა... და გოდერძის მხრებსაც გრძნობდნენ...

გუდამაყრის მთებივით დიდი მხრები ჰქონდა გოდერძის...