ფარსმანის მემკვიდრეები რომში ბრუნდებიან - კვირის პალიტრა

ფარსმანის მემკვიდრეები რომში ბრუნდებიან

ქართველებს პირველად 144 წელს იმპერატორმა ანტონინუს პიუსმა უმასპინძლა, რომელიც ჩვენი საბრძოლო ხელოვნებით ისე  აღფრთოვანდა, რომ ფარსმან ქველს მარსის მოედანზე

ძეგლი დაუდგა

თითქმის 2000 წლის შემდეგ პირველად რომი ქართველ მეომრებს უმასპინძლებს. იტალიის დედაქალაქის დაარსებისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ფესტივალზე რომაელ ლეგიონერებთან ერთად საზეიმო წარმოდგენას გამართავენ ქართველი "შავფაროსნები". ქართველებს პირველად 144 წელს იმპერატორმა ანტონინუს პიუსმა უმასპინძლა, როდესაც იბერიის მეფე ფარსმან ქველი ამალითურთ მიიწვია. ჩანაწერებმა შემოინახა ამბავი, რომელიც იმ დროს ქართველთა საბრძოლო ხელოვნებით აღფრთოვანებულ რომაელებზე მოგვითხრობს. მაშინ მასპინძელმა ქართველ მეფეს პატივისცემის ნიშნად მარსის მოედანზე ძეგლი დაუდგა. სამწუხაროდ, დრო ძეგლებს არ ინდობს, მაგრამ ზოგჯერ ისტორია ცოცხლდება. მრავალი საუკუნის შემდეგ ფარსმანის მემკვიდრეები რომში ბრუნდებიან.

ფესტივალი "ნატალე დი რომა" მხოლოდ იმ ქვეყნებს იწვევს, რომელთაც ისტორიული ურთიერთობა ჰქონდათ რომის იმპერიასთან. ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნები" რომში 20-23 აპრილს წარადგენენ საქართველოს. ეს ქართველი ემიგრანტის, ირაკლი სოსელიას დამსახურებაა, რომელიც შეეცადა, გაერკვია, რატომ არ იღებდა სანახაობაში მონაწილეობას საქართველო.

აღმოჩნდა, რომ საქართველოსა და რომის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის მიუხედავად, ფესტივალის ორგანიზატორებს, იტალიის კულტურის სამინისტროსა და რომის მერიას წარმოდგენა არ ჰქონდათ ქართულ-რომაულ ურთიერთობაზე. მეტიც, კოლიზეუმზე გამოკრულ რუკაზე, რომელიც რომთან ისტორიულად დაკავშირებულ ქვეყნებს აღნიშნავს,  საქართველო ნახსენებიც არ არის და ჩვენს ტერიტორიას არმენია - სომხეთი აწერია(?!).

"შავფაროსნები" იმედოვნებენ, რომ ამიერიდან საქართველოს კოლიზეუმის რუკაზეც დაერქმევა თავისი სახელი.

"კვირის პალიტრა" რომში გამგზავრებამდე ესაუბრა "შავფაროსნებს".

ირაკლი ქოქოსაძე: "იტალიის კულტურის სამინისტრო და რომის მერია 6 თვის განმავლობაში ადგენდნენ, ჰქონდა თუ არა რომის იმპერიას ისტორიული კავშირი საქართველოსთან. ისტორია ანტონინუს პიუსისა და ფარსმან ქველის შესახებ რომში აღარ ახსოვთ. გასახსენებლად კი ისტორიულ მასალებში ხანგრძლივი ძიება დასჭირდათ. შესაბამისად კოლიზეუმის რუკაზე საქართველოს არმენიად მოხსენიებაც სწორად მიაჩნდათ. ამჯერად ამ კარტოგრაფიულ დეზინფორმაციას ქართული მხარე იძიებს".

