მუსიკოსებს ფულს "სიჩუმეში" უხდიდა - კვირის პალიტრა

მუსიკოსებს ფულს "სიჩუმეში" უხდიდა

ცნობილ ქართველ კომპოზიტორს, ანდრია ბალანჩივაძეს, ძალიან უყვარდა ტრადიციული ქართული მოლხენა. რესტორნებსაც სტუმრობდა, სადაც არა მარტო პურ-მარილში, არამედ მუსიკოსებშიც უშურველად იხდიდა ფულს, ოღონდ მათ ცოტა უცნაურად ექცეოდა. რასაკვირველია, უაღრესად დახვეწილი  მუსიკალური გემოვნება ჰქონდა და შესრულებაში მცირეოდენ ხინჯსაც ვერ იტანდა, რესტორნის მუსიკოსები კი უშეცდომოდ როგორ იმღერებდნენ... ჰოდა, ქეიფი რომ არ ჩამწარებოდა, ასეთ ხერხს მიმართავდა: რესტორანში შესვლისას მუსიკოსებს წინასწარ უხდიდა იმ თანხას, რასაც საღამოს განმავლობაში გამოიმუშავებდნენ, სანაცვლოდ კი სთხოვდა, ჩუმად იყავითო და  იწყებდა ქეიფს.

გულდაწყვეტილიც არაერთხელ დარჩენილა. როდესაც 1983 წელს საქვეყნოდ ცნობილი და დიდი ხნის უნახავი ძმა - ჯორჯ ბალანჩინი გარდაიცვალა (რის შესახებაც მთელი მსოფლიოს პრესა წერდა), იმედი ჰქონდა, დაკრძალვაზე უსათუოდ გაუშვებდნენ. მწარედ მოტყუვდა. შესაბამის უწყებაში უთხრეს: გაგიშვებთ ამერიკაში, თუ ძმის გარდაცვალების ცნობას მოგვიტანო. გამწარებული გამობრუნდა და აღარსად წასულა...

ლადო გოგუაძე