სამკუთხა წერილები ფრონტიდან - კვირის პალიტრა

სამკუთხა წერილები ფრონტიდან

"კვირის პალიტრამ" ხარაგაულიდან 88 წლის პედაგოგის, თინა ბუაჩიძის წერილი მიიღო: "ხარაგაულში ბუაჩიძის #29-ში ვცხოვრობ. სახლს საძირკველი ეცლება და იბზარება. კომისიამ დაასკვნა, რომ აუცილებელია საყრდენი კედლის მოწყობა. მიწა დაბლა ჩამოდის, ეზოს ნახევარი უკვე წაიღო,  31 წელია დახმარებას ვითხოვ და დღემდე ვერ მივიღე. ხარაგაულის გამგებელი კაკო მაჭავარიანი ამბობს, ბიუჯეტში თანხა არ არის, რომ დაგეხმაროთო".

ასაკოვან ქალბატონს შვილები დაზიანებულ სახლში აღარ ტოვებენ. მას რუსთავში, ქალიშვილის ოჯახში შევხვდი.

თინა ბუაჩიძე: "ჩემმა ქმარმა კლდიდან მიწა გამოიღო და სახლი წვალებით ავაშენეთ. 60 წელი გაძლო, ახლა კი მიწა ქვევით მოდის და სახლს აწვება. მე დიდხანს კი არ ვიქნები, მაგრამ მენანება ჩემი ქმრის ნაწვალები. ჭიშკარი უკვე ჩამოვარდა, ნალია დაინგრა. სახლში კარებს ვეღარ ვაღებ. გამგეობაში მეუბნებიან, გზას რომ გააკეთებენ, მერე გაგიკეთებენ საყრდენ კედელსო, ამასობაში კი სახლი ინგრევა. ჩემი ქმარი ცოცხალი აღარაა. ნაბრძოლი და ათასი გაჭირვების მნახველი კაცი იყო. რომ ნახოთ მისი ნაწერები, გული მოგიკვდებათ".

ქალბატონ თინას აკანკალებული ხელით გამოაქვს მეუღლის ჩანაწერები. ვფურცლავ ხელნაწერებს, ვკითხულობ ფრონტიდან გამოგზავნილ სამკუთხა ბარათებს და თვალწინ ომის ეპოქა ცოცხლდება.

ფრაგმენტები დღიურიდან ტყვედ ჩავარდნა

"სევასტოპოლში ხელჩართული ბრძოლებია. არის საშინელი კივილი, დაბომბვა, დაჭრილებს მანქანები სრესენ, ტანკების ჭურვებისაგან სახლები ინგრევა და ხალხს იყოლებს. ისეთი რამ ხდება, რისი აღწერაც შეუძლებელია. ამ დროს ქართველებს შევხვდი. მეოთხე დღეა ვლამობთ რკალიდან გაღწევას, მაგრამ ძნელია. უკანასკნელი გასასვლელი დარჩა. საღამოა, მზე ჩადის, სროლა გრძელდება. ამ დროს დაიჭრა სერჟანტი გიორგაძე. ხოხვით წავიყვანეთ მე და ფცქიალაძემ, მაგრამ სული დალია. მეორე დღეს აღმოვაჩინეთ, რომ რკალიდან გაგვიღწევია. ზღვის პირას გავდივართ. ეს უკანასკნელი წერტილია. ან უნდა გავწყდეთ, ან გემმა უნდა წაგვიყვანოს. რამდენიმე დღის შემდეგ მტრის თვითმფრინავებით ცა გადაიფარა, ერთბაშად დაგვიშვეს ბომბები. მარცხენა ხელში დავიჭერი. ფცქიალაძემ ცხვირსახოცით შემიხვია ხელი. მკლავი გამისივდა და ქამრით ჩამოვიკიდე კისერზე. იარაღის ხმარება აღარ შემიძლია. ზღვის პირას გამოქვაბულში შევედით. მე, ფცქიალაძე და 4 რუსი ვართ. 5 დღის მერე გერმანელებმა 2 ყუმბარა შემოაგდეს გამოქვაბულში.

ფცქიალაძე სასიკვდილოდ დაიჭრა. რამდენიმე სიტყვა თქვა და გარდაიცვალა. ერთ რუსს მკლავი მოსტყდა და თავი მოიკლა. დანარჩენები ერთად კუნჭულში მივიყუჟეთ. გარედან ყვირილი და ავტომატის სროლა გაისმა. ორი გერმანელი შემოვარდა და გარეთ გაგვიყვანეს. გაგვჩხრიკეს, ფეხზე "ბატინკები" გამხადეს. ჯერ თავში ჩამარტყეს "ბატინკი", მერე კონდახი მითავაზეს ბეჭებში. შეშინებული ვძაგძაგებდი. მერე სხვა ტყვეებთან ერთად შემოღობილ ვენახში შეგვიყვანეს. შიშისაგან, შიმშილისა და ავადმყოფობისაგან დაღლილს ვენახის ძირში ჩამეძინა. გათენდა. დავინახე, დილით ტყვეები ვენახის ფოთლებსა და ისრიმს ივლებდნენ პირში. მე კი სიცხე მაქვს და არაფერი მინდა.

ორი დღის შემდეგ ბაღჩისარაის "ლაგერში" მიგვიყვანეს. დღეში 150 გრამ პურს და ერთხელ ბალანდას გვაჭმევენ. ოცი დღის შემდეგ სიმფეროპოლის "ლაგერში" გადაგვიყვანეს. იქ 5000-მდე ტყვე ვიყავით. ტიფი გაჩნდა და ყოველ დილით "ტაჭკებით" გაჰქონდათ 100-200 გარდაცვლილი. ლამის მთელი ბანაკი განადგურდა.

ერთ დილას, როდესაც მკვდრები აკრიფეს,  პოლიციელებმა ნახეს, რომ გარდაცვლილებს ბარძაყზე ხორცი ჰქონდათ აჭრილი. დაგვაწყვეს "პლენები" და გამოგვიცხადეს, თქვით, ვინ ჩაიდინა ესო. არავინ აღიარა, ამიტომაც ყოველი 100 კაციდან 1 ტყვე გამოიყვანეს (სულ 45 კაცი) და დახვრიტეს, ამის შემდეგ ასეთი ფაქტი აღარ განმეორებულა.

ერთხელ "ლაგერის" უფროსი ძაღლთან ერთად შემოვიდა ბანაკში, გასვლისას ძაღლი აღარ გაჰყოლია. მერე ნახეს ძაღლის თავის ძვლები და დაადგინეს, რომ ტყვეებს შეეჭამათ. ამის გამო 35 კაცი დახვრიტეს".

ტყვეობიდან გაქცევა

"1943 წლის ზაფხულის ბოლოს მატარებელში შეგვყარეს და ჩრდილოეთ იტალიაში ამოვყავით თავი. ბანაკში ჯგუფებად გაგვანაწილეს და ზურგზე ნომრები დაგვაწერეს. მძიმე შრომა გვიწევდა...

დადგა 1944 წელი. მოვიდა ხმა, რომ იტალიაში ძლიერდება პარტიზანული მოძრაობა. იუგოსლავიელ ტყვე ფლორიასთან ერთად გაქცევა განვიზრახე.

ერთ დღეს, როცა ტყეში სამუშაოდ წავედით, ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა, თოვდა. ხეტყით დატვირთული მანქანებით ბანაკისკენ წამოვედით. უეცრად ჩვენი მანქანა თოვლში ჩაიჭედა და აბუქსავდა. ყველა მანქანამ გაგვისწრო. მე და იუგოსლავიელი ძირს ჩამოვიპარეთ და მივიმალეთ... დაღამებას 2 საათი აკლდა, როდესაც ერთ ეზოს მივადექით. გვავახშმეს, ღვინოც მოგვიტანეს. მერე ჩვენმა მასპინძელმა ღამე 3 კილომეტრი გვატარა და გვაჩვენა გზა, როგორ მივსულიყავით პარტიზანებამდე. დილით ვიქტორ ფორენტონის ოჯახს მივადექით. მითხრა, სუსტად ხარ, მოღონიერდი და მერე მიგიყვან პარტიზანებთანო. ერთ ღამეს ვიქტორი ვიღაცამ გააღვიძა. ვიფიქრე, ჩემს დასაჭერად მოვიდნენ-მეთქი და ფანჯრიდან გადასახტომად მოვემზადე, მაგრამ უცნობი მალევე წავიდა. ვიქტორმა მითხრა, პარტიზანებმა დამავალეს, რომ ყოველ შაბათს კარაქი დავახვედროო. ფლორიას ვუთხარი, დროა, პარტიზანებს შევუერთდეთ-მეთქი, მაგრამ ფლორიამ სამშობლოში დაბრუნება არჩია და წავიდა. პარტიზანი კარაქის წასაღებად რომ მოვიდა, ვუთხარი, რომ მინდოდა, მათ შევერთდებოდი".

იტალიელ პარტიზანებთან

"პარტიზანთა რაზმში 25 კაცი იყო. მათგან უმეტესობამ სროლა არ იცოდა, მე კი გამოცდილი მსროლელი ვიყავი. გავიგე, რომ იტალიაში იბრძოდა ქართველი პარტიზანი ნოე კუბლაშვილი, რომელიც მესამე დღეს მოვიდა და მითხრა, აქედან 40 კილომეტრში ქართველი ტყვეების ბანაკია და უნდა გამოვიყვანო სასიკვდილო ადგილიდანო. ავაფეთქეთ ის ბანაკი და ქართველები გავათავისუფლეთ. მალე პარტიზანების რიცხვი 600-მდე გაიზარდა. 70 ქართველი ვიყავით. დანარჩენები - რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები და იტალიელები. შეიქმნა გარიბალდის პარტიზანთა მეორე დივიზია, რომელიც ხშირად დახმარებია ფორე მოსულიშვილის პარტიზანთა რაზმს".

ფორე მოსულიშვილი

"1944 წელს ფორე ბატალიონის მეთაურსა და რაზმთან ერთად ქოხში ათევდა ღამეს. გუშაგმა გვიან შენიშნა მტერი. ქოხი ალყაში იყო. ბატალიონის მეთაური ედო დაიჭრა და მეთაურობა ფორემ იკისრა. პარტიზანებს ტყვია-წამალი გამოელიათ. გერმანელები ყველას სიცოცხლის შენარჩუნებას ჰპირდებოდნენ, თუკი მეთაური ჩაჰბარდებოდა. ფორემ გამოაღო კარი და გერმანელი ოფიცრის პირისპირ დადგა. "მე ვარ მეთაურიო", - თქვა და თავში დაიხალა ტყვია. გერმანელებმა პარტიზანები წამებით მოკლეს".

გრძელი გზა სამშობლოსაკენ

"1944 წელს 150 პარტიზანი გათავისუფლებულ საფრანგეთში გადავედით... 1945 წლის აგვისტოში კი სამშობლოსკენ დავიძარით. მატარებელი, რომელიც სტალინმა ჩვენს წასაყვანად გამოგზავნა, გადაწითლებული იყო ლოზუნგებითა და დროშებით".

რამაზ ბუაჩიძე, დავით ბუაჩიძის შვილი: "როგორც კი მატარებელი საბჭოთა კავშირის საზღვართან გაჩერდა, მამას ყველა ნივთი ჩამოართვეს და ყაზახეთში უკრეს თავი იმის გამო, რომ ტყვედ იყო ნამყოფი".

არქივში ვპოულობ ლავრენტი ბერიასთვის მიწერილ დავით ბუაჩიძის წერილს. წერილი მთავრდება თხოვნით: "1945 წლის ნოემბრიდან ყარაღანდაში ვარ და ვმუშაობ როგორც შავი მუშა. გთხოვთ, გამათავისუფლოთ და გამიშვათ სამუშაოდ ჩემს რაიონში (ხარაგაულის რაიონში), რადგან ვარ ფიზიკურად სუსტი, ასევე კარგად არ ვიცი რუსული ენა, რის გამოც მიძნელდება აქ მუშაობა". ეტყობა, ეს წერილი ბერიამდე მივიდა და 6 თვეში გაათავისუფლეს.

ეპილოგი

88 წლის თინა ბუაჩიძე დანანებით ამბობს, "ჩემმა ქმარმა ამდენი იწვალა და რა გახდა ერთი ყორის აშენება, რომ სახლი არ დაინგრეს".

მერე იმედიანი მზერით მაცილებს, თქვენთან რომ დაიწერება ჩემი ამბავი, იქნება 31 წლის თხოვნა გაიგონონ და სახლი გადამირჩეს დანგრევასო.