"ქართვლის დედა" გაორდა - კვირის პალიტრა

"ქართვლის დედა" გაორდა

ყველასათვის საყვარელ მომღერალს, ანსამბლ "ქართული ხმების" წევრ დავით გოგიაშვილს ახლობლები და მთელი თბილისი "თავგასას" სახელით იცნობდნენ.

ერთხელ რიყეზე ქეიფობდა მეგობრებთან. დასალევი დალიეს, სათქმელი თქვეს, ერთ ადგილას ჯდომაც მოყირჭდათ და  გარეთ გამოვიდნენ, რომ ქეიფი უფრო ეგზოტიკურ ადგილას, მაგალითად, სადმე კიკეთისკენ გაეგრძელებინათ.

უცებ შეშფოთებულმა  თავგასამ - ვერ ვარ კარგადო და შინისკენ გასწია. მეგობრებმა დარჩენა სთხოვეს, მაგრამ ამაოდ - მანქანა გააჩერა და წავიდა. შინ მისულმა, ოჯახში "საგანგებო მდგომარეობა" გამოაცხადა და დაწვა. წევს ასე, არ ეძინება, თან გრძნობს, არც ისე ცუდადაა. ამ დროს მეორე ოთახიდან ტელევიზორის ხმა ესმის, გადმოსცემენ, რომ თბილისში მოძველებული და დაზიანებული "ქართვლის დედის" ქანდაკება ახლით შეცვალეს. ამის გაგონებაზე წამოხტა და ტელევიზორთან მიიჭრა. აჩვენებდნენ, როგორ მოხსნეს ძველი ქანდაკება და დაამონტაჟეს ახალი.

შემოიკრა თავში ხელი! ვიღას ახსოვდა ცუდად ყოფნა - კიკეთისაკენ გაეშურა და გაკვირვებულ მეგობრებს დაადგა თავზე.

საქმე ის იყო, რომ რიყეზე, რესტორნიდან გამოსულს, ბოტანიკური ბაღისკენ გაუხედავს და ორი "ქართვლის დედა" დაუნახავს (თურმე სწორედ ამ დროს მოიტანეს "ქართლის დედის" ახალი ძეგლი, ძველი კი ჯერ არ იყო მოხსნილი).…უფიქრია, ამდენი ღვინის სმისგან  მოჩვენებები დამეწყოო, ბიჭებისთვისაც ვერ გაუმხელია, დამცინებენო, ამიტომაც გაიქცა შინ შეშინებული. მერე რაც მოხდებოდა, ადვილი წარმოსადგენია.

ლადო გოგუაძე