როგორა ხართ, როგორ! - კვირის პალიტრა

როგორა ხართ, როგორ!

გალაკტიონმა ალექსანდრე ყაზბეგს "ხევის ბეთჰოვენი" უწოდა. თუმცა ცხოვრებაში მწერალი ნაკლებად მოგაგონებდათ მის მიერვე შექმნილ ამაღლებულ გმირებს.

ასეთი ჭორიც გავრცელდა, რომ ალექსანდრე ყაზბეგის დიდებული პროზა მისი დაწერილი არ იყო. ამ აზრს ზოგიერთი მეცნიერიც იზიარებდა, მაგალითად, მიხეილ ზანდუკელი.

მწერალს გულმხურვალე დამცველიც მრავლად ჰყავდა. მათ შორის იყო ვახტანგ კოტეტიშვილი, რომელსაც ძალზე ფიცხი ხასიათი ჰქონდა, რითაც კარგად სარგებლობდნენ მისი სტუდენტები და ცდილობდნენ, მოთმინებიდან გამოეყვანათ. ლექციაზე ყაზბეგის მოწინააღმდეგე მიხეილ ზანდუკელს განზრახ ალაპარაკებდნენ მწერალზე, შემდეგ კი აუდიტორიაში შესულ კოტეტიშვილს "მიახარებდნენ" -  ახლა ზანდუკელის ლექცია გვქონდა და ყაზბეგზე სულ ქურდი  იძახაო. გამწარებული კოტეტიშვილი წყობიდან გამოდიოდა და მაშინვე ოპონენტის საძებნელად გარბოდა, ვიღას ახსოვდა ლექცია.

ვახტანგ კოტეტიშვილი 1937-ში დახვრიტეს. როგორც ცნობილია, სულიერ მხნეობას სიკვდილმისჯილთა საკანშიც არ კარგავდა. რეპრესირებულის ოჯახს დაჭერის შიშით აღარავინ ეკარებოდა. ორიოდე კაცს თუ ჰყოფნიდა ძალა, გადაელახა სულმოკლეობა და კოტეტიშვილების ოჯახი მოენახულებინა. მათ შორის იყვნენ პავლე ინგოროყვა და ნიკო სამადაშვილი. ისინი გამოწვევასაც უგზავნიდნენ ირგვლივ გამეფებულ ძალმომრეობას. ვახუშტი კოტეტიშვილი იხსენებდა: კოტეტიშვილის სახლისკენ მიმავალნი, როგორც კი მთაწმინდის აღმართს აათავებდნენ, ყველას გასაგონად, ხმამაღლა შესძახებდნენ: ეჰეი, კოტეტიშვილებოოო, როგორა ხართ, როგორ!