რომელი პრეზიდენტის საფლავს ეძებენ გორში - კვირის პალიტრა

რომელი პრეზიდენტის საფლავს ეძებენ გორში

გასაბჭოებამდე ლატვიის რესპუბლიკის უკანასკნელმა პრეზიდენტმა სამუდამო განსასვენებელი, სავარაუდოდ, ქალაქ გორში პოვა. ამ ვერსიის ერთ-ერთი ავტორი სტალინის სახლ-მუზეუმის თანამშრომელი ლარისა გაზაშვილია. იგი ირწმუნება, რომ კარლის ულმანისის საფლავი გორში, კვერნაქის სასაფლაოზე, წითელარმიელთა ობელისკიდან 20 მეტრის რადიუსში უნდა მდებარეობდეს.

ლარისა გაზაშვილმა საქართველოში ლატვიის ელჩს, ანდრის ვილცანსს მიაწოდა ინფორმაცია ლატვიის ექსპრეზიდენტის სავარაუდო განსასვენებლის შესახებ.

"დადასტურებულია ის ფაქტი, რომ კარლის ულმანისი 1942 წელს გარდაიცვალა. ლატვიური მხარე მის საფლავს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. მე სტალინის სახლ-მუზეუმში ვმუშაობ და 1994 წლიდან მაქვს ინფორმაცია, რომ იგი გორშია დაკრძალული. ამის შესახებ თავად ლატვიური მხარის წარმომადგენლებმაც მითხრეს. ჩანს, მათაც აქვთ ინფორმაცია, რომ ულმანისი გორში დაკრძალეს.

ლატვიური მხარის წარმომადგენლებს მესაფლავეებმა აჩვენეს ეს ადგილი და იქ დაიდგა ვარდისფერი ქვა, რომლის მსგავსსაც კვერნაქის სასაფლაოზე სხვას ვერ შეხვდებით. ამ ქვაზე ლატვიური ორნამენტია ამოტვიფრული", - ამბობს ლარისა გაზაშვილი.

ამის მიუხედავად, კარლის ულმანისის საფლავის ზუსტი ადგილი ამ დრომდე უცნობია. განსხვავებულია ვერსიებიც.

ინფორმაციას, რომ გასაბჭოებამდე ლატვიის უკანასკნელი პრეზიდენტის საფლავი გორშია, ადასტურებს აკაკი დარახველიძეც. იგი 1940-იან წლებში კვერნაქის სასაფლაოს დირექტორის, ვაჟა დარახველიძის შვილია და მამისგან გადმოცემული ინფორმაციის საფუძველზე ამბობს, რომ ლატვიის ექსპრეზიდენტის საფლავი სწორედ იმ ქვასთანაა, რომელზეც ლატვიური ორნამენტია გამოსახული. ამ ვარდისფერი ქვის გვერდით ახლა რკინის მაგიდაა განთავსებული.

აკაკი  დარახველიძე: "მახსოვს, მამაჩემმა მითხრა, ლატვიის პრეზიდენტი აქ მარხიაო. ისიც დასძინა, მიხედე და თუ ოდესმე მოვლენ და დაინტერესდებიან, უთხარი, რომ მისი საფლავი აქ არისო. 1942 წელს დაუმარხავთ აქ. ჰოსპიტალში წოლილა ჩვენთან და იქ გარდაცვლილა. მეტი ამის შესახებ არაფერი უთქვამს“, – ასეთია სასაფლაოს ყოფილი დირექტორის ვაჟის ვერსია.

თუმცა ინფორმაცია, რომ ლატვიის ექსპრეზიდენტი აკაკი დარახველიძის მიერ მითითებულ ადგილზეა დაკრძალული, ნაკლებსარწმუნოდ ეჩვენება ლარისა გაზაშვილს. სტალინის სახლ-მუზეუმის თანამშრომელი ვარაუდობს, რომ ულმანისი მითითებული ადგილიდან დაახლოებით 50 მეტრში, საერთო სასაფლაოზე უნდა იყოს დაკრძალული, სადაც გასული საუკუნის 30-50-იან წლებში უცხოელ ტყვეებსა და პოლიტპატიმრებს მარხავდნენ. მოგვიანებით კი აქ წითელარმიელთა ობელისკი დაიდგა.

მისივე ინფორმაციით, საერთო სასაფლაოზე, სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც წითელარმიელთა ობელისკია, რამდენიმე წლის წინ სპეციალური დაფაც ნახეს, რომელზეც კარლის ულმანისის სახელი, გვარი, ასევე დაბადებისა და გარდაცვალების წლები იყო მიწერილი, თუმცა ეს დაფა ამჟამად დაკარგულია.

ლარისა  გაზაშვილი: "სასაფლაოზე, სადაც გერმანელი ტყვეების, პოლიტპატიმრებისა და უპატრონო ჯარისკაცთა საფლავები იყო, ნახეს პატარა რკინის შავი ბოძები თავისი დაფით. გაწმინდეს დაფა და ამოიკითხეს კარლის ულმანისი, დაფაზევე იყო მითითებული მისი დაბადებისა და გარდაცვალების წლები. ეს ინფორმაცია 1994 წელს მომაწოდეს. თუმცა მოგვიანებით, როდესაც საფლავის ძიება დაიწყეს, იმ ადგილას აღარც რკინის ბოძები იყო და შესაბამისად, აღარც დაფა წარწერით. შესაძლოა ვინმემ ჯართში ჩასაბარებლადაც კი ამოაძრო. თუმცა ვიცი ის ადგილი, სადაც საფლავი უნდა მდებარეობდეს - წითელარმიელთა მემორიალიდან 20 მეტრში".