ზურა შავერდაშვილი: "ფესტივალზე უკვე გველოდებიან ქართველი ემიგრანტები და გვინდა ჩვენი გამოსვლა მათთვის დაუვიწყარი იყოს. ვეცდებით, რომაელები ამ ფესტივალს იხსენებდნენ, როგორც ფარსმანის მემკვიდრეების ღირსეულად დაბრუნების ზეიმს. იტალიაში საქართველოს იცნობენ როგორც კარგი სამზარეულოსა და ღვინის ქვეყანას, სადაც დიდებული ცეკვა-სიმღერაც იციან. აქამდე არაფერი სმენიათ ჩვენი უძველესი საბრძოლო ხელოვნების შესახებ, რომელმაც არაერთ დამპყრობელს, მათ შორის პომპეუსსაც ათქმევინა, იბერიელებთან ბრძოლა ძნელი იყო, ქალები და ბავშვებიც კი საუკეთესო მებრძოლები არიანო".

ზურა მახარაძე:"ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოსულ დელეგაციებს ერთმანეთის მსგავსი, რომაული ტიპის აბჯარი ეცმევა. ამ ფონზე შთამბეჭდავი იქნება ქართული აღჭურვილობა და სამოსი. წარვადგენთ ქართულ საბრძოლო იარაღსაც: შუბებს, ხმლებს, ხანჯლებს, ნაჯახებს; დამცავ აღჭურვილობას: ჯაჭვის პერანგებს, ჩაჩქნებს, საბარკულებს, ხელის დამცავებს".

ირაკლი ქოქოსაძე:"წლების განმავლობაში ვყიდულობდით ძველ საბრძოლო იარაღს. ცოტა ხნის წინაც შევიძინე ძველისძველი ხევსურული ხმალი. თანამედროვე მჭედლების რომან ოდიშელიძის, არნოლდ თეთრუაშვილის და ზურაბ ბიჩინაგურის ნამუშევრებიც მიგვაქვს. "შავფაროსნებიც" ვამზადებთ იარაღებს, ბაქარ ნათენაძე საოცარ ჯაჭვის პერანგებს ქსოვს".

ზურა მახარაძე:"ფესტივალზე წარვადგენთ ხევსურულ და თუშურ ფარიკაობას, რომლის მსგავსი არც ერთი ქვეყნის საბრძოლო ხელოვნებაში არ არის. რამდენიმე მეომრის მონაწილეობით დავდგამთ ბრძოლის მასობრივ სცენებს, მათ შორის ბრძოლას მუშტებით. სანახაობრივად ეფექტურ საბრძოლო ნომრებს ვამზადებთ. მაგალითად, მათრახი მოქნევის დროს საოცარ ხმას გამოსცემს და სანახაობრივადაც შთამბეჭდავია. ჩვენი საბრძოლო მეთოდებიდან ბევრს ანალოგი არ მოეძებნება, მათ შორის განსაკუთრებულია ფარიკაობა. ხევსურები მთაგორიან მხარეში ცხოვრობდნენ, ვერ იცვამდნენ მძიმე აბჯარს და ვერ ათრევდნენ უზარმაზარ ფარებს, როგორც რომაელები. ხევსურების შეიარაღება მორგებული იყო გარემო პირობებზე და ამან გამოიწვია ბრძოლის თავისებური სტილის ჩამოყალიბებაც.

ფარსმანის რომში სტუმრობის დროს ქართველებმა რომაელები ჯირითითა და ტანვარჯიშით გააოცეს. ისტორიულად ცნობილია, რომ საცხენოსნო ხელოვნებაში  ქართველებს ბადალი არ ჰყავდათ. ტანვარჯიშში იგულისხმება მთელი საბრძოლო ხელოვნების სისტემა, რაც გამოიხატებოდა მეომრის აღზრდის, სხეულის ფორმირების, თავისუფალი მოძრაობის, გადაადგილების მეთოდებში, ამაში შედიოდა კრივი, ჭიდაობა, მოქნილობის ვარჯიშები. ამჯერად რომში წარვადგენთ იმას, რასაც ფარსმანის დროს საქართველოში ტანვარჯიში ერქვა".

P.S.მიუხედავად იმისა, რომ რომის დაარსებისადმი მიძღვნილ ფესტივალში მონაწილეობა დიდი პატივია, "შავფაროსნების" გამგზავრების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. სადაც კი მეცენატის საძებნელად მიდიოდნენ, ყველგან ერთსა და იმავეს ისმენდნენ, - კარგი პროექტია, მაგრამ ფული არა გვაქვსო. ფული არ აღმოაჩნდა სახელმწიფოსაც, რომელიც მივიწყებული იტალიელი მომღერლების ჩამოყვანით არის დაკავებული, ქართველების რომაულ ფესტივალზე გასვლა კი რატომღაც პრიორიტეტად არ მიიჩნია. როდესაც იმედი გადაეწურათ, რომაული ლაშქრობა” ბანკმა "კონსტანტამ" დააფინანსა.

შავფაროსნები

მტრის შემოსევის დროს, როდესაც ქართველთა მცირერიცხოვანი ჯარი ურიცხვ მტერთან პირისპირ შებმას ერიდებოდა, ქართველები პარტიზანულ ბრძოლას აჩაღებდნენ. მათ მტერზე იერიში ღამით მიჰქონდათ და ფარებს შავად ფერავდნენ, რომ მთვარის შუქი არ არეკლილიყო და მტრისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყვნენ. ამიტომ მათ "შავფაროსნებად" მოიხსენიებდნენ. სწორედ "შავფაროსნები" იყვნენ ის მებრძოლები, რომლებიც მტერს დიდ ზიანს აყენებდნენ და უნიკალური საბრძოლო ოსტატობით გამოირჩეოდნენ. ქართული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაციის სახით შექმნის იდეა  XX საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს გაჩნდა. საბოლოოდ, 2000 წელს დაარსდა კავშირი "ქართული საბრძოლო ხელოვნება". 2011 წელს კი ორგანიზაცია "შავფაროსნები" ჩამოყალიბდა. ფედერაციის" მიზანია ექსპედიციებში მოძიებული მასალების მიხედვით ქართული საბრძოლო ტრადიციებისა და მეთოდების აღდგენა-პოპულარიზაცია.

ფარსმან II ქველი

ფარსმან II ქველი დაახლ. 120-170 წლებში მეფობდა. ის იყო იბერიის უძლიერესი მეფე, რომელსაც ვაჟკაცობისთვის ეწოდა "ქველი". მის დროს იბერიის სამეფომ უდიდეს ძლიერებას მიაღწია. მეფობის დასაწყისშივე ფარსმანმა ილაშქრა ალბანეთსა და კაპადოკიაში, 130 წლისთვის კი მთელი სამხრეთ კავკასია ემორჩილებოდა; სომხეთის სამეფო იბერიის ვასალი გახდა, რამაც გაანაწყენა რომი. იმპერატორმა ადრიანემ ფარსმანს მკაცრი წერილით რომში გამოცხადება უბრძანა, რაზეც ფარსმანის ცივი უარი მიიღო. ადრიანემ იბერიასთან ომი ვერ გაბედა და ფარსმანს ძღვნად ორმოცდაათი ლეგიონერი და საბრძოლო სპილო გამოუგზავნა. 144 წელს რომის ახალი იმპერატორის, ანტონინუს პიუსის მიწვევით ფარსმანიII ოჯახითურთ რომში სტუმრად ჩავიდა, სადაც გაფორმდა რომისა და იბერიის მოკავშირეობის ხელშეკრულება. ფარსმანის ამალამ მხედრული ჯირითი მოაწყო კოლიზეუმში. ანტონინუს პიუსის ბრძანებით მარსის მოედანზე ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება დადგეს. რომმა ცნო იბერიის ჰეგემონია სამხრეთ კავკასიაში. იბერიის გაძლიერებით უკმაყოფილო იყო პართია (დღევანდელი თურქმენეთის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო, რომელმაც 220 წელს შეწყვიტა არსებობა). დაახლ. 150-155 წლებში პართიის მეფე ვოლოგეზ  III-მ ორჯერ ილაშქრა იბერიაში, ფარსმანმა ორჯერვე უკუაგდო მტერი. მალე ფარსმან ქველი იმდენად გაძლიერდა, რომ თვითონ ილაშქრა პართიაში, დაამარცხა ვოლოგეზი და მისი დედაქალაქიც აიღო. დაახლ. 170 წელს ფარსმან ქველი პართიელების მოსყიდულმა მზარეულმა მოწამლა.