გაკვეთილი - კვირის პალიტრა

გაკვეთილი

ღირსეული ადამიანის გლოვა თავად ჭირისუფალსაც აკეთილშობილებსო, - ეს სიტყვები აკაკი ბაქრაძემ რეზო თაბუკაშვილზე თქვა, როდესაც გამოჩენილ ქართველ საზოგადო მოღვაწეს უკანასკნელ გზაზე აცილებდა.

მრავალმხრივი ნიჭის მქონე პიროვნება იყო და ქვეყანასაც მრავალმხრივ ემსახურა. მისი ყოველი საქმე და სიტყვა მისივე პიროვნებისთვის დამახასიათებელი პრინციპების გამოხატულება და ზნეობის გაკვეთილი იყო. რეზო თაბუკაშვილის ვაჟიშვილი ასეთ ამბავს იხსენებდა: თურმე ბიჭობაში ერთი "მტერი" ჰყოლია, რომელთანაც მუდმივი ქიშპი ჰქონდა და ძლიერ უნდოდა ერთხელ და საბოლოოდ გაესწორებინა მასთან ანგარიში. ეს დღეც დამდგარა. შინ გამარჯვებული და მეტოქის სისხლით დასვრილი მაისურით დაბრუნდა (როგორც ჩანს, ჩხუბის დროს ცხვირში მოარტყა და სისხლი მაშინ მიეცხო). ბატონმა რეზომ შვილი ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა, მოიხმო და ამბავი ჰკითხა. მანაც, კმაყოფილმა და გახარებულმა, გულწრფელად უთხრა, ერთი მტერი მყავდა და დღეს გავლახეო. მამამ შეხედა შვილის ბედნიერ სახეს და საპასუხოდ სილა გააწნა, - როგორც უნდა გმტრობდეს და გძულდეს ადამიანი, მისი სისხლი არ უნდა გაგიხარდესო.

ლადო გოგუაძე