"კახი კავსაძე რეჟისორებს ხშირად მოიხსენიებდა მტარვალებად... ერთხელ, ვეღარ მოითმინა და გამწარებულმა გამოსძახა: "მოდით და ჩაუწექით, თქვენი!.." - კვირის პალიტრა

"კახი კავსაძე რეჟისორებს ხშირად მოიხსენიებდა მტარვალებად... ერთხელ, ვეღარ მოითმინა და გამწარებულმა გამოსძახა: "მოდით და ჩაუწექით, თქვენი!.."

გთავაზობთ სტატიას "კვირის პალიტრის" არქივიდან:

კახი კავსაძე რეჟისორებს ხშირად მოიხსენიებს მტარვალებად, რომლებიც მზად არიან, სცენაზე ანდა კინოფილმში სასურველი შედეგის მისაღწევად მსახიობი ტანჯონ და აწამონ.

კახი კავსაძე რეზო ჩხეიძის გადაღებულ "დონ კიხოტში" არაჩვეულებრივია. არაჩვეულებრივი იყო ამ როლზე მისი დამტკიცების პროცესიც. სინჯები ბევრმა მსახიობმა გაიარა, მაგრამ ბატონმა კახიმ საცდელად გადაღებული სინჯების პირველივე კადრით აჯობა ყველას. ფილმის გადამღები ჯგუფი გადაღებულ მასალას ეცნობოდა, ზოგი მოსწონდათ, ზოგსაც იწუნებდნენ. უჭირდათ არჩევანის გაკეთება. გაუშვეს კახი კავსაძის მონაწილეობით გადაღებული მონაკვეთი. ეკრანზე დონ კიხოტის სილუეტი გამოჩნდა, ჯერ ხმაც არ ამოეღო, მაგრამ ყველა გაოცებული მიაჩერდა - უკვე ნათელი იყო, ვინ ითამაშებდა ამ როლს.

როლისათვის ბატონი კახი  განსაკუთრებულად მოემზადა და გარეგნულადაც დაემსგავსა თავის გმირს - რამდენიმე თვეში 20 კილოზე მეტი დაიკლო.

ახლა რაც შეეხება მტარვალებს. ესპანეთში იღებდნენ ეპიზოდს, რომელშიც დონ კიხოტს ღორების კოლტი გადათელავს. სცენა რომ მაქსიმალურად ეფექტური გამოსულიყო, განსაკუთრებული ჯიშის, უზარმაზარი ღორები მიიყვანეს გადასაღებ მოედანზე. კახი კავსაძეც, როგორც უხერხდება, ათელვინებს მათ თავს. რეჟისორი მაინც უკმაყოფილოა, მეტი დამაჯერებლობა სურს და გამუდმებით ჩაჰყვირის მეგაფონში: "კახი, ჩაუწექი! ჩაუწექი!" მსახიობმა ამდენი ვეღარ მოითმინა, როგორღაც თავი  დააღწია გადარეულ ცხოველებს  და გამწარებულმა გამოსძახა: "მოდით და ჩაუწექით, თქვენი!.."

ლადო გოგუაძე