კვერნაქის სასაფლაო საქართველოში ლატვიის ელჩმა ანდრის ვილცანსმაც მოინახულა. ექსპრეზიდენტის საფლავის მოძიების პროცესში ის თავადაც აქტიურად არის ჩართული. გორში ყოფნისას დიპლომატმა განაცხადა, რომ პირადად მონაწილეობდა იმ დოკუმენტების მოძიებასა და შესწავლაში, რომელიც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცენტრალური აზიის განყოფილების არქივში ინახება. ამ პერიოდში ის უზბეკეთში ლატვიის ელჩი იყო.

ანდრის  ვილცანსი: "შევხვდი მათ, ვისაც ექსპრეზიდენტის საფლავის გორში არსებობის შესახებ აქვთ ინფორმაცია. მაგრამ შეუძლებელია ისტორიულ ფაქტზე იმსჯელო იმის მიხედვით, რა მოგწონს და რა არა. არსებითად ეს ვერსია ახალი არ არის... ისტორიკოსები ჯერჯერობით სკეპტიკურად არიან განწყობილი, რადგან, ძირითადი ვერსიით, ლატვიის ექსპრეზიდენტი კარლის ულმანისი შინაგან საქმეთა სახალხო კომიტეტის ციხეში გარდაიცვალა კრასნოვოდსკში, ამჟამინდელ თურქმენბაშიში. დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე, რომელსაც უზბეკეთში ელჩობის პერიოდში გავეცანი, უფრო დამაჯერებლად გამოიყურება ვერსია, რომ კარლის ულმანისი თურქმენბაშიშია დაკრძალული. მაგრამ ჯერ ესეც მხოლოდ ვერსიაა, ვინაიდან საფლავი ნაპოვნი არ არის".

კარლის ულმანისი 1877 წლის 4 სექტემბერს, კურლანდიის გუბერნიის დობელის მაზრაში დაიბადა. ის ულმანისთა ოჯახის მესამე ვაჟიშვილი იყო. 1896 წელს დაასრულა ალექსანდრეს გიმნაზია მიტავაში (ელგავა), 1897 წელს კი, სარძევე მეურნეობის კურსები ტაპიაუში, აღმოსავლეთ პრუსიაში (ამჟამად გვარდეისკი, კალინინგრადის ოლქი). სპეციალობით მუშაობდა რიგასა და ლიებაეში (ლიეპაე). 1902 წელს სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტზე სწავლობდა ციურიხის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, შვეიცარიაში. 1903-1905 წლებში სწავლობდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ლაიფციგში (გერმანია).

კარლის ულმანისი ლატვიის პრეზიდენტი იყო 1936-1940 წლებში. მანამდე კი, მცირეხნიანი შესვენებებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი რამდენჯერმე ეჭირა: 1918-1921, 1925-1926, 1931 და 1934 წლებში. 1936-1940 წლებში ერთდროულად ეკავა პრეზიდენტისა და პრემიერის თანამდებობები.

1940 წლის 21 ივლისს, ლატვიაში საბჭოთა ჯარების შესვლის შემდეგ ულმანისი თანამდებობიდან გადადგა და საბჭოთა ხელისუფლებას პენსიის დანიშვნა და შვეიცარიაში გადასვლის ნებართვა სთხოვა. თუმცა უკვე 22 ივლისს მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დეპორტაცია მოსკოვის გავლით ვოროშილოვკაში (სტავროპოლი), სადაც 29 ივლისს ჩაიყვანეს.

ერთი წლის შემდეგ, 1941 წლის 4 ივლისს ულმანისი დააპატიმრეს, 1942 წლის 1-ელ აგვისტოს კი თურქმენეთში, ქალაქ კრასნოვოდსკში (ამჟამინდელი თურქმენბაში) გადაასახლეს. მგზავრობისას ექსპრეზიდენტი დიზენტერიით დაავადდა და გადასახლებიდან მალევე, 20 სექტემბერს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის საარქივო მასალების თანახმად, იგი ადგილობრივ სასაფლაოზე დაკრძალეს.

გასაბჭოებამდე ლატვიის უკანასკნელი პრეზიდენტის საფლავს ლატვიური მხარე შუა აზიაში სწორედ ამიტომ ეძებდა.

საბჭოთა კავშირის ოფიციალურად დაშლიდან ორიოდე თვით ადრე, 1991 წლის 17 ოქტომბერს, გაზეთმა "იზვესტიამ" გამოაქვეყნა ცნობა ფუგურანტების მხრიდან დანაშაულის ფაქტების არარსებობის გამო საბჭოთა პერიოდის ცალკეული საქმეების გადახედვის შესახებ. განხილულთა შორის მოხვდა ულმანისის საქმეც. თუმცა ექსპრეზიდენტის საფლავის მოძიებისა და მისი ნეშტის სამშობლოში გადასვენების მცდელობა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში წარუმატებლად დასრულდა.

ვერსია კარლის ულმანისის გორში დაკრძალვის შესახებ თუ სინამდვილეს შეესაბამება, მაშინ მკვლევრებს იმის დადგენაც მოუწევთ, როგორ აღმოჩნდა სტალინის მიერ შუა აზიაში გადასახლებული ლატვიის ექსპრეზიდენტი სტალინისვე მშობლიურ ქალაქში. ლარისა გაზაშვილის აზრით, გამოსაკვლევია ამ პერიოდის არქივები, სადაც შესაძლოა დაცული იყოს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ.

ნინო ჯაფარიძე

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”