"რა ფასად უნდა გაიყიდოს "როდინა"? - კვირის პალიტრა

"რა ფასად უნდა გაიყიდოს "როდინა"?

მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ საბჭოთა კავშირის ქალაქებში ნაალაფარი და მოკავშირეთა ნაჩუქარი ტექნიკა გამოჩნდა. მათ შორის იყო ავტომობილები, რომელთა ხარისხი სამამულო წარმოების მანქანებისას აშკარად სჯობდა. საბჭოთა ინჟინრებს დაავალეს, სასწრაფოდ შეექმნათ მსუბუქი ავტომობილის ისეთი დონის მოდელი, როგორიც მსოფლიო ომში გამარჯვებულ ქვეყანას ეკადრებოდა. დავალება პირნათლად შესრულდა - 1946 წლის 28 ივნისს გორკის საავტომობილო ქარხნის კონვეიერიდან ახალი მოდელის მანქანა ჩამოვიდა, რომელსაც "როდინა" შეარქვეს. მანქანის დიზაინი ცნობილ მხატვარს, ვენიამინ სამოილოვს ეკუთვნოდა და მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ძლიერ წააგავდა ერთ თავის ამერიკულ "მოძმეს," მაინც არ გამოვიდა ურიგო. ავტორებმა იგი სასწრაფოდ წარუდგინეს იოსებ სტალინს. მან დაათვალიერა მანქანა, მოიწონა კიდეც, ბოლოს მზერა იმ ადგილზე შეაჩერა, სადაც მონიკელებული ასოებით სახელწოდება იყო გამოყვანილი და იკითხა: "ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რას აპირებთ, რა ფასად უნდა გაიყიდოს "როდინა"? ყველას სისხლი გაეყინა - მიხვდნენ უმაღლესი მთავარსარდლის შეკითხვის ფარულ აზრს. სახელწოდება სასწრაფოდ შეცვალეს. ასე  მოევლინა ქვეყანას "პობედა" ("გამარჯვება").

ლადო გოგუაძე