დამღიანთა ორდენის წევრები - კვირის პალიტრა

დამღიანთა ორდენის წევრები

მორის ფოცხიშვილის აივანი... მეგობრები მაგიდას უსხედან: ოტია პაჭკორია, მორის ფოცხიშვილი და თამაზ ჩხენკელი. იქვე დგას დიასახლისი - ქალბატონი როზეტა...

ჩვეულებრივი დღეა, სტუმრობაც ჩვეულებრივია - ამ ოჯახში არაერთი ასეთი მცირე თავყრილობა გამართულა.

რა მნიშვნელობა აქვს, რა დროა, რომელი წელი, ან თვე... მათთვის მხოლოდ ერთი დრო იყო აქტუალური: დრო გულზე IIWERIAIA-ს ამოსვირინგებისა.

ამ IIWERIAIA-ზე თავის დროზე თამაზ ჩხენკელმა დაწერა კიდეც.

ეს იყო 1948 წელს, როცა ოციოდე წლის რამდენიმე ბიჭი დააპატიმრეს. ერთ-ერთია ოტია პაჭკორია, ლაღი, მხრებგანიერი, თმადატალღული... IIWERIAIA-ს ამბავიც ცხაურს იქით მოხვედრილი ოტია პაჭკორიას სანახავად მისული ბიჭების თვალწინ დაიწყო.

"გამოჩნდა. მოდის ბეჭების რწევით. მხნედ არის, მაგრამ, თმა გასცვენია, ხშირი წაბლისფერი თმა, ტალღებად რომ ეყარა თავზე, აღარ აქვს! მაგრამ "ირიბად აჭრილ" დიდ თვალებში რაღაცნაირი ხისტი სიამაყე უდგას. ოცდაათი წლის შემდეგ დაწერს თავის მოთხრობაში: "მკერდით დაჰქონდა პატარა მიწის ნაშიერის გულის გამხეთქი, აუტანელი სიამაყე!" რკინის ცხაური აქუცმაცებს პაუზებით დამძიმებულ ლაპარაკს. უფრო ის ლაპარაკობს და მკლავზე მოუჩანს სვირინგი IIWERIAIA, ეს არის მისი დამღა, ჰერალდიკური ნიშანი, რომლითაც უნდა გამოარჩიონ სხვათაგან. ნებაყოფლობითი დამღა. იგი სიკვდილამდე ამგვარ "დამღიანთა ორდენის წევრი იყო (თამაზ ჩხენკელი "სვირინგი IIWERIAIA)".

ჰოდა, რაღა მნიშვნელობა ჰქონდა დღეს და საათს, როცა ერთმანეთს შეხვდებოდნენ. მათ ჰქონდათ საერთო - ოტია პაჭკორიასეული "გულის გამხეთქი, აუტანელი სიამაყე", რომელიც როგორც მუდმივი ძალის მიმცემი, მოდუნების უფლებას არ აძლევდათ... თუ იქნებოდა ჭიქა არაყი და ახალი ხილი... ესეც რომ არ ყოფილიყო, ეგეც არაფერი. როცა ჭაბუკობიდან თავად ჰქონდათ არჩეული დამღები, და ეს დამღები იშიფრებოდა მხოლოდ და მხოლოდ "ივერიად", ყველაფერი ამასთან დაშორებული კარგავდა მნიშვნელობას.

ოტია პაჭკორიას სიტყვებია: "ადამიანი არის აუცილებლობისა და თავისუფლების სინთეზი". ივერია - აუცილებლობა იყო, რომლის გარეშეც თავისუფლებაც კარგავდა აზრს. ისინი კი თავისუფლები იყვნენ (სხვათა შორის, პაჭკორიას 25-წლიანმა განაჩენმა და შემდეგ გადასახლებამაც ვერაფერი შეცვალა ამ მხრივ).

თამაზ ჩხენკელი: "ჩემს ცხოვრებისეულ პრინციპს განასახიერებს დევიზი, რომელიც "შევარდნელთა" მისალმებას წარმოადგენდა: "ვგუშაგობ ერს" - "მარად!" (ბიძაჩემი, ცნობილი ექიმი, მთამსვლელი და მწიგნობარი სოსო ასლანიშვილი ჟურნალ "შევარდენის" რედაქტორი იყო). რაც შეეხება კრედოს, ის გამოხატულია ინდოელი, რუსი, ევროპელი და ამერიკელი მოაზროვნეების (ანთროპოლოგების, ფიზიკოსების, თეოლოგების, მწერლების) იმ წერილებში, რომლებსაც მე ვთარგმნიდი და ვაქვეყნებდი ჩვენს ლიტერატურულ და მეცნიერულ პერიოდიკაში 45 წლის მანძილზე და რომლის ერთ წიგნად გამოცემა დღემდე ვერ მოხერხდა. ეს წერილები XX საუკუნის მსოფლიოს საჭირბოროტო საკითხებს ეხება".

ერის საგუშაგოზე დგომა არც ერთი წამით არ შეუწყვეტიათ, არც ერთი სიტყვით არ განდგომილან ამ "აუცილებლობისაგან".

1989 წლის აპრილში მორის ფოცხიშვილმა ლექსი დაწერა, რომელიც 9 აპრილის ღამეს ეძღვნებოდა და ასე მთავრდებოდა:

"ალბათ ღამე უნდა გავათენოთ,

მჯერა, კვლავ ცხელ

სანთლებს აღვანთებთ, -

ისე არ მოკვდება საქართველო,

დედა არ უტიროს ჯალათებს!"

იმ დღესაც, იმ აივანზე, 1989 წლის დადგომამდე ჯერაც რომ შორს იყო, ამაზე ფიქრობდნენ: "საქართველო ისე არ მომკვდარიყო"...

ჩვეულებრივი დღე იყო... მეგობრები საუბრობდნენ, ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და იმასაც უმხელდნენ, რასაც საჯაროდ ჯერ კიდევ ვერ იტყოდნენ. ხომ არაფერი ჰქონდა ამ შეხვედრას საერთო რაიმე საიდუმლო რიტუალთან და მაინც... ვუყურებ ფოტოს და მგონია: ეს-ესაა, საიდუმლო რიტუალი ჩაატარეს - "დამღიანთა" ორდენის საიდუმლო რიტუალი - "ისე არ მოკვდება საქართველო!!!